კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსერვატორების თელავის ოფისის დარბევას შსს მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ

9 სექტემბერი, 2009

დღეს, თელავში, 15:00 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა კონსერვატორული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. სასტიკად არიან ნაცემი კონსერვატორების წევრები გიორგი დალაქიშვილი, ერეკლე ცოცანიძე, გიორგი მოსიაშვილი. ასევე, რესპუბლიკური პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ჭონიშვილი, ახალი მემარჯვენეების წევრი არჩილ ჯორჯაძე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტალიური. დარბევის შედეგად განადგურებულია ტექნიკა და ავეჯი. ოპოზიციის წარმომადგენლებს წაართვეს და დაუმტვრიეს მობილური ტელეფონებიც.

მომხდარის თვითმხილველის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, დარბევას თელავის პოლიციის და კუდ-ის თელავის განყოფილების უფროსები ხელმძღვანელობდნენ. ესენი არიან, შოთა ბეჟანიშვილი – თელავის პოლიციის უფროსი; აკა საჩიშვილი – თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე; გოგი გიორგელაშვილი – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსი; ზურა საჩიშვილი და ზურა ქადაგიშვილი - ამავე განყოფილების ოპერატიული მუშაკები და პოლიციის მაღალჩინოსანი ბექა როსტომაშვილი. დარბევაში პოლიციის სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მთივლიშვილმა მათი ზუსტი ვინაობა არ იცის.

დარბევის დროს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორი პოლიციის თანამშრომლებმა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იმედა კევლიშვილმა და ფარნა მაყაშვილმა კონსერვატორების ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს.

გელა მთივლიშვილის განცხადებით, კონსერვატორების ოფისიდან გაძევების შემდეგ, მან ქუჩაში მყოფ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილს პირადად მიმართა და დახმარება სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ, როდესაც კონსერვატორების ოფისიდან ოპოზიციის წარმომადგენლების განწირული ყვირილის ხმა ისმოდა და შველას ითხოვდნენ, არსენიშვილი იქაურობას გაეცალა.

ცნობისათვის, პოლიციელები და ნაცმოძრაობის აქტივისტები კონსერვატორების თელავის ოფისში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ოფისში მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიმღერა ჩართეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები