კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრემიერ-მინისტრი: მერაბიშვილის ბრალდებები „არასერიოზულია“

18 დეკემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „არასერიოზული“ უწოდა ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებებს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მის წინააღმდეგ მუქარის თაობაზე, რაც ღარიბაშვილის აზრით, შესაძლოა მიზნად ისახავდეს ხელისუფლების დისკრედიტაციას ან „მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟებას ვანო მერაბიშვილის მხრიდან“.

ვანო მერაბიშვილმა, რომელიც წინასწარი პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა ქუთაისში სამშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ  მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრების მოპოვების საქმეში დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მისი მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა. მერაბიშვილის თქმით, მისი და ფარცხალაძის საუბარი შედგა სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, სადაც მისი თქმით, ის შაბათს ღამის დაახლოებით 1:30-ზე მიიყვანეს ციხიდან ისე, რომ "თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი". ეს ბრალდებები მთავარმა პროკურატურამ უარყო, როგორც „აბსურდული“.

მას შემდეგ, რაც ბაქოში ვიზიტად მყოფ ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა მერაბიშვილის ბრალდებებზე კომენტარი სთხოვეს, მან განაცხადა: „ცოტა არ იყოს ალბათ არასერიოზულია ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ. გატაცებები, თავზე ჩამოცმები ეს არ უკავშირდება ჩვენს პერიოდს. ჩვენ მსგავსი მეთოდებით არ ვმუშაობთ. ჩვენ თუ რაიმე გვაინტერესებს, არსებობს მთელი რიგი პროცედურები  და გამომძიებლები შევლენ და დაკითხავენ. ამის საჭიროება არ არსებობს, უბრალოდ“.

„ჩემზე უკეთესი რესპოდენტი შეგიძლიათ მოიკითხოთ იგივე ფსიქოლოგების სახით ან ფსიქოანალიტიკოსები გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით უფრო სერიოზულ და კომპეტენტურ კომენტარს, ან ფსიქიატრებიც შეიძლება“, - მიმართა მან ჟურნალისტებს.

ღარიბაშვილმა ამ ბრალდებების რამოდენიმე შესაძლო მიზეზი ივარაუდა.  
„შეიძლება ეს იყოს გარკვეული პროვოკაცია დაგეგმილი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა მან, „ეს შეიძლება იყოს მცდელობა იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია ახალი პროკურორის; იცით ალბათ, რომ ეს გამოწვეული შეიძლება იყოს გადაჭარბებული შიშისგან“.

„ამ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე ვერსია, თუ რატომ გააკეთა მან [მერაბიშვილმა] ეს განცხადება: ერთი ის, რომ ალბათ მოჭარბებული შიში აქვს ან მე მოვისმინე განცხადებები, რომ დააკავეს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც იყო ძველი თბილისის გამგეობის თანამშრომელი, რომელიც ამავდროულად წარსულში იყო ჟვანიას მძღოლი და პირადი დაცვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე. ეს უკანასკნელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი იყო, როცა ის 2005 წლის თებერვალში გარდაცვლილი იპოვეს. 2006 წლის მაისში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნინო ჟვანია აცხადებდა, რომ ახალგარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას კობა ხარშილაძემ ჯიბიდან გასაღებები ამოაცალა, წავიდა კანცელარიაში და პრემიერ–მინისტრის სეიფი გახსნა, "სადაც ვეღარ ვიპოვეთ 2004 წლით დათარიღებული დოკუმენტები“. მართალია ხარშილაძის დაკავება სულ სხვა საქმეს უკავშირდება, რომლის გამოძიებაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ ეს ფაქტი ზოგიერთებმა მაინც ჟვანიას საქმის გამოძიებას დაუკავშირეს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განახლდა. 

„ან მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ის [მერაბიშვილი] ცდილობს დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ ძალიან უცნაურად დაემთხვა ის დაკავება [ხარშილაძის], თუმცა ის სხვა საქმეზეა, მე მგონი, დაკავებული, ალბათ მაინც მოეძალა ეს შიში და ალბათ, ჩემი შეფასება არის ის, რომ ალბათ უფრო მიზანმიმართული იყო ერთი ის, რომ მოხდეს გარკვეული პროვოკაცია, მოხდეს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი ხელისუფლების და მეორე, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟება ვანო მერაბიშვილის მხრიდან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა თავის კომენტარში. 

„ძალიან საყურადღებო აქცენტები გააკეთა [მერაბიშვილმა]. გააკეთა აქცენტი ჟვანიას, სავარაუდო, ძალიან ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მან გააკეთა ასევე მეორე აქცენტი, მნიშვნელოვანი აქცენტი მიხეილ სააკაშვილის ფინანსურ რესურსებთან თუ კაპიტალთან დაკავშირებით. ასე რომ, დაველოდოთ ისინი ერთმანეთში კარგად გაარკვევენ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ახალი ამბები