კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა ქართულ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის გამო

28 დეკემბერი, 2009

საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
საქართველოს სახალხო დამცველს

2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 7 სათზე ფონდ „ინკლუზივის“ ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ხელმძღვანელის გარდა, ფონდში იმყოფებოდნენ ქალთა კლუბის წევრები. უცნობმა პირებმა ისინი გააფრთხილეს, არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ „მათი უფროსი“ აინტერესებდათ. ფონდის ხელმძღვანელი რამდენიმე პირმა სხვა ოთახში გაიყვანა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონზე დარეკეს და 20:00 საათისათვის ოფისში უცხო პირთა რიცხვი 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, შემოჭრისას არავის ეცვა პოლიციელთა ფორმები (რამდენიმემ მხოლოდ ოფისში შემოიცვა ქურთუკი შესაბამისი წარწერით), არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და იდენტობის გამჟღავნებაზე.

თვითმხილველთა თქმით, მათ ოფისში შემოსულ პირებს შეახსენეს, რომ ჩხრეკას, რომელიც მეორე ოთახში დაიწყო, მოწმეები სჭირდებოდა. ყველას ჩამოართვეს ტელეფონები, ცალკე ოთახში გადაიყვანეს და რამდენიმე „პოლიციელი“ მიუჩინეს. გოგონები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, არ მისცეს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას – ეძახდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს, სატანისტებს, დასცინოდნენ და აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გადაუღებდნენ და გაავრცელებდნენ სურათებს. ჩამოხიეს კედლებზე გაკრული პლაკატი. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც, განსაკუთრებით ფონდის თანამშრომლების – ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩხრეკის ორდერის ან რაიმე საბუთის წარდგენას. ამ მოთხოვნაზე ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, რომ „ორდერსა და საბუთს მხოლოდ იმას აჩვენებენ, ვისაც საჭიროა“. ამ თავდასხმის შემდეგ დააკავეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი.

ერთ-ერთმა პირმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობითა და ჰომოფობიით გამოირჩეოდა, ფონდის თანამშრომელს თავი კუდი-ის ოპერატიულ თანამშრომლად, გიორგი გეგეჭკორად წარუდგინა. თუმცა, 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე იგი გამომძიებლის როლში წარსდგა სასამართლოს წინაშე დავით ხიდეშელის სახელით და გვარით. ამას გარდა, მეორე პირი (როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის ქვეგანყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი), რომელიც განსაკუთრებით ბილწსიტყვაობდა, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა ეკა აღდგომელაშვილს თუ ის დაუყოვნებლივ არ გაჩუმდებოდა („მოგსპობ, მიწასთან გაგასწორებ“, „გააჩუმეთ ეს ქალი, თორემ მოვკლავ“ და სხვ.). ფონდის თანამშრომლის რეპლიკაზე, რომ ისინი აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას და პასუხს აგებენ ასეთ საქციელზე, მან უპასუხა: „მიჩივლე, ფეხები არ მომჭამო“; „მე ვარ კანონიც და სასამართლოც“.
 
გაჩხრიკეს ფონდის ოფისში მყოფი ყველა გოგონას ხელჩანთა. რამდენიმე მათგანის ჩანთა გაიჩხრიკა სხვა ოთახში ისე, რომ მათი მფლობელები არ ესწრებოდნენ ამ პროცედურას და მხოლოდ ამის მერე დაუბრუნეს პატრონს. ორ ქალს შეჰყავდა გოგონები საპირფარეშოში (ზოგი ცალკე, ზოგი ორ-ორად), აშიშვლებდნენ მათ და ჩხრეკდნენ, პარალელურად უწოდებდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს. არც ერთი მათგანის ჩხრეკვის ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ. პროცედურის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი „პოლიციელი“ ქალბატონი პირჯვრისწერით ამბობდა, რომ „ამათ ქალის სხეული შეაზიზღეს“.

ოფისსა და ოფისის თანამშრომლებზე დღემდე ხდება ზეწოლა – გაურკვეველი პირები ღიად უთვალთვალებენ და დაყვებიან მათ. ოფისთან მუდმივად მორიგეობს მანქანა; ასევე რამდენიმე პირი დგას ერთ-ერთი თანამშრომლის სადარბაზოსთანაც, რომელიც ოფისის მახლობლად ცხოვრობს.

ფონდში შემოჭრის მიზეზის მიუხედავად, „ინკლუზივის“ დარბევა იმ ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში ადამიანთა უფლებათადაცვითი ორგანიზაციების მიმართ ხორციელდება და მათ დისკრედიტაციას ემსახურება. ამ მხრივ საყურადღებოა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მანამდე გავრცელებული სიუჟეტი „ადამიანთა უფლებების პრიორიტეტის“ წევრთა მიერ დევნილებისათვის თანხის გამოძალვის თაობაზე, „რუსთავი 2“-ს სიუჟეტი საია-ს მიერ სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის თაობაზე ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების კონოტაციით და სხვ. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის დაშანტაჟების მცდელობა, რომლის მონაწილენიც დღემდე დაუსჯელნი არიან.
შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ორგანიზაცია „ინკლუზივის“ პროფილის გათვალისწინებით, მოხდეს ჰომოსექსუალობის თემით მანიპულირება და საზოგადოების რადიკალურად განწყობილ ჯგუფებში აგრესიის ხელოვნურად გაღვივება.

საგულისხმოა, რომ მსგავს შემთხვევებში, ხელისუფლება განყენებულ პოზიციას იკავებს და ქვეყნის შიგნით თუნდაც დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფის ხარჯზე მართლმადიდებლური ინტერესების დამცველად, ხოლო მის საზღვრებს გარეთ ფუნდამენტალისტურ და სამოქალაქო სექტორის დაპირისპირების მსხვერპლად წარმოაჩენს თავს. აქედან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ მიზანმიმართულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა მარგინალიზაცია, მათი კრიმინალიზაციის ან დისკრედიტაციის გზით.

ამრიგად:

1) ვაპროტესტებთ ადამიანის ღირსების, უფლებებისა და იდენტობის შეურაცხყოფას და მოვითხოვთ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც სიტყვიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სჩადიოდნენ ფონდ „ინკლუზივის“ თანამშრომლების მიმართ.

2) მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ კანონით დადგენილი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა მსგავს შემთხვევაზე, მოიკვლიოს და დასაჯოს მსგავს შემთხვევებში მონაწილე ყველა პირი.

3) ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ პაატა საბელაშვილის პატიმრობის პირობებს და მისი უფლებების ზედმიწევნითი დაცვის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე ვთხოვთ, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ მსგავს შემთხვევებსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების დაცვის ვალდებულების შესრულებას.

3) მოვითხოვთ, საინფორმაციო საშუალებებმა მკაცრად დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და პიროვნების ღირსების ხელშეულებლობა და თავი შეიკავონ ყოველგვარი დეზინფორმაციისა და შესაბამისად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

4) მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ფონდის თანამშრომლების დევნა, თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

5) ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ფონდ „ინკლუზივის“ დარბევის საკითხს და მონიტორინგი განახორციელოს პაატა საბელაშვილის ყველა სამოქალაქო უფლებების ზედმიწევნით დაცვაზე.

ფონდი „ინკლუზივი“
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ეკა აღდგომელაშვილს  -  899 91 50 00

ახალი ამბები