კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ფასმა მოიმატა

5 თებერვალი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორში კერძო ტაქსების კომპანიებმა ტრანსპორტის მომსახურების ღირებულება გაზარდეს. მინიმალური სამგზავრო ტარიფი, რომელიც ერთ ლარს შეადგენდა, ლარ-ნახევარი გახდა. კომპანიებში ტარიფის ზრდას საწვავის გაძვირებას უკავშირებენ, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის დადგენილებით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაძვირებამ გამოიწვია.

გორში ტაქსების შემდეგ მგზავრობის ღირებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გაიზარდა. ქ. გორს შპს ,,გორი-ტრანსის",  გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს კი ,,ფოკუსს ორი-შვიდიანის" სამარშუტო ტაქსები ემსახურება. კომპანიები მგზავრობის ღირებულების ზრდას იმ ეკონომიკურ რყევებს უკავშირებენ, რომელიც ლარის კურსის ვარდნით დაიწყო და საწვავზე ფასის ზრდით გაგრძელდა.
„კომპანიებს ავტომანქანების ტექნიკურად გამართვა უფრო ძვირი უჯდება. გაძვირდა საწვავიც. შესაბამისად, ძველი ტარიფიც ვეღარ შენარჩუნდებოდა“, - განაცხადა კომპანია „ფოკუსს ორი -შვიდიანის“ დირექტორმა, ზურაბ ჭეჭელაშვილმა.

სამარშუტო ტაქსების მძღოლების განცხადებით,  იმ შემთხვევაში თუ მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდებოდა, მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ.

„ხარჯები გაიზარდა, ჩვენ კი წაგებაზე ვერ ვიმუშავებდით, ან ღირებულება უნდა გაგვეზარდა, ან აღარ გვემუშავა“, - აღნიშნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა გოჩა ცარიელაშვილმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ეკონომიკის ექსპერტი თამარ ედიშერაშვილი humanrights.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდამ და დოლარის კურსმა გამოიწვია. 

„როდესაც მეწარმეს საქონელი უცხოურ ვალუტაში შემოაქვს და ადგილზე რეალიზაციას ლარში ახდენს, რყევები აისახება ფასზეც. ამას ემატება საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც არათუ იმპორტს, ადგილზე ნაწარმოებ პროდუქციასაც კი აძვირებს, რადგან ტრანსპორტირება შედის პროდუქციის თვითღირებულებაში, რაც საბოლოოდ სარეალიზაციო ფასში აისახება. ვინაიდან აქციზის გადასახადი, სავარაუდოდ, არ გაუქმდება, ერთადერთი გზა დარჩა ვალუტის კურსის სტაბილურობა, რაც მხოლოდ ეკონომიკის ზრდას შეუძლია”, - აღნიშნა ედიშერაშვილმა.

ქ. გორის მერიასა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ აქვთ და კერძო კომპანიებს ფასის რეგულაციას თვითმმართველობა ვერ დაუწესებს. 

ახალი ამბები