კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეტევა ჟურნალისტებზე: საომარი მოქმედებებისას დაიღუპა 4 და დაიჭრა 14 ჟურნალისტი

21 აგვისტო, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ქართულ – ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაიჭრა თოთხმეტი ჟურნალისტი. ფოტორეპორტიორი ალექსანდრე კლიმჩუკი და ტელეკომპანია "ალანიას" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი, ჟურნალ "ნიუსვიქის" კორესპონდენტი გიგა ჩიხლაძე 10 აგვისტოს ცხინვალში დახვრიტეს. ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს კლიმჩუკთან და ჩიხლაძესთან ერთად მყოფი კიდევ ორი კორესპონდენტი, თბილისში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის "მესინჯერის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, აშშ-ს მოქალაქე უინსტონ ფედერლი და ამავე გაზეთის ჟურნალისტი თემურ კიღურაძე, რომლებიც დაჭრილები არიან. 12 აგვისტოს, რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დაბომბვისას დაიღუპა ჰოლანდიის ტელევიზიის ოპერატორი ტანს ტორიმანსი. კიდევ ერთი გარდაცვლილი ჟურნალისტის გვარი ჯერ ვერ სახელდება. ამასთან ერთად, რუსი ჯარისკაცები და ოსი სეპარატისტები, კონფლიქტის ზონაში და მის გარეთ მომუშავე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს მასობრივად ძარცვავენ და ცეცხლს უხსნიან.

რუსული ჯარისა და ოსური ფორმირებების ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ თურქი კორესპონდენტებიც. სააგენტო "როიტერის" მიერ გავრცელებულ კადრებში, ცხინვალის შესასვლელთან თურქი ჟურნალისტებისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტია ასახული. სამხედრო პირები, რომლებმაც ჟურნალისტებს 10 აგვისტოს ცეცხლი გაუხსნეს, ოსურად საუბრობდნენ. ერთ-ერთი კორესპონდენტი თავში დაიჭრა.

შეიარაღებული პირები გორის რაიონში მყოფ თურქი ჟურნალისტების მეორე ჯგუფს მაშინ დაესხნენ თავს, როცა ისინი სოფელ კარალეთში არსებულ სიტუაციას იღებდნენ.

"კარალეთში საცხოვრებელი სახლები იწვოდა. ამ პროცესს თვალს რუსი სამშვიდობოები და ოსები ადევნებდნენ, რაც გადავიღეთ. სწორედ ამ დროს, ფიზიკური ძალის გამოყენებით და იარაღის მუქარით წაგვართვეს კამერები და ყველაფერი, რაც თან გვქონდა, ავტომანქანების ჩათვლით“, - განაცხადა თურქმა ჟურნალისტმა ვეჩ დი ბასმა.

12 აგვისტოს რუსული ბომბდამშენების მიერ ქ. გორის დაბომბვის შედეგად დაშავდნენ საბერძნეთის ტელეკომპანიის კორესპონდენტებიც. ბერძენი ჟურნალისტის ფილიოს სტანგოსის განცხადებით, გადამღები ჯგუფიდან მძიმედ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამავე დღეს, გორის დაბომბვის დროს დაიჭრა ისრაელის ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტი ცადოკ იეჰეზკელი. თბილისის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 12 აგვისტოს, საღამოს, მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების თქმით, ებრაელ ჟურნალისტს მრავლობითი მოტეხილობა და  ჭრილობები აქვს.

14 აგვისტოს, ღამით, რუსმა სამხედროებმა და ოსმა მოხალისეებმა გორის რაიონში ჩეხი ჟურნალისტებიც გაძარცვეს. ჟურნალისტ მარეკ გურებას თქმით, შეიარაღებულმა პირებმა კორესპონდენტებს ყველაფერი წაართვეს. რუს სამხედროებს ჩეხი ჟურნალისტები ერთი საათი ჰყავდათ დაკავებული, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს.

რუს ჯარისკაცებს ვერც ისრაელის საინფორმაციო საშუალებების კორესპონდენტები გადაურჩნენ. გაზეთ „ჰაარეცის“ კორესპონდენტის ანშელია პფაფელიას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ებრაელ კორესპონდენტებს ავტომატ „კალაშნიკოვის“ მუქარით უბრძანეს მანქანიდან გადმოსვლა, რომელზეც დამაგრებული ინიციალები აღნიშნავდა, რომ ავტომანქანით ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ.

რუსული პოზიციებიდან გორის შესასვლელთან მყოფ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს თამარ ურუშაძეს იმ დროს ესროლეს, როდესაც ჟურნალისტი პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა. თამარ ურუშაძე მარცხენა ხელში დაიჭრა.

15 აგვისტოს, ქარელის რაიონში, ოსი ეროვნების შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანამშრომლები. მარგარიტა ახვლედიანის ცნობით, მათ თავს დაესხა ოთხი შეიარაღებული პირი, რომლებიც ოსურად საუბრობდნენ. გაძარცვამდე ჟურნალისტების მანქანას შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორის ოლეგ პანფილოვის განცხადებით, დაზარალებულები არიან ტელეკომპანია "რენ-ტვ-ის" თანამშრომლებიც.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს ზუგდიდის რადიო „ათინათი“ და სენაკის ტელეკომპანია "ეგრისი", საიდანაც წაიღეს ვიდეოკამერები და კომპიუტერული ტექნიკა. „ათინათი“ და „ეგრისი“ ვეღარ მაუწყებლობენ. რუსულმა ავიაციამ გაანადგურა გორის ტელეანძაც, რის გამოც მუშაობა შეწყვიტა გორის ტელეკომპანია „თრიალეთმაც“, - ნათქვამია რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საომარი მოქმედებების დროს ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მკვლელობის, დაჭრისა და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტებს, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები ცეცხლის ქვეშ მოყვნენ კონფლიქტის ზონაში. ეს მიუღებელია და მოვუწოდებთ კონფლიქტის ზონაში მყოფ ყველა მხარეს, უზრუნველყონ რეპორტიორების უსაფრთოება. ამ კონფლიქტმა უკვე შეიწირა ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ასევე დაიჭრა სულ ცოტა 10 ჟურნალისტი. კონფლიქტის ზონაში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებმა ადგილებზე უნდა შეახსენონ თავიანთ ხელქვეითებს, რომ ჟურნალისტები არიან სამოქალაქო პირები და მათ ჟენევის კონვენცია იცავთ“, - განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოელ საიმონმა.

საქართველოში საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ მხარეებს მედიისთვის "უსაფრთხო ზონის" შექმნა და ჟურნალისტთა სიკვდილის გარემოებების დადგენა მოსთხოვა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამაც.

„მოვუწოდებთ ყველა ძალას, გაითვალისწინონ, რომ ჟურნალისტები სამოქალაქო პირებად ითვლებიან და მათ მიმართ ძალადობა საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში აკრძალულია. მხარეებმა უნდა შექმნან უსაფრთხოების ზონა, რათა კონფლიქტის გაშუქებისას ჟურნალისტები სამიზნეებად არ იქცნენ“- განაცხადა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ პაკო ოდიემ.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1738-ე რეზოლუციის მიხედვით, საომარი მოქმედებებისას მედიის მუშაკები სამოქალაქო პირებად განიხილებიან და მათზე თავდასხმა ომის დანაშაულად ითვლება. ფედერაცია მოუწოდებს ორივე მხარეს, ჟურნალისტთა სიკვდილის გარემოების დასადგენად ჩაატარონ გამოძიება.

„თუ ჩვენი კოლეგები სამიზნეები გახდნენ, მაშინ ამაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, განაცხადა ოდიმ.

ჟურნალისტებზე თავდასხმის მომწყობი პირების გამოვლენა და მკაცრად დასჯა მოითხოვა საქართველოში მყოფმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. 

"ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობა ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო, რადგან მოხდა ის, რაც 21-ე საუკუნეს არ შეეფერება. აუცილებლად მკაცრად უნდა დაისაჯონ ამ კონფლიქტის დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის მომწყობი პირები", - განაცხადა ესტონეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ურმას პაეტმა.


ახალი ამბები