კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სარაკეტო დანადგარები აფხაზეთში - კრემლის თავხედობის მწვერვალი

12 აგვისტო, 2010
ალექსი ბეჟანიშვილი

რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300 ჰაერსაწინააღმდეგო ტიპის თავდაცვის სისტემები განალაგა. ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსანდრე ზელინის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საჯარისო ნაწილები განთავსდნენ. გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-მ ჯერ კიდევ ორი წლის წინ იცოდა რუსეთის მიერ აფხაზეთში C-300-ს შეტანის შესახებ.

„ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საშუალებების მოვალეობაში არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაცვა შედის, არამედ სახელმწიფო საზღვრების დარღვევის ფაქტების აღკვეთაც. ამ ტერიტორიების საჰაერო სივრცეში უკანონოდ შესული ნებისმიერი საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ განადგურდება, რა მიზნითაც არ უნდა ფრენდნენ ისინი“, - განაცხადა ზელინმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300 საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყება აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს ეს უკიდურესად საშიში, პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, - „ეს ფაქტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ კრემლი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და მის მიზანს წარმოადგენს ამ რეგიონებში სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა“.

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300 საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემის განთავსება წარმოადგენს რუსეთის დეკლარირებული „გავლენის სფეროების“ იმპერიული პოლიტიკის სამხედრო განზომილების გაძლიერების ნათელ მაგალითს, და კოლონიზატორული წარსულის რეანიმაციის მცდელობას. უაღრესად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არაადეკვატურ ადამიანებს ხელთ აქვთ ჩაგდებული არაადეკვატური შეიარაღება, რომელიც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე ზელინის განცხადების შესაბამისად საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასაც“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიიღონ გადამჭრელი ზომები რათა რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, განახორციელოს მათი დეოკუპაცია და სრულად შეასრულოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე C-300 ტიპის სისტემების განლაგებას რუსეთის მიერ მედვედევი-სარკოზი-სააკაშვილის შეთანხმების მორიგ დარღვევად აფასებს.

როგორც იაკობაშვილმა განაცხადა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადად მიუთითებს რუსეთის სურვილებზე. „კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენ გვაშფოთებს, არის ის, რომ ეს შეიარაღება მხოლოდ ქართული, თუნდაც თეორიული საფრთხის წინააღმდეგ ვერ იქნება გამოყენებული. ეს სხვა ტიპის შეიარაღებაა, რომელიც რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელადაა მოგონილი. ხაზგასმით აღვნიშნავ - ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთს აფხაზებისა და ოსების ბედი კი არ აინტერესებს, არამედ, მათი ტერიტორიები, რათა იქ თავისი სამხედრო ძალის პროექტირება შეძლოს“, - განაცხადა იაკობაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა C-300 აფხაზეთში ორი წლის წინ შეიტანა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა. „ეს ჩვენთვის სიახლე არაა“, - აღნიშნა კროულიმ იმ ინფორმაციის კომენტირებისას, თითქოს რუსეთმა С-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსები აფხაზეთში ახლახანს შეიტანა.

სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე C-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება მიუთითებს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაზე არ ფიქრობს.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და თანამედროვე სისტემა რუსულ თავდაცვით შეიარაღებაში, რომელიც აღჭურვილია რადარებით და შესაძლებლობით, დიდ მანძილზე გაანადგუროს საფრენი აპარატები.

„რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, რაც მიუთითებს, რომ იგი სულაც არ ფიქრობს ამ ტერიტორიების დატოვებაზე. ეს ჩვენთვისაც და დასავლეთისთვისაც ძალიან ცუდი მომენტია, რადგან რუსეთი მკვიდრდება ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო პოლიტიკური მოთამაშე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, რუსეთი ან ძალიან საშიშ სტრატეგიულ თამაშს ეწევა , ან საფუძველი აქვს იფიქროს, რომ 2008 წელს საქართველოში ჩადენილი დანაშაული და 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობა შერჩება.

„ის კი არ მიკვირს, რომ რუსეთმა 12 აგვისტოს შეთანხმება არ შეასრულა, არამედ ის, რომ ევროპა რუსეთს მორჩილად შესცქერის და კრემლის თავხედობა გადაყლაპა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობის კომენტირებისას.

ცინცაძის აზრით, 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობით რუსეთი მთელ მსოფლიოს უმტკიცებს, რომ მისთვის საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თამაშის წესები არ არსებობს და იგი არ არის ვალდებული, შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებები.

„ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები