კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი შს მინისტრს მიმართავს

8 ივლისი, 2014
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და ითხოვს, სამინისტრომ უზრუნველყოს კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად მივლინებული თანამშრომლების უსაფრთხოება წინასაარჩევნოდ, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ თეა წულუკიანს

საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს

2014 წლის 4 ივლისს, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს ბექა ბაიდაურს წინასაარჩევნო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლში, საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის (www.ick.ge) ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მივიდა შეხვედრაზე, რომ ეწარმოებინა ვიდეო გადაღება მისი გაშუქების მიზნით.

გამგებლობის კანდიდატმა ბექა ბაიდაურმა ჟურნალისტის გამოჩენისთანავე მიმართა გამგებლის მოადგილეს მათე ქავთარაშვილს და მოუწოდა, რომ არ ელაპარაკა.

„შენთან ერთად არ ვილაპარაკებ. დიდი ბოდიში ხალხო. ეს ადამიანი როცა დაგვტოვებს, მერე დავილაპარაკებთ ჩვენ. მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში შენ პროვოკაციის მეტი არაფერი გაგიკეთებია. ტყუილებს წერ“, – მიმართა ბაიდაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს და შეხვედრა ჩაშალა.

გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ მათ შორის იყო მოღალატე, რომელმაც შეხვედრის შესახებ ჟურნალისტს შეატყობინა და იქ მიიწვია, მოღალატე კი აუცილებლად დაისჯებოდა.

იმის ნაცვლად, რომ სახელისუფლებო პარტიიდან საარჩევნო სუბიექტს ყველა ზომა მიეღო, რომ ჟურნალისტს არ შეშლოდა ხელი წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში, ბექა ბაიდაურმა თავისი აგრესიული განწყობით წააქეზა თანმხლები პირები ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეეშალათ.

გამგებლობის კანდიდატს ბექა ბაიდაურს თან ახლდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის სოფელ ომალოს რწმუნებული რუსლან ალხანაშვილი და მისი ძმა ბესლან ალხანაშვილი.

შეხვედრის ჩაშლამდე აღნიშნულმა აქტივისტებმა ჟურნალისტს მოსთხოვეს ვიდეოგადაღების შეწყვეტა, რის შემდეგაც რუსლან ალხანაშვილმა ჟურნალისტს ზურგიდან ხელი გადაუგრიხა და კამერის წართმევა სცადა.

ვითარების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით (ცნობილი გახდა, რომ აპირებდნენ ვიდეოკამერის წართმევას) ჟურნალისტმა 112–ზე დარეკა და პოლიციის დახმარება ითხოვა. სამწუხაროდ, შეტყობინების განხორციელებიდან მომდევნო 15 წუთის განმავლობაში სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე არ მივიდნენ იმის მიუხედავად, რომ დუისის კულტურის სახლიდან პოლიციის ქვეგანყოფილებამდე მაქსიმუმ 3 წუთის სავალია.

გამგებლობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრა კულტურის სახლის ეზოში გააგრძელა, თუმცა ჟურნალისტმა პროცესის გადაღება ვეღარ შეძლო. უსაფრთხოების მიზნით მან ტერიტორია დატოვა.

ინციდენტის მეორე დღეს, 2014 წლის 5 ივლისს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს პანკისის ხეობიდან აცნობეს, რომ 12 ივლისს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ან მანამდე, წინასაარჩევნო პერიოდში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები პანკისის ხეობაში არ ავიდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს გადასცეს რუსლან და ბესლან ალხანაშვილების და მათი თანმხლები პირების მუქარა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტები ხეობიდან დასახიჩრებულები წავლენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის დაზუსტებით არის ცნობილი, რომ რუსლან და ბესლან ალხანაშვილები და კიდევ რამდენიმე „ვაჰაბიტი“ „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მითითებებით მოქმედებენ. ზურაბ ზვიადაური მკვეთრად ნეგატიურად არის განწყობილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიმართ, მის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების გამო.

ვითვალისწინებთ რა, რომ დეპუტატ ზვიადაურის ახლობლები 2014 წლის ივნისში თავს დაესხნენ და სხეულის დაზიანებები მიაყენეს (დანით სახე დაუსერეს) 27 წლის გიორგი ქისტაურს, რაზედაც გამოძიებაც კი არ დაიწყო;

აგრეთვე, 04 ივლისს, პანკისის ხეობაში ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებს;

ამასთან, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის მიუხედავად, არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ აქტივისტების უკანონო მოთხოვნების შესრულებას პანკისის ხეობაში თავისუფლად გადაადგილების და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მოვითხოვთ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად მივლინებული თანამშრომლების უსაფრთხოება წინასაარჩევნოდ, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში.
  • რეაგირება მოახდინოს 2014 წლის 4 ივლისს ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე, რის გამოც ჟურნალისტს არ მიეცა წინასაარჩევნო კამპანიის სათანადოდ გაშუქების საშუალება და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.  
  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება, რომ საარჩევნო სუბიექტებმა, მითუფრო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონით თმენის ვალდებულება აკისრიათ, არ წააქეზონ და არ უბიძგონ თავისი მხარდამჭერებს, ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
  • სახალხო დამცველმა შეისწავლოს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.  
 

ახალი ამბები