მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილი ფიგურა, პარლამენტარი ბესო ჯუღელი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო.
ეკა კვესიტაძე თავის პუბლიკაციაში, სათაურით: „ჯუღელიზმი“, პარლამენტარს რადიო „უცნობსა“ და „ტელეიმედში“ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისთვის აკრიტიკებს.
„დიდი ხანია საქართველოში ასეთი ანტი-სომხური, სხვა ეროვნული უმცირესობების დამამცირებელი, შოვინისტური, სრულიად აღმაშფოთებელი განცხადებების გაკეთება არავის გაუბედავს“, წერს კვესიტაძე „24 საათში“.
ბესო ჯუღელის თქმით, ის ახლა ჟურნალისტ ეკა ხოფერიას წერილს ელოდება, რომლითაც დადასტურდება, რომ მას რადიო „უცნობის“ გადაცემაში („თავისუფალი სიტყვა“) მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ამის შემდეგ პარლამენტარის იურისტი სარჩელს მოამზადებს. ჯუღელი ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებით კი, წესით, ჯუღელს უნდა უჩივლონ სასამართლოში, რადგან ის, თავისი გამონათქვამებით, ეროვნულ შუღლს აღვივებს.
წყარო: Media.ge