ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
19 მარტს კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ფარგლებში, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, მშვიდობიანი აქცია გორშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
კამპანიის ორგანიზატორები ხელმოწერებს საქართველოს რეგიონებიდან პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატებს გადასცემენ და საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას და მასობრივი მოსმენების რეგულაციას ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის თავმჯდომარის, ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მომავალ კვირას კი ხელმოწერებს პარლამენტში გორის მაჟორიტარ დეპუტატს, სოსო ვახტანგაშვილს გადასცემენ.
ქეთი ბებიაშვილი, საიას გორის ოფისის თავმჯდომარე: „საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში ტარდება აქცია კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ფარგლებში. ჩვენი ძირითადი მიზანია მოსმენებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება, თუ რა საფრთხეები არსებობს. ჩვენ მივმართავთ ყველა ქალაქში მაჟორიტარ დეპუტატებს და ვითხოვთ, რომ მათ მხარი დაუჭირონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რითაც მოხდება ფარული მოსამენების საკანონმდებლო რეგულირება, იმისთვის რომ ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული“.
არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას თუ გაითვალიწინებს პარლამენტი და შესწორებას შეიტანს კანონმდებლობაში, ამით მოხდება ფარული მოსმენებისა და მიყურადების საკანონმდებლო რეგულირება და მოქალაქეების პირადი ცხოვრება დაცული იქნება.
გვანცა გრძელიშვილი, აქციის მონაწილე: „ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რათა აღარ გვისმენდნენ. მოსახლეობაც მხარს გვიჭერს, დაინტერესებულია ამ საკითხით და ინიციატივაზე მოგვიწერეს ხელი“.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს საიას, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენლებმა, ასევე მედიამ და სხვა მოქალაქეებმა.
„ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ კამპანიის ფარგლებში მსგავსი აქციები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.