13 მარტის „იმიტირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით, გაზეთი „ბათუმელები“ „იმედის“ „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანს, ნათია კობერიძეს ესაუბრა. ინტერვიუში კობერიძემ აღნიშნა, რომ მას „ქრონიკის“ მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც ის იცოდა, რომ სიუჟეტზე წარწერა „იმიტირებული“ არ იქნებოდა. ჟურნალისტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რაც სიუჟეტმა გამოიწვია.
ნათია კობერიძე: „გადაცემას ჰქონდა ძალიან სერიოზული მიზანი. მე არ მინდოდა, ეს მიზანი დაკნინებულიყო, მაგრამ ასე კი მოხდა. საზოგადოებამ შოკად მიიღო. ჩემი აზრით, ეს სიუჟეტი ტიტრიანიც შოკის მომგვრელი იქნებოდა, მაგრამ, უბრალოდ, არ გამოიწვევდა პანიკას. ეს იყო შოკზე გათვლილი. მე მეტსაც გეტყვით, არ ვიყავი წინააღმდეგი იმიტირებული საფრთხეების. აღმოჩნდა, რომ ამ ფორმამ, როცა მას დააკლდა ტექნიკურად განმარტება, რომ ეს იყო იმიტაცია, გამოიწვია ასეთი რეაქცია“.
კობერიძე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრია. კობერიძის თქმით, იგი ეთიკის საბჭოს შეხვდება და აუხსნის, რომ გადაცემის იმ ნაწილში, რომელიც თვითონ მოამზადა, ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია.
ნათია კობერიძის თქმით, ის პასუხისმგებლობას გრძნობს და ფიქრობს, რომ თანდათან ეს ინციდენტი უნდა ამოიწუროს.
ანა შეშაბერიძე