კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავამ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა

4 დეკემბერი, 2007

ცოტა ხნის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქართულ სამართალწარმოებაში ერთ-ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო კოლეგიამ ირმა პერანიძის თავმჯდომარეობით ”ჯეი-ეს-აი კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა საქართველოში”, ქუთაისის ოფისის ყოფილი თანამშრომლის ირმა მარგველაშვილის სააპელაციო საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. უკანონოდ ცნეს ”ჯეი-ეს-აი”-ს ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელებული ქმედება ირმა მარგველაშვილისათვის 2006 წლის 15 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და აღნიშნულ ორგანიზაციას აპელანტისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნის დღიდან სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე ირმა მარგველაშვილის ცხოვრების ერთწლიანი მძიმე პერიოდი უძღოდა. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ქუთაისის ბიუროში სტუმრობისას იგი სწორედ იმ პრობლემების შესახებ გვესაუბრა, რომლებიც ”ჯეი-ეს-აი”-დან გათავისუფლების შემდეგ, როგორც პიროვნებას, შეექმნა:

”საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ არსად ისე დამცირებულად არ მიგრძვნია თავი, როგორც აქ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ”ჯეი-ეს-აი”-ს უფროსმა ნენსი ჰარისმა სამუშაოდან ისე დამითხოვა, ჩემი საქმიანობის ვერც ერთ ხარვეზზე ვერ მიმითითა. როცა ეს მოხდა, ორწლიანი ხელშეკრულება სულ ერთი თვის გაფორმებული მქონდა. უფროსმა და მისმა ქართველმა მოადგილემ მამუკა ხანთაძემ მითხრეს, რომ ჩემი პოზიციის ნაცვლად კომპიუტერის სპეციალისტი სჭირდებოდათ და ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც შეეძლოთ, ეს სამუშაო იყო. მე ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. მეორე დღეს დავურეკე ნენსი ჰარისს და ვუთხარი, რომ მის შემოთავაზებას ვიღებდი. მაგრამ უკვე მისგან მივიღე უარი. მე ვეხვეწებოდი, რომ გაეთვალისწინებინა ჩემი მდგომარეობა, რომ აღნიშნული ორწლიანი კონტრაქტის გათვალისწინებით ჩემი მომავალი ცხოვრება დავგეგმე და ახლა რთული პრობლემების წინაშე ვიდექი, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ამასობაში მათ სასწრაფოდ გააფორმეს დოკუმენტაცია, ორი თვის ხელფასი და ერთი თვის შვებულების თანხა გამომიწერეს, დოკუმენტებზე იძულებით მომაწერინეს ხელი და გამომისტუმრეს.”

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ”ჯეი-ეს-აი”-ს ქუთაისის ოფისში ადმინისტრაციული ოფიცრის თანამდებობის გაუქმება სწორედ მისი თავიდან მოშორების სურვილით იყო განპირობებული, ირმა მარგველაშვილს ის უმყარებს, რომ ამ გათავისუფლებიდან მოკლე ხანში აღნიშნულმა ორგანიზაციამ იმავე თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია, ოღონდ თბილისის ოფისისთვის. თავის დროზე კი ირმა მარგველაშვილისათვის სამუშაოდ თბილისში გადასვლა არავის შეუთავაზებია. რაც შეეხება ქუთაისის ოფისს, ირმა მარგველაშვილის სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ გამოცხადდა ახალი კონკურსი პოზიციაზე, რომელიც სულ მცირედით განსხვავდებოდა მისი საქმიანობისაგან.

”იქ არაფერი იყო ისეთი, რის გაკეთებასაც ირმა მარგველაშვილი ვერ შეძლებდა. ესეც არ იყოს, ორგანიზაციის პოლისში არის დებულება, რომლის თანახმადაც, თუ ახალი სპეციალისტის დანიშვნის აუცილებლობა დადგება, ჯერ უნდა შეკრიბონ ძირითადი თანამშრომლები და დაისვას საკითხი, იქნებ ვინმეს შეუძლია ამ ფუნქციების გადანაწილება, ან იქნებ გადამზადების შემდეგ შეძლებს ამას რომელიმე თანამშრომელი. ორგანიზაციას ვალდებულებაში უდევს, რომ სამთვიანი გადამზადების ხარჯებიც გადაუხადოს თანამშრომელს საამისოდ. მაგრამ ამასაც ადგილი არ ჰქონია. მარგველაშვილმა შესთავაზა ხელმძღვანელობას, რომ საკუთარი ხარჯით გადაემზადებოდა და ამაზეც უარი მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვიეს მისი უფლება,” - აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი ნიკო კანკავა.

გამოცხადდა თუ არა ”ჯეი-ეს-აი”-ში ადმინისტრაციული ოფიცრის თანამდებობაზე ხელახალი ვაკანსია, ირმა მარგველაშვილის გათავისუფლების შემდეგ, გადანაწილდა თუ არა მისი პოზიცია სხვა თანამშრომლებზე და დაირღვა თუ არა მისი უფლებები, ამის შესახებ ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” ”ჯეი-ეს-აი”-ს წარმომადგენელმა სასამართლოში, ადვოკატმა არჩილ ლეჟავამ შემდეგი განუმარტა:

” საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ინტერესებიდან გამომდინარე, უკვე აღარ არის მიზანშეწონილი ამ საშტატო ერთეულის არსებობა და შესაბამისად, თუ რაღაც ფუნქცია იყო ისეთი, რომელიც რჩება კვლავ გასაკეთებელი, შეიძლება სხვა თანამშრომელს გადაებაროს, ან სხვა საშტატო ერთეულმა შეითავსოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმესთან ამას რეალურად კავშირი არ აქვს და ჩემს კომპეტენციასაც სცილდება. მე საერთოდ არ ვიცი ამ თანამშრომლებს რა ხელფასი აქვთ, ეს საკითხი მე არ მეხება. ერთადერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ საშტატო ერთეული გაუქმდა და ეს კანონიერად მოხდა. ამით ირმა მარგველაშვილის უფლებები არ დარღვეულა. კანონით და მხარეთა შეთანხმების ფარგლებში იგი გააფრთხილეს, რომ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან და შესაბამისი კომპენსაციაც აქვს მიღებული. ყველა ის პროცედურა, გნებავთ კანონით, გნებავთ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული, ”ჯეი-ეს-აი - საქართველოს” მიერ ამ შემთხვევაში დაცულია.”

თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ ირმა მარგველაშვილი და მისი ადვოკატი და ამჯერად მათი პოზიცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა.

”იმან, რომ საქმე ასე გავახმაურე და საერთაშორისო ორგანიზაციას სასამართლოში დავუპირისპირდი, ამ ტიპის ორგანიზაციებში შეიძლება საერთოდ მომიჭრას გზა და ამით ჩემი სამომავლო კარიერა საერთოდ დავასამარო, მაგრამ მე ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ყოფილი თანამშრომლებისთვის დამენახვებინა სიმართლე და ის, რომ მაღალანაზღაურებად სამსახურში მონურ მუშაობას, ყოველგვარი პიროვნული და პროფესიული უფლებების შელახვით, ამ უფლებების დასაცავად ბრძოლა სჯობია. რადგანაც ჩემდამი ასეთი მოპყრობის ერთ-ერთი მიზანი ნენსი ჰარისისთვის, ვფიქრობ, ისიც იყო, რომ ქართველი თანამშრომლები დაეშინებინა. დაენახვებინა მათთვის, როგორ მოექცეოდა ყველას, ვინც მასთან დაპირისპირებას, მის წინაშე საკუთარი აზრის გამოთქმასა და დაცვას შეეცდებოდა,” -აცხადებს ირმა მარგველაშვილი. იგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ ამით პირველი ნაბიჯი გადადგა პიროვნული ღირსების აღდგენის გზაზე.

აღნიშნულმა დავამ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. ”ჯეი-ეს-აი - საქართველოს” წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.


ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები