კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა თეიმურაზ გვარაძის დაკითხვა კიდევ ერთხელ მოითხოვა

6 თებერვალი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

მსჯავრდებული თეიმურაზ გვარაძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან საუბრისას, აცხადებს, რომ ფლობს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ინფორმაციებს ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტსა და 2012 წელს განხორციელებული ე.წ. „ლაფანყურის“ სპეცოპერაციის თაობაზე. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 

თეიმურაზ გვარაძის ინფორმაციით, იგი არის ყოფილი სნაიპერი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი. გვარაძე, ამჟამად, პატიმრობაში იმყოფება. 

თეიმურაზ გვარაძე 2012 წლის 15 ნოემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისი თქმით, გათავისუფლების შემდეგ იგი განიცდიდა მუდმივ ზეწოლას, ვინაიდან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 2013 წლის მაისში კი თეიმურაზ გვარაძე ხელმეორედ დააკავეს. როგორც თავად აცხადებს, მისი წამებით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ აღიარება დანაშულისა, რომელიც არ ჩაუდენია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ თეიმურაზ გვარაძე ადვოკატის თანდასწრებით დაკითხოს. ამას უფლებადამცველები უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. 

„მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა კვლავ გახდა აქტუალური, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო განხილვაზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაქვეყნა სწორედ მსჯავრდებულ თეიმურაზ გვარაძის წერილი, სადაც იგი წერს, რომ აქვს ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენიმე კვირის წინ თეიმურაზ გვარაძეს ტელეფონით ესაუბრა. თუმცა სატელეფონო კავშირი მას შემდეგ შეწყდა, როდესაც გვარაძე ახალი მთავრობის იმ მინისტრებზე გვესაუბრებოდა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თვითმხილველები იყვნენ.

„ეს ინცინდენტი კახეთში მოხდა. ვინც ამ ფაქტს ესწრებოდა, იქიდან ორი ადამიანი დღეს მოქმედი მინისტრია“, - ამბობს თეიმურაზ გვარაძე. მან, ჩვენთან საუბრისას, ამ ორი მინისტრის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს იგეგმებოდა თეიმურაზ გვარაძის ლიკვიდაცია. ეს ინფორმაცია მას თავად მსჯავრდებულმა მიაწოდა. 

თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ 2012 წლის ზაფხულში, პატიმრობის პერიოდში, მასთან მივიდა სამი პირი, რომლებმაც მას სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს, კერძოდ - ორმხრივი ცეცხლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი, სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში დააბრუნეს. 

„ადგილზე სულ ცხრა კაცი დამხვდა. ეს ადამიანები მშვიდობიანი ჯარიკაცები, ჩემი ჯარისკაცები იყვნენ, დღეს ამაზე არავინ საუბრობს, ხმას არავინ იღებს. ამბობენ, რომ ვითომ ისინი ტერორისტები იყვნენ, რომ მათ მძევლები ჰყავდათი. უბრალოდ, ამ ბიჭებს დაავალა ყოფილმა ხელისუფლებამ, და პირადად სააკაშვილმა, რომ იარაღი უნდა გადაეცათ დაღესტნის რამდენიმე მოქალაქისთვის. არანაირი მძევალი მათ არ ჰყოლიათ, დაღესტნიდან სამი ახალგაზრდა ბიჭი მიუყვანეს, რომ ლაფანყურის გზა ეჩვენებინათ. ჩემი თვალით ვუყურე, საძილე ტომრებში როგორ ჩახოცეს ოთხი ჯარისკაცი, რამდენიმე კი გაიქცა, მათ თავს უშველეს“, - აცხადებს თეიმურაზ გვარაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ნესტან ლონდარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ადვოკატის თანდასწრებით დაკითხოს თეიმურაზ გვარაძე და გადაამოწმოს ის ფაქტები რაზეც იგი მიუთითებს. იურისტის განცხადებით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსჯავრდებულის, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის, დაცვის ღონისძიებები.

ახალი ამბები