ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
10 სექტემბერს გორში იუსტიციის სახლთან სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთს გარძელდა. პოლიციელებს დაკავების მომენტში მოქალაქე წინააღმდეგობას უწევდა.
humanrights.ge-მ დაკავებული მძღოლის ვინაობა გაარკვია. პოლიციის მიერ დაკავებულია გიორგი ზარხოზაშვილი, რომლის უფლებებსაც ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს. როგორც ნოზაძემ humanrights.ge-სთან საუბრისას განმარტა, პოლიციის მხრიდან გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა, რა დროსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო სხეულის დაზიანება. ასევე, ინციდენტის დროს დაშავდა დაკავებულის დედაც.
რაც შეეხება გიორგი ზარხოზაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას, იგი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. ადვოკატის განცხადებით, ზარხოზაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს.
მამუკა ნოზაძე ადვოკატი: „დაკავების დროს დაირღვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები. ჩვენ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დავწერეთ საჩივარი, რომელიც პოლიციამ არ ჩაიბარა. სასამართლოს წინაშე დავაყენებთ გირაოს შეფარდების შუამდგომლობას. იმ ბრალდებას, რასაც სავარაუდოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენებენ - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ზარხოზაშვილი არ იზიარებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი humanrights.ge-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 353-ე მუხლით, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შსს-ს პრესცენტრის წარმომადგენელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავვს, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებს ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება პოლიციას ჰქონდა, რადგან მოქალაქე სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და წინააღმდეგობა გაუწია.
„ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზო შემთხვევაში მონაწილე ერთი-ერთი ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ჯერ შეკრებილ ხალხს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, ამის შემდეგ უკვე პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ ფიზიკური შეურაცხოფის მცდელობაში გადაიზარდა. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს ჰქონდათ კანონიერი უფლება, ელეტროშოკის გამოყენებისა, ეს სპეციალური იარაღი არ გამოუყენებიათ. აღნიშნული პირის მიმართ გამოძიების დაწყებისთანავე საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა და ამ დროისთვის ძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით, რაც პოლიციის კანონიერ მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წიანააღმდეგობის გაწევას გულისხმობს“, - განაცხადა შსს-ს პრესცენტრის წარმომადგენელმა.