კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასათიანზე ვიყავი

10 ოქტომბერი, 2007

როგორ ცხოვრობენ ფსიქიურად დაავადებული ადამიანები

- ერთი კითხვა მაქვს, გათხოვებისათვის აუცილებლად სიყვარულია საჭირო? 
- ალბათ.
- არააა, რა სიყვარული. მაშ შვილი რატომ მომიკლა. შვილი მომიკლა, გესმის? შვილი, ჩემი ლამაზი შვილი. რვა წელი ძუძუ ვაწოვე და მერე ის ძუძუც მომაჭრეს, რატომ აწოვებდიო... გინდა მისი სურათები განახო? ვერ განახებ, ჩემმა ქმარმა წამართვა. შვილიც იმან მომიკლა. ერთი ფოთოლი მქონდა, შვილს ჭრილობაზე ვადებდი, მაგრამ მაინც მომიკვდა. რატომ ხოცავენ ბავშვებს? უთხარი რა, გამიშვან. გიჟი არა ვარ, ვერ ხედავ? შვილი უნდა გავაცოცხლო. მე ვიცი, ის ფოთლები რომელ ხეს ასხია, ვიცი, უთხარი გამიშვან რა, თორემ ვეღარ მივასწრებ... შენ გინდა კიდევ მომიკლან შვილი?..

- ისემც შენ რა გითხარი, ფანჯარასთან მდგარი ექთანი ჩვენსკენ იყურება, - ან ქმარი სად გყავდა, ან შვილი?
- შენ რა იცი, ჰოდა, რომ არ იცი გაჩერდი...

აქ მძიმე ჰაერი ტრიალებს, დერეფანი გრძელია და ცუდად განათებული. მოჩვენებები არა, მაგრამ მოჩვენებებივით კი დადიან ადამიანები. სიარულის მანერა დამახასიათებელი: ზურგზე შემოლაგებული ხელები, თავი ჩაქინდრული და მზერა გაყინული. უცხო სტუმარს შორიდან ათვალიერებენ, უფრო გაბედულები ახლოსაც მოდიან:

- პომადა არ გაქვს? წითელი, - მეკითხება 18 წლის ნათია, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში ბებიამ მოიყვანა, - დედ-მამა არ მყავს. სახლში ვიჩხუბე, მაგრამ ცოტაღა დამრჩა და მალე გამწერენ. შეგიძლია სურათი გადამიღო? აი აქ დავდგები, კედელთან...

ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკის ქვე-მწვავე განყოფილების მესამე სართულზე ქალები მკურნალობენ. ძველისძველ ზამბარებიან რკინის საწოლებზე გადაფარებულ თეთრეულს, თეთრეულს ვეღარ დაარქმევ. ჩამოქექილ და ძალიან დიდი ხნის წინ შეღებულ კედლებს ფერიც აღარ შერჩენიათ. ამოცვენილ იატაკზე კი დაკვირვებით უნდა იარო, ფეხი რომ არ გადაგიბრუნდეს. საპირფარეშოდან გამოსული მძაფრი სუნი ცხვირს მიწვავს. თითქმის ყველა გისოსებიან ფანჯარასთან პაციენტები დგანან, - ველოდებიო, მითხრა ერთ-ერთმა ავადმყოფმა. თეთრხალათიანი ექთნები პაციენტების მახლობლად ტრიალებენ:

- მე XXI საუკუნის ქალი ვარ. მე უნდა ამოვაბრუნო ეს დედამიწა, მე დედამიწას გადავარჩენ, - ლურჯხალათში გამოწყობილი დაახლოებით 70 წლის რუსუდანი ისეთი დარწმუნებულია საკუთარი „ზებუნებრივი ძალის“ არსებობაში, რომ ჩვენ, შედარებით ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანებს, ასეთი თვითრწმენა რომ გვქონდეს, იქნებ მართლა გადაგვერჩინა ქვეყანა.
- რუსუდან, ჩუმად, რუსუდან, დერეფანში ექთანი გამოდის და რუსუდანი პალატაში შეჰყავს....

აი ეს გოგონა ქუჩაში რომ შემხვედროდა ვერაფრით ვიფიქრებდი, ფსიქიურად დაავადებულია-მეთქი. ლოგინზე ზის და შორიდან უყურებს „დრეობით მეზობლებს“:
- რამდენიმე ხნის წინ სანერვიულო შემხვდა. ოჯახის წევრებმა აქ მომიყვანეს. ახლა შედარებით მშვიდად ვარ. სახლში მინდა. აქ აღარ შემიძლია...

ტელევიზორი ჩართულია. რაღაც სერიალი გადის. სამი-ოთხი პაციენტი გარინდებული სახით შეჰყურებს ტელევიზორს და ისეთი გამომეტყველება აქვთ, ეკრანის მიღმა აშკარად სხვა რამეს ხედავენ... გისოსებიან ფანჯარას ჩაბღაუჭებული პაციენტი ისევ ელოდება...

მეორე სართულზე ჩავდივარ, იქ მამაკაცები მკურნალობენ. ზარს ვრეკავ. კარს მამაკაცი ექთანი მიღებს. იმისათვის, რომ არ წამოგაზიდოს, სულ რამდენიმე წამით აჯობებს სუნთქვა შეიკრა, მერე ნელ-ნელა, ცოტ-ცოტა რაოდენობით შეისუნთქო საშინლად მძიმე ჰაერი. დაახლოებით 5-7 წუთში უკვე თითქმის ვეღარ გრძნობ ჰაერის სიმძიმეს, სამაგიეროდ უკეთესად ხედავ გრძელ, ძალიან გრძელ დერეფანს, სადაც ისევე როგორც ერთი სართულით მაღლა, აქაც გარინდებული ადამიანები დაბორიალობენ. განყოფილების გამგემ „მცველი“ მომიჩინა. სურათების გადაღებას ვცდილობ. პაციენტები ისეთი ცნობისმოყვარეები არიან, რომ ობიექტივში ძვრებიან:

- რა ღირს ეგ ფოტოაპარატი? დიდუბეში ვერ ვიყიდი? გგონია ფული არა მაქვს? იცი, მე წუთში მილიონ მანეთს ვაკეთებ. წერილი მომწერე რა. შენი მისამართი და ტელეფონი აუცილებლად მიაწერე. შენ გგონია რამეს მოგაკლებ? გინახავს მილიონი მანეთი? თან მილიონი წუთში...
 
- შორენა, შორენა, ერთი აქეთ მოდი რა?
- მე ნინო ვარ.
- რა ნინო, შორენა ხარ-მეთქი, შორენა, ვაჟას ცოლი, აქეთ მოდი რა, მარტოს უნდა გელაპარაკო, - სიგარეტს აღარ ეწევი? - ჩემი „ახალი ნათლია“ სოხუმელი დევნილი აღმოჩნდა. „მცველმა“ მითხრა, სოხუმის დაბომბვის შემდეგ გაგიჟდაო.
- გავგიჟდი? გიჟი შენა ხარ, -  აშკარად გამორჩეული პაციენტია. რაც კი ტანსაცმელი აბადია ყველაფერი ზედ აცვია. თითქმის ყველა თითზე ლითონის ბეჭდები აქვს წამოცმული და დერეფანში ზედმეტად ენერგიული ნაბიჯებით დადის.   

წარმოუდგენლად გაშავებულ ლოგინებზე მიწოლილი პაციენტები ჩემს დანახვაზე არც კი ინძრევიან. ფოტოებს ვიღებ:

- ნუ „მასვარკებ“, ნუ „მასვარკებ“, მტკივა, მტკივა, - ფოტოაპარატის განათება ერთ-ერთ პაციენტს აღიზიანებს და კედლისკენ ტრიალდება.
- მე არ მტკივა, მე გადამიღე რა, გვერდში ამომიდგა დაახლოებით 20-22 წლის პაციენტი. თუ არ გადამიღებ შენს გვერდით ვივლი...

- ედუარდ, აქეთ გამოდი, ნუ უშლი მუშაობაში ხელს, - ექთანს გვერდით გაჰყავს ედუარდი.

- კლინიკაში პირველად ორი წლის წინ მოვხვდი. სოფელში ვცხოვრობ, ხეზე ვმუშაობ, თან სტიქაროსანიც ვარ. ძალიან გადავიღალე და ოჯახის წევრებმა მირჩიეს და მეც გადავწყვიტე, კლინიკაში მოვსულიყავი. აქ საშუალება მაქვს დავისვენო და ჩემი განვლილი ცხოვრება გავაანალიზო, - ყვება თემური, რომელსაც ფსიქიურად დაავადებული ადამიანის ნიშნებს უბრალო ჟურნალისტი მართლა ვერ ამჩნევს. სამაგიეროდ, „ჩიპოლინოს“ ვერაფრით გავაგებინე, რომ ფოტოს გადაღებისას ზურგით მდგარიყო - ციბრუტივით ტრიალებდა და მთელი მონდომებით  ცდილობდა თავზე ჩამოფხატებული ქუდი, კიდევ უფრო ჩამოეფხატებინა.

დერეფნის ბოლოში „პიანინოს ოთახი“ ბოქლომითაა ჩაკეტილი. ახლა იქ შეშვების დრო არ არის...

ექთანს მე და ექვსი პაციენტი პირველ სართულზე ჩავყავართ. იქ არტ-თერაპიის განყოფილებაა. აღნიშნული ექვსი პაციენტი განყოფილების გამგემ სპეციალურად ჩემთვის შეარჩია. ერთი პიანინოზე დაუკრავს, ორი იმღერებს, დანარჩენები ნახატებს დამათვალიერებინებენ. არტ-თერაპიის განყოფილება გაცილებით სუფთა და კეთილმოწყობილია. კედლები პაციენტთა ნახატებითაა გაფორმებული. ერთ-ერთი პაციენტი მიხსნის, თუ რატომ დახატა ამდენი ადამიანის თავი ასე ახლო-ახლო და ასე ერთად...

წამოსვლისას ზოგმა მისამართი მთხოვა, ზოგმა ტელეფონის ნომერი, ზოგმა სიგარეტი, ზოგმა ხურდა... ზოგმა პირობა ჩამომართვა, რომ ორ დღეში ისევ მივალ... სურვილი მხოლოდ ერთს, ნათიას შევუსრულე - პომადა დავუტოვე...

- შორენა, შორენა, До встречи в Америке!.. 

როგორც წესი, ჟურნალისტები საკუთარი შეფასებებისა და დასკვნებისაგან თავს იკავებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვა: მერე რა რომ ისინი სხვა, ირეალურ სამყაროში ცხოვრობენ: ეს სამყარო აქვეა, ასათიანზე, თბილისში, საქართველოში... საინტერესოა, ბოლოს როდის დაინტერესდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმ ადამიანების საცხოვრებელი პირობებით, რომლებიც საქართველოს ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობენ?

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები