ჟურნალისტები გელა მთივლიშვილი და მადონა ბატიაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მომხდარ ფაქტზე რეაგირებას სთხოვენ.
„ინციდენტის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით დეტალური ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა სახალხო დამცველის აპარატი მომხდარით არ დაინტერესდა. ამიტომ, ჩვენ თავად მივმართავთ ომბუდსმენს რეაგირებისათვის“, - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ალვერდ ჩანქსელიანმა და ხათუნა ახალაიამ, ჟურნალისტებს მადონა ბატიაშვილსა და გელა მთივლიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი 29 ივლისს, 17:00 საათზე, სამინისტროს შენობაში, ორჰუსის ცენტრში მოხდა. „ავადმყოფი ხარ შენ, მკურნალობა გჭირდება“; „იდიოტო, მარტო კი არ დაგარტყავ, უარესს გიზავ, გარეთ რომ გახვალთ სანთლები დაანთეთ...“; „ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ სადაც შეგხვდები, შუაზე გაგხეთქავ“, - დაემუქრნენ ჟურნალისტებს სამინისტროს თანამშრომლები.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი