კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელების მიერ ნაცემ ლადი ელიკაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს

28 ნოემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრები 19 წლის ლადი ელიკაშვილი გურჯაანის შს რაიონული სამმართველოს უფროსს, გიორგი კრაწაშვილს და მის მოადგილეებს: გიორგი დარეჯანაშვილს,შოთა მოსულიშვილსა და გოჩა აფციაურს ცემაში ადანაშაულებს. 

„პოლიციის შენობის ეზოში ვიყავით მე, მამაჩემი და ჩემი მეგობრები, რადგან ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა ცოლი მოიყვანა და ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიციაში მოხვდა. პოლიციის შენობაში მყოფმა მეგობარმა დამირეკა, ფანჯარასთან მოიწიეო, მეც მალევე უკან დავბრუნდი. ამის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, უფროსი გეძახისო. მამაჩემს უთხრეს, დავკითხავთ და მალე გამოვუშვებთო. პოლიციის შენობის მეორე სართულზე ავედით. როგორც უფროსის კაბინეტში შემიყვანეს, პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა მაშინვე მუშტით და წიხლებით ცემა დამიწყეს, უმეტესად კი თავში მირტყამდნენ“,- აღნიშნა ლადი ელიკაშვილმა.

ელიკაშვილის თქმით, პოლიციის უფროსს მისი დის ქმართან, გურამ ნაცვლიშვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც გურჯაანის სამმართველოში მუშაობდა.

„ჩემს სიძეს უფროსთან კონფლიქტი მოუვიდა და სიღნაღის პოლიციაში გადავიდა სამუშაოდ, სთხოვდნენ დაბრუნდიო, მაგრამ უარი განაცხადა. ამიტომ მცემეს, რათა ჯავრი ეყარათ მასზე. როდესაც პოლიციელები მცემდნენ ერთ-ერთი პოლიციელი, რეზო ქადაგიშვილი შემოვიდა პოლიციის უფროსის ოთახში და მოძალადეებს უთხრა, რატომ ისე არ სცემთ რომ მისი სისხლი და კივილი სიღნაღამდე აღწევდესო. პოლიციის უფროსი ჩემი ცემისას ელიკაშვილების გვარს აგინებდა, სანამ ელიკაშვილები იქნებით, ჩვენი მოსვენება არ იქნებაო“, - განაცხადა ლადი ელიკაშვილმა humanrights.ge -სთან საუბრისას.

როგორც ლადი ელიკაშვილი ამბობს, 29 ოქტომბერს, მას გურჯაანის პოლიციის უფროსის სამუშაო ოთახში დაუნდობლად ცემეს და კბილები ჩაუმსხვრიეს. ცემისას ტუჩი გაუსკდა და რადგან დასისხლიანდა, პირი დააბანინეს, რომ ოჯახის წევრებს არ დაენახათ.

ელიკაშვილის განცხადებით,  პოლიციის უფროსმა გააფრთხილა,  ეთქვა, რომ კიბეზე წაიქცა და მაშინ დაშავდა. დაზარალებულის თქმით, ემუქრებოდნენ, რამდენჯერაც ქუჩაში გამოხვალ, სულ ამ დღეში იქნებიო. შემდეგ, შენობის უკანა კარიდან გაიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

19 წლის ლადი ელიკაშვილის ინტერესებს  ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი, ლია ხუროშვილი იცავს.

5 ნოემბერს ლადი ელიკაშვილის საქმე  №4/644–15  გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და უპირატესობა სამართალდამცველებს მიანიჭა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ლადი ელიკაშვილი შევიდა სამმართველოს ეზოში და ცდილობდა, შეეღწია შენობაში, რაზეც მათ გააფრთხილეს, რომ შესვლა არ შეიძლებოდა. მათი თქმით, ელიკაშვილი პოლიციელებს არ დაემორჩილა. 

სასამართლო განმარტავს,  რომ ლადი ელიკაშვილმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით საზოგადოებრივ ადგილზე შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და ქცევით გამოხატული მოქმედებით დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ბრალდებულია ასკ–ის 166–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში, მის მიერ ჩადენილი ქმედება ასკ–ის 173–ე მუხლი დან უნდა გადაკვალიფიცირდეს ასკ–ის 166–ე მუხლზე და ლადი ელიკაშვილს უნდა დაედოს ადმინისტრაციული სახდელი.

სიმართლის დასადგენად ლადი ელიკაშვილმა მიმართა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და კახეთის საოლქო პროკურატურას, მის საქმესთან დაკავშირებით კახეთის საოლქო პროკურატურამ ძიება უკვე დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.  რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).

აღსანიშნავია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურა ასევე იძიებს   ჭაბუკა ჭაბუკაძის  საქმეს, ელიკაშვილის მსგავსად, ჭაბუკაძესაც შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს შენობაში სცემეს. დღემდე აღნიშნულ საქმეზე შედეგი არ არის და დამნაშავეები არ დასჯილან. 

ახალი ამბები