გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის წევრების განცხადებით, რეგიონებიდან მოსახლეობას ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე ჩამოსვლას უშლიან.
მოძრაობის ლიდერის ზაზა გაბუნიას განცხადებით, რეგიონებში მძღოლებს პასპორტებს ართმევენ და ზოგს საბურავებსაც უჭრიან.
ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები პირადად, თავიანთი მანქანებით ჩავლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქციაზე დასწრების მსურველების ჩამოსაყვანად.
დღესვე მოძრაობის წევრებმა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს და ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ხვალ შეუერთდეს მიტინგს და თავისი პოზიცია გამოხატოს“, - აცხადებენ მოძრაობის წევრები.
ზაზა გაბუნიას განმარტებით, 2 ნოემბერს, 12 საათზე გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბება და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ხალხს შეუერთდება. „სიონის საკათედრო ტაძარი სიმბოლურად ავირჩიეთ, რადგან სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი ეროვნულ მოძრაობას“, - აღნიშნა გაბუნიამ.
წყარო: მედიანიუსი