სიღნაღში, რუსთაველის ქუჩა 14-ში მცხოვრები გიორგი ფაშალიშვილი გამგეობის შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება. ფაშალიშვილის საცხოვრებელი სახლი სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა და ინგრევა.
გიორგი ფაშალიშვილმა განაცხადა, რომ მას ხელთ ოფიციალური დასკვნაც აქვს, რომ სახლი ნამდვილად ქალაქის რეაბილიტაციის დროს დაზიანდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დახმარება არავინ აღმოუჩინა. სამშენებლო კომპანია „თბილისის“ გენერალური დირექტორი ყურაშვილი დაზარალებულ მოქალაქეს „ხარვეზების აღმოხვრას“ არაერთხელ დაპირდა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, გამგეობაში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შეკეთების მოთხოვნით არაერთი განცხადებაა შესული. „სამშენებლო კომპანია „თბილისი“ 2007-2008 წლებში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში აწარმოებდა ქალაქ სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას საცხოვრებელი სახლების სახურავების თუნუქის ფენილის კრამიტის საფარველით შეცვლის დროს მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა შენობების დაზიანება გამოიწვია, რაც გამოწვეული იყო სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლების მოუმზადებლობით. სახლების გარკვეული რაოდენობა აღსადგენია, რაც იწვევს მობინადრეთა სამართლიან უკმაყოფილებას. სამშენებლო კომპანიას რამდენჯერმე მივწერეთ და დარჩენილი სამუშაოების დროულად შესრულება ვთხოვეთ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“, - აცხადებს სიღნაღის გამგებელი.
დაზარალებულებს, რომლებსაც უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ, დახმარებას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც არაერთხელ დაპირდა. ჯერ კიდევ გასულ წელს, გუბერნატორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს კონტროლზე აიყვანდა და ეს პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ ოცამდე ოჯახი გუბერნატორისგანაც მოტყუებული დარჩა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი