კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებისთვის ფართის გამოსანახად სკოლებს აერთიანებენ

11 სექტემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

განათლების სამინისტრო დევნილების პრობლემის მოგვარების მიზნით  სკოლების გაერთიანებასა და ამით შენობების გამოთავისუფლებას იწყებს.  თბილისის მე-13 სკოლას მე-14-თან აერთებენ.  პედაგოგები და მშობლები  სკოლის გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვები ქუჩაში დარჩებათ.

სკოლის „დროებითი დაცლის აუცილებლობის“ შესახებ პედაგოგებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც მათ გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები ეწვივნენ და მათ ოთახების დათვლა დაავალეს. აღშფოთებულმა მასწავლებლებმა და მშობლებმა წერილები  განათლების სამინისტროსა და მერიაში გააგზავნეს, თუმცა ამაზე გამგეობის წარმომადგენელთა რეაქცია ასეთი იყო, წერეთ და იკითხეთ, სანამ ამ წერილებზე პასუხები მოგივათ, დევნილებს უკვე ჩავასახლებთო.

ომის დროს ამ სკოლაში 350 დევნილი ჩაასახლეს. მათი უმრავლესობა გორიდან იყო და საკუთარ სახლებში დაბრუნდა. ამჟამად იქ მხოლოდ 12  ოჯახი იმყოფება. პედაგოგები და მშობლები თანახმანი არიან, რომ ამ ოჯახებს მესამე სართული  დაუთმონ და ცალკე შესასველელი გაუკეთონ. თუმცა გამგეობა ამას არ თანხმდება. გამგეობის არგუმენტით ბავშებისა და დევნილების ერთად განთავსება  არ შეიძლება. ამ მიზეზით, გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლა მე-14 სკოლას შეუერთოს.

სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირმა ფანცულაია იხსენებს, რომ 2 დღის წინ მათ გამგეობის წარმომადგენლებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ ამ სკოლას, მინისტრის ბრძანებით, დროებით (3 თვით), მე-14 სკოლას შეუერთებენ.

ირმა ფანცულაია: „თქვენი ინვენტარი შეინახეთ და შემდეგ 3 თვეში შეგასახლებთო, მაგრამ საღამოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სკოლას ლიკვიდაციას უპირებენ. ჩვენს სკოლასთან ერთად სხვა სკოლებსაც უპირებენ გაუქმებას. საუბარია იმ სკოლებზე, რომელთაც ჯერ კიდევ შარშან ხურავდნენ. ამბობდნენ, რომ ამ შენობების გაყიდვა და კერძო სკოლების დაარსება უნდოდათ. თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა შეიძლება“.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მინისტრის ბრძანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემორჩილებიან, თუ მას საკუთარი თვალით ნახავს.

სკოლის პროფკავშირის თავმჯდომარე ხათუნა წულაძე შიშობს, რომ სკოლების გაერთიანება პედაგოგების შემცირებას გამოიწვევს:

„ჩვენ სკოლის, მოსწავლეების და კოლექტივის ინტერესებს ვიცავთ. სკოლების გაერთიანებას თავისთავად შემცირებაც მოყვება. ჩვენ გვჭირდება წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სკოლა გაუქმებულია. ისე, სიტყვიერად ჩვენ არსად გადავალთ“.

პედაგოგებს გვერდში მშობლებიც უდგანან.

ინგა ვარსიმაშვილი, მშობელი: „დღეს 141-ე სკოლიდან მოსული დევნილები ამბობდნენ, რომ მათ გამგეობის წარმომადგენლებმა უთხრეს, თითქოს ჩვენი სკოლა გააუქმეს და ამიტომ აქ ცხოვრება შეუძლიათ. ჩვენი სკოლა კი მე-14 შეუერთდება. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ, რადგან მათ ძალიან ცოტა კაბინეტები აქვთ. იმ სკოლაში ორ ცვლაში სწავლობენ. ჩვენც ორ ცვლაში ვსწავლობთ. ასე რომ, გაერთიანების შემთხვევაში, საერთოდ, სამ ცვლაში მოგვიწევს სწავლა. ზამთარი მოდის. მესამე ცვლა ძალიან გვიან დამთავრდება. თან ბავშვები დამატებით კურსებზე დაგვყავს“.

ინგა ღუღუნიშვილი, მშობელი: „უფროსი ბიჭი მე-11 კლასშია. ღამე სად ვდიო, სად ვეძებო,  თან ამ სკოლებს შორის ყოველთვის იყო დაპირისპირება“.

ამ დაპირისპირებაზე თავად მოსწავლეებიც საუბრობენ. ერთ-ერთი მოსწავლე, ირინა წიკლაური გვიყვება, რომ მსგავსი დაპირისპირება ამ სკოლების მოსწავლეთა შორის თითქმის ყოველდღე ხდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს სკოლები გაერთიანდებიან მდგომარეობა კიდევ უფრ გამძაფრდება. გარდა ამისა, მე-14 სკოლას ძალიან მცირე ფართი აქვს, სადაც თავის კონტინგენტსაც ვერ იტევს. ხოლო მე-13 სკოლაში უფრო მეტი მოსწავლე სწავლობს.

პედაგოგთა და მეცნიერთა  პროფკავშირების იურისტის, მაია ლიპარტელიანის თქმით, ასეთი პრობლემები თბილისის სხვა, ე.წ. არაპრესტიჟულ სკოლებსაც აქვთ.

მაია ლიპარტელიანი: „მინისტრის ბრძანების პროექტში წერია, რომ ერთი სკოლის კოლექტივის განთავსება მეორეში დროებითი ღონისძიებაა. ჩამოთვლილია რომელი სკოლა რომელ სკოლაში უნდა განთავსდეს. ძირითადი აქცენტი ნაძალედევის რაიონზეა,  ე.წ. „არაპრესტიჟულ“ სკოლებზე. ამჟამად ეს დევნილები ერთი სკოლიდან მეორეში გადაჰყავთ.

ამ კანონპროექტზე განათლების სამინისტროს ჩვენი შენიშვნები მივაწოდეთ. აუცილებელია მასწავლებლებს ჰქონდეთ გარანტიები, რომ ხელფასს აუცილებლად მიიღებენ, სკოლა აუცილებლად დაფინანსდება და ასე შემდეგ.

დევნილების ერთი სკოლიდან გამოყვანა და მეორეში შეყვანა უამრავ პრობლემას ქმნის. მაგალითად, თბილისის მე-12 სკოლიდან 700-მდე მოსწავლე  350-ბავშვიან სკოლაში გადაყავთ. ეს არის ადგილობრივი გამგეობების სპონტანური გადაწყვეტილება. დღეს 114-ე სკოლაში შექმნილ ვითარებას თავად შევესწარი. ჯერ უამრავი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომ დევნილები ამ სკოლაში იძულებით შეეყვანათ. ამ დროს მასწავლებლები ითხოვდნენ მინისტრის ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც ამ დევნილების სკოლაში შეშვება იქნებოდა შესაძლებელი. მეორეს მხრივ, თავად დევნილებს 114-ე სკოლის შენობაში შესვლა არ უნდოდათ, რადგან იქ ძალიან ცუდი სიტუაციაა. საბოლოოდ, პატრულმა შემოანგრია კარები, რომ დევნილები შეეყვანა, მაგრამ ისინი მანქანებიდან არ გადმოვიდნენ. ბოლოსდაბოლოს რომ დაღამდება და წასასვლელი არსად ექნებათ, ალბათ მაინც შევლენ.

პროფკავშირი ითხოვს, სასწარაფოდ შეიქმნას მობილური ჯგუფი, რომელიც გაარკვევს, რეალურად რამდენი დევნილია საქართველოში, ვინ უნდა დაბრუნდეს და ვინ დარჩეს. ასევე რომელ შენობაში რა სიტუაციაა, სასწავლო პროცესი კი მხოლოდ ამის შემდეგ,  2 ოქტომბერს დაიწყოს.


ახალი ამბები