კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინაში ქართველი მოცეკვავეები 35 საათით იზოლატორში დაატყვევეს

25 მარტი, 2009

 პაატა და ავთანდილ გურგენიძეები

გელა მთივლიშვილი

რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, მოსტინსკას რკინიგზის სადგურში საბაჟო – გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "გურჯაანის" წევრები დააკავეს. მოცეკვავეები პოლონური ფირმა "კოლუმბოს" ოფიციალური მიწვევით პოლონეთის ქალაქ კოტოვიცაში კონცერტების გასამართად მიემგზავრებოდნენ. 35 საათის განმავლობაში უკრაინელ მებაჟეებს ანსამბლის წევრები, მათ შორის 6 არასრულწლოვანი პოლიციის იზოლატორში უკანონოდ ჰყავდათ გამოკეტილი და გარეთ გასვლის ნებას არ აძლევდნენ. მოცეკვავეთა თქმით, უკრაინელი სამართალდამცავები მათ ბანდიტებს ეძახდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადგილზე ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "გურჯაანი", უკრაინის გავლით, პოლონეთის ქალაქ კოტოვიცაში, თბილისიდან 12 მარტს, ღამით გაემგზავრა. ანსამბლს 15 – 17 მარტს კოტოვიცაში კონცერტი უნდა გაემართა და მასპინძელი ორგანიზაციის მონაცემებით, ყველა ბილეთი წინასწარ იყო გაყიდული, თუმცა ანსამბლის წევრებმა პოლონეთში ვერ ჩააღწიეს. უკრაინა–პოლონეთის საზღვართან, უკრაინის ქალაქ მოსტინსკაში საბაჟო–გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა ანსამბლის წევრებს პასპორტები ჩამოართვეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება აღარ მისცეს.

პაატა გურგენიძე, ანსამბლ "გურჯაანის" სამხატვრო ხელმძღვანელი: "თბილისიდან კიევში 12 მარტს გავფრინდით. 13 მარტს ღამით კიევი – კოტოვიცას მატარებელში ჩავსხედით და პოლონეთში გავემგზავრეთ. არც თბილისის და არც კიევის საერთაშორისო აეროპორტებში პრობლემები არ შეგვქმნია. ყველა დოკუმენტი მოწესრიგებული გვქონდა. პოლონეთში ოფიციალური მიწვევით მივდიოდით და ვიზები საქართველოში პოლონეთის საელჩოს საკონსულოს მიერ იყო გაცემული და გახსნილი. უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე, მოსტინსკას რკინიგზის სადგურზე მატარებელში საბაჟო–გამშვები პუნქტის თანამშრომლები ამოვიდნენ და პასპორტები მოგვთხოვეს. მივაწოდეთ. წაიკითხეს თუ არა რომ საქართველოდან ვიყავით, აგრესია გამოხატეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთმა მებაჟემ გვითხრა, რომ ანსამბლის ერთ-ერთი მონაწილის ლევან ხარიტონაშვილის პასპორტში ვიზა დაზიანებული იყო და ის საზღვარს ვერ გადაკვეთდა. მე, როგორც ხელმძღვანელმა მებაჟეს განვუცხადე, რომ ანსამბლის არცერთ წევრს მარტო არსად დავტოვებდი. მაშინ, მეორეც დარჩებაო, მითხრა მებაჟემ და კიდევ ერთი პასპორტი მაჩვენა. ამაზეც უარი ვთქვი და მოვითხოვე, ეჩვენებინათ რა იყო პასპორტებში დაზიანებული. არ მაჩვენეს. წაიღეს პასპორტები და წავიდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და კატეგორიულად გვითხრეს, რომ ის წევრები, რომელთა ვიზებიც დაზიანებული იყო, საზღვარს ვერ გადაკვეთდნენ. მე მათ კიდევ ერთხელ ავუხსენი, რომ არცერთი ჩვენგანის ვიზა დაზიანებული არ იყო და ყველა დოკუმენტი წესრიგში გვქონდა. ამასობაში მატარებლის გასვლის დრო დადგა. ჩვენს გამო მატარებელს არავინ გააჩერებდა, მე კი ბავშვებს ვერ დავტოვებდი და იძულებულები გავხდით მატარებლიდან ჩამოვსულიყავით. ჩამოსვლის დროს ბავშვებმა მითხრეს, რომ დაინახეს, მებაჟეები ჩვენს პასპორტებში ჩაკრულ პოლონეთის ვიზებს სპეციალურად როგორ ხევდნენ. მატარებლის წასვლის შემდეგ რკინიგზის სადგურში ქალაქის კრიმინალური პოლიცია მოვიდა. პოლიციის მოსვლამდე მებაჟეები არ მალავდნენ და პირდაპირ გვეუბნებოდნენ, აქ ქართველი კრიმინალების ასორმოცდაათკაციანი ჯგუფი დათარეშობს და თქვენც იმ ჯგუფის მონაწილეები იქნებითო. ყველას ბანდიტებს გვეძახდნენ. ვუხსნიდით, რომ მოცეკვავეები ვიყავით, მაგრამ არ გვისმენდნენ. საბოლოოდ, ვიზების უმეტესობა დაზიანებული აღმოჩნდა. პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა ადგილზე გადარეკეს და მას შემდეგ რაც გაარკვიეს, რომ ნამდვილად ანსამბლის წევრები ვიყავით და პოლონეთში მიწვევით მივემგზავრებოდით, შეგვეშვნენ, მაგრამ მებაჟეებმა თავი მაინც არ დაგვანებეს. იზოლატორში წაგვიყვანეს. საკნების ტიპის ოთახებში ჩაგვკეტეს და გარეთ გასვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მანამ, სანამ დაახლოებით 35 საათის შემდეგ სასამართლოში არ წარგვადგინეს. მოსამართლემ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით 450 ევროთი დაგვაჯარიმა, პასპორტები დაგვიბრუნა და ყველა გაგვათავისუფლა".

გოჩა პაპოშვილი, ანსამბლ "გურჯაანის" მუსიკოსი: "ქალაქ მოსტინსკადან მატარებლით უკან, კიევში დავბრუნდით. კიევის აეროპორტში ანსამბლის ერთი წევრი ლევან ხატიტონაშვილი აეროპორტის პოლიციამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით დააკავა. ბავშვს მიათრევდნენ და არავის გვეუბნებოდნენ, სად. მერე დაგვემუქრნენ, რომ ჩვენც დაგვაკავებდნენ, მაგრამ ზუსტად ამ დროს აეროპორტში უკრაინაში საქართველოს კონსული მოვიდა და თბილისში დაბრუნებაში დაგვეხმარა, ოღონდ ჩვენი პასპორტები მან დაიტოვა".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა უკრაინიდან უკვე მიიღო დასკვნა, რომ ანსამბლ "გურჯაანის" 12 წევრიდან რვას ყალბი პასპორტი ჰქონდა.

"ეს არის უკრაინული მხარის მონაცემები. ამჯერად პასპორტების ექსპერტიზას ქართული მხარეც ჩაატარებს და იმ შემთხვევაში, თუ პასპორტები ყალბი არ აღმოჩნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კიევს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის და მოითხოვს იმ მესაზღვრეების და მებაჟეების დასჯას, რომლებმაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. გარდა ამისა, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაწყდება, დამატებით რა რეაგირების მოხდენა შეგვიძლია", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა ია მახარაშვილმა.

სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "გურჯანის" ხელმძღვანელი ავთანდილ გურგენიძე ირწმუნება, რომ ანსამბლის წევრთა პასპორტები ყალბი არ არის და ის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კახეთის სამსახურმა კანონმდებლობის სრული დაცვით გასცა. მისივე თქმით, ანსამბლი აპირებს უკრაინული მხარისგან მორალური და მატერიალური ზიანისათვის კომპენსაცია მოითხოვოს.

ახალი ამბები