კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის პირველი სხდომა აქციების ფონზე მიმდინარეობს

18 ნოემბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი       

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში საპროტესტო აქციების ფონზე გაიხსნა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლებმა, რომლებიც ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ, კანონმდებლებს ამომრჩევლის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდეს. 

„აწარმოე რეალური პოლიტიკა,“ „შრომითი ურთიერთობები ევროპული სტანდარტების დონეზე!“ „მოვითხოვთ უსაფრთხო სამუშაო ადგილებს“, „მოვითხოვთ 176-ე კონვენციის (შრომის უსაფრთხოება შახტებში) რატიფიცირებას!“ „რეპრესირებული ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს“ „დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები!“ -  ეს ის გზავნილებია, რომლითაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში მისულ დეპუტატებს მთავარი საზოგადოებრივი პრობლემები შეახსენეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ქვეყნის კანონმდებლებს, რომ მათი ურთიერთობა ჩვენთან, როგორც ამომრჩეველთან, არჩევნებით არ დასრულებულა. არამედ, ეს ურთიერთობა სწორედ ახლა შედის მთავარ, მოქმედ ფაზაში. მათი ვალია, იზრუნონ ხალხზე, საზოგადოებაზე და თანმიმდევრულად აღმოფხვრან ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არცთუ ისე ცოტაა და პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე“, - აღნიშნა თავისუფალი პროფკავშირის წევრმა ნუგზარ არაბიძემ.

აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ტყიბულის შახტის წარმომადგენლები, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

„არაფერს განსაკუთრებულს და შეუძლებელს ჩვენ არ ვითხოვთ. არამედ - ჩვენი ყოველდღიური შრომის უსაფრთხოებას, იმის გარანტიას, რომ დილით სამუშაოზე წასული შინ მშვიდობით დავბრუნდებით. ის მდგომარეობა, რომელიც შახტებშია, უნდა დასრულდეს და ნორმალური, ადამიანისთვის შესაფერისი პირობები უნდა შეიქმნას. სხვა შემთხვევაში ჩვენ მოვაწყობთ საპროტესტო აქციებს. არ გავჩერდებით, სანამ ჩვენი უფლებები დაცული არ იქნება“, - აღნიშნა მეშახტემ ჯონი კაკაურიძემ. 

აქციაზე იმყოფებოდნენ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებიც, რომლებმაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებს ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ მოუწოდეს. 

აქციის მონაწილე ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი კონკრეტულ საკითხებზე რეაგირებას და შესაბამისი ღონისძიების გატარებას ითხოვენ. უარეს შემთხვევაში ისინი პერმანენტული საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

ახალი ამბები