კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება საზღვრისპირა სოფელში

27 იანვარი, 2014
 
ნინო დევიძე, შიდა ქართლი

რამდენიმე თვის წინ , ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტები დაამონტაჟეს და მავთულხლარეთები გაავლეს. 

სოფელ ღოღეთში 77 ოჯახი ცხოვრობს. საზღვრის გავლების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი მიწის ნაკვეთის გარეშე დარჩა, რადგან, ნაკვეთი მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა,  ნაწილი კი მიწის დამუშავებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ სახელმწიფოსგან ფერმერთათვის გამოყოფილი ვაუჩერი ვერ მიიღო. ვაუჩერი მხოლოდ მათ ეკუთვნის ვისაც 1.25 ჰექტარზე პატარა მიწა აქვს. 77 ოჯახიდან სიაში მხოლოდ 30 მოხვდა. 

„ჩემი მიწის ნახევარი მავთულხლართებს იქითაა. თან საზღვართან მიახლოების უფლება მხოლოდ 50 მეტრზე გვაქვს და მეტი არც არის ჩემი ნაკვეთი. ყველაფრის მოგვარებას გვპირდებიან, მაგრამ ნაკვეთებზე ხმას არავინ იღებს. არც იმას გვეუბნებიან, სანაცვლოდ რამეს გადაგვიხდიან თუ არა“, – აცხადებს სოფლის მცხოვრები კაკო შათირიშვილი.

სოფელში ახალგაზრდების ნაკლებობაც შიმჩნევა, ნონა ხარგუანის თქმით კი, მალე ღოღეთს სულ მთლიანად დაცლა ემუქრება: „დასაქმების კუთხით სოფელში არაფერი არ ხდება და ახალგაზრდებიც იძულებულნი არიან დატოვონ აქაურობა. მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარება და პენსიაა“.
თუმცა სოციალურ დახმარებაზე უარი უთხრეს 97 წლის უხუცეს ქალბატონ ოლღა ნიორაძეს: „სოციალური დახმარება მოვითხოვე და საქონელი და ფუტკრები გყავსო და დახმარება არ მომცეს“. 

მატერიალური პრობლემების გარდა, ღოღეთის მცხოვრებლებს სამედიცინო პუნქტის არარსებობაც აწუხებთ. უახლოესი სამედიცინო დახმარების მიღება 14 კილომეტრის გავლის შემდეგ ქარელშია შესაძლებალი. 

სოფლის მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა სასმელი წყლის უქონლობაა: „წყალი დასალევად უვარგისია,   მოხუცები წყაროდან წყლის მოსატანად კილომეტრზე ვერ დავდივართ  და ამ წყალს ვსვამთ“, - აცხადებს ღოღეთის მცხოვრები თამარ ნოზაძე.
სოფლის რწმუნებულს თამაზ ბერუაშვილს კი,  სასმელი წყლის ვარგისიანობაში ეჭვი არა ეპარება: „სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება უზრუნველყო სახელმწიფომ და წყალი დასალევად გამოიყენება, უბრალოდ მოსახლეობა მიჩვეულია წყაროს წყალს და ურჩევნია ის გამოიყენოს დასალევად“. 

საზღვრისპირა სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები ირმა კოჩიევი ღოღეთის მთავარ პრობლემად სკოლისა და საბავშვო ბაღის არარსებობას ასახელებს: „მე ყველაზე მეტად, რაც მაწუხებს ბაღისა და სკოლის არარსებობაა. ჩემი შვილი ერთადერთი პირველკლასელია სოფელში და იმის გამო, რომ უსწავლელი არ დამრჩეს, ყოველდღე 6 კილომეტრს  გავდივართ ფეხით. თან ჩემი შვილი შეზღუდული შესაძლებლობისაა. ბავშვებმა უკვე დაამთავრეს ანბანი ჩვენ კიდე „ე“ ასომდე ძლივს მივედით. წესით მას სხვა პროგრამით სწავლა ეკუთვნის, მაგრამ აბა აქ ვის რა მოვთხოვო“.

ღოღეთის მცხოვრებლები პოლიციის იმედად არიან დარჩენილნი: „პოლიცია გვპატრონობს თორემ ეს სოფელი დიდი ხნის წინ დაიცლებოდა. საყოფაცხოვრებო ნივთების მოსატანად მეორე სოფელში გვიწევს სიარული, ტრნსპორტი აქ არ დადის და დავყავართ ამ ბიჭებს, ან ფულს ვატანთ, როცა შემოვლაზე მიდიან და მოაქვთ, რასაც ვაბარებთ. პოლიციელები, რომ არ გვყავდნენ არვიცი რა გვეშველებოდა“, - აცხადებს ირმა კოჩიევი. 

სოფლის რწმუნებული თამაზ ბერუშვილი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას წლის ბოლომდე პირდება: „სოფლის გაზიფიცირებაც უკვე დაწყებულია მემგონი მაისამდე ყველა ოჯახს ექნება უფასოდ გაზი. გზის პრობლემაც, როგორც ხელისუფლება დაგვპირდა,  ამ წელს მოგვარდება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ბარათებს, ჩვენ ვაუჩერს იმაზე გავცემთ, ვისაც პატარა მიწა აქვს, მაგრამ ალბათ სახელმწიფო მათაც დაეხმარება, ვისაც 2 და 5 ჰექტარი აქვს“.

ახალი ამბები