კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს საცხოვრებლების რეაბილიტაციის ხარისხი არ აკმაყოფილებთ

15 ოქტომბერი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

დონორთა კონფერენციის შედეგად, საქართველოსთვის გამოყოფილი 4.55 მილიარდი აშშ დოლარიდან დევნილების დროებით საცხოვრებელი სახლების შეკეთება-რეაბილიტაციას 81,9 მილიონი ლარი უნდა მოხმარებოდა. დევნილთათვის გამოყოფილი ფართების გასარემონტებლად სამშენებლო ფირმები ტენდერის გზით შეარჩია „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“. როგორც მთელ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონშიც დევნილთა პრობლემები უსასრულოა და არ მთავრდება.

სენაკის მუნიციპალიტეტში სამუშაოებზე ტენდერში ოთხმა სამშენებლო კომპანიამ  გაიმარჯვა - შპს „მშენებელი 80“, შპს „ოდა“, შპს „ნიუ ენერჯი“ და შპს „ნოვა“. სენაკის მუნიციპალიტეტში 8517 დევნილია აღრიცხული. მათ შორის, კერძო სექტორში - 4217, ხოლო ორგანიზებულ სექტორში - 4300. სულ დევნილები 45 ობიექტში არიან ჩასახლებულნი, აქედან 16 ობიექტში სარემონტო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.

სენაკში დევნილების უმეტესობა ყოფილ სამხედრო დასახლებაში არსებულ 32 კორპუსში ცხოვრობს. დასახლებაში მცხოვრები დევნილები არასწორად დაგეგმილ და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე დღეს ხმამაღლა საუბრობენ. სამხედრო დასახლებაში მისულებს დაახლოებით ერთი და იგივე სურათი დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტალოპლასტმასის ფანჯრებს ზოგ ადგილას ორმაგი მინა აქვს, ფანჯრებში წყალი მაინც შედის. ასევე, წყალი ჩადის სახურავიდანაც, კედლები უკვე დამსკდარია და შპალერიც არ მაგრდება, იატაკი ირყევა, კანალიზაციის წყალი სარდაფებში ჩადის და კორპუსებიდან ქუჩაში გადის.

„რამდენი თვეა, ასეთ გაუსაძლის პირობებში ვართ. რამდენჯერ დავურეკეთ კომპანიის ხელმძღვანელებს ხარვეზების გამოსასწორებლად, მაგრამ ვინმემ მოგვაქცია ყურადღება? ჩვენი ყოფით არც კი დაინტერესებულან. გვაწვიმს და გვათოვს. მშენებლობის პროცესშიც თვეში ერთხელ გამოჩნდებოდნენ, მერე ისევ დაიკარგებოდნენ. პირველყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობთ. ყველას  მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ვიფიქრეთ ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრეობა აწი იწყებოდა. რემონტამდე არ შემოდიოდა, წყალი და ახლა შემოდის, ყველგან გვაწვიმს. უკვე ამობერილია ლამინატი, ჩამოყრილია კედლებიდან შპალერი“, - ამბობს სოხუმიდან დევნილი იგორ გოგოხია. 

ანალოგიური პრობლემები აწუხებთ გვერდით კორპუსებში მცხოვრებ დევნილებსაც. ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები ოჩამჩირიდან დევნილი ინგა პაპავაც უკმაყოფილოა: „სველი წერტილი, რაც ყველაზე მთავარია, გააკეთეს უხარისხოდ. ერთი თვის განმავლობაში სამზარეულოში მოიშალა ონკანი - არ იკეტება, აბაზანაში საერთოდ დაჟანგულია. რამდენჯერმე მივმართეთ პრეტენზიით, მაგრამ უშედეგოდ. კარგი იქნებოდა, ხარისხიანად გაეკეთებინათ. 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, გაუსაძლის პირობებში ვიყავით. ჩვენი ხარჯითაც ბევრი რამ გავაკეთეთ. ბევრმა გამოცვალა მუშები, ბევრს გაექცა კიდეც, რადგანაც ფასი არ მოსწონდათ“.

ხელფასების გაუცემლობაზე თავისი გასაჭირი შემოგვჩივლა დევნილმა ვლადიმერ კილასონიამაც, რომელსაც სამშენებლო კომპაია „ოდამ“ რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება არ დაუფარა. კილასონიას თქმით, 30-მდე მუშას კომპანია „ოდა“ კუთვნილ ხელფასებს არ აძლევს.

სამხედრო დასახლებიდან რკინიგზის ყოფილი სკოლა-ინტერნატის ორივე კორპუსში გადავინაცვლეთ. გარედან, ასე ვთქვათ,  „ბრწყინავს“ - შეღებილია, ყველგან მეტალოპლასტმასის ფანჯრებია ჩასმული, შესასვლელი კარიც მეტალოპლასტმასისაა. ერთადერთი, რაც გარედან თვალს ცუდად ხვდება, შენობებიდან გამოტანილი ნაგვის გროვებია.

„ნახეთ, ოთახებში რა ხდება?! ხედავ, კედლები როგორ დაიბზარა?! იატაკი აქა-იქ ირწევა, კანალიზაცია ჯერ კიდევ არ მუშაობს, წყალს ეზოდან ვეზიდებით. მუყაოს კარი ჩამოგვიკიდეს, ნორმალურად არც ერთი არ იკეტება“, - ამბობს დევნილი ლიანა პაპავა.

„კედლები ჩემთანაც  გაბზარულია. იატაკიც აკვანივით ირწევა. აივნის კარი უკუღმა ჩამომიკიდეს. წვიმის დროს წყალი შემოვიდა და ლამინატის იატაკი მთლად ამოიბერა. ვითომ რემონტი გაგვიკეთეს! საშინლად, უხარისხოდ გააკეთეს ყველაფერი! ვინ არის ჩვენი პატრონი, ვინ გვაქცევს ყურადღებას?!“ - ამბობს თინათინ სიორდია.

პირველ სართულზე მცხოვრებ ლამარა ჭანტურიას გაბზარული კედლებისა და ამობურცული იატაკის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა აქვს: „300 ლარი გადამახდევინეს, გიფსოკარდონი მაყიდინეს, რომ ეს ერთი ოთახი გადამეტიხრა. პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. ჩემი ორი თვის პენსიით ვიყიდე. საღებავებიც მე მაყიდინეს და ლურსმნებიც. ყველაფერი ჩამოწერილი მაქვს. ერთი ვინმე მოგვაქცევდეს ყურადღებას, წინ დავუდებ ამ ქაღალდს!“

„ეს სუბელიანი ერთხელ მაინც რატომ არ მოვიდა ჩვენთან? მუშებს 2 ლარს უხდიან და იმასაც რომ არ აძლევენ ნორმალურად, მუშების რა ბრალია? იმ თავკაცების ბრალია, ვინც ამ სამუშაოებს აწარმოებს! მობრძანდეს მინისტრი და ნახოს, ხალხი როგორ ცხოვრობს. სენაკს პატრონი არ ჰყავს! ან ეს რა რემონტია? ოთახი გამიკეთეს, კორიდორი ისე დატოვეს!“ - ამბობს ინეზა სართანია.

მე-2 კორპუსის ზედა სართულებზეც იგივე მდგომარეობაა, რაც პირველ სართულზე. დევნილები ერთხმად აცხადებენ, რომ შენობის ყველა ფანჯრიდან ჟონავს წყალი.

„დავდივართ ღამე ვედრებით და ტილოებით. ფანჯრებში ორმაგი მინა უნდა ყოფილიყო. სად არის ორმაგი მინა?! ნახეთ, აბა, თქვენი თვალით. 8 შვილის დედა ვარ და მხოლოდ 3 ოთახი მომცეს. ეს მესამე განა ოთახია?! საკუჭნაოა. ჩემი ორი შვილი აფხაზეთის ომის დროს მძევლად აიყვანეს. ბავშვებს ნერვები დაუზიანდათ. მათი პენსიით ვცხოვრობთ. მამამთილი იქ მომიკლეს... რემონტი ყველას უხარისხოდ გაგვიკეთეს“, - ამბობს როზა ბარათელი.

კორპუსის ყველა ფანჯრის რაფაზე სქელი ტილოებია დაფენილი, შეღებილი კედლები ყველგან დაბზარულია, პლასტიკატის ღერები აქა-იქ ცვივა. იატაკი ყველგან ირწევა.

რკინიგზის ყოფილი სკოლა-ინტერნატის I კორპუსის I სართულზეც შევიჭვრიტეთ. აქ ოთხ მცირეწლოვანშვილიან ოჯახს ფართის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. მთელი I სართული მათ საკუთრებაშია. ოჯახი 2009 წლის მაისში დაწყებული რემონტის დასრულებასაც, როგორც იქნა, მოესწრო, მაგრამ პრეტენზიები მაინც აქვთ: „ამბობენ, კედლებზე ბათქაში ასე რომ დაიბზარა, ვადაგასული საღებავების ბრალიაო. ორჯერ გავაკეთებინეთ მუშებს ამ კედელზე ბათქაში, მაგრამ ნახეთ, როგორი უსწორმასწორო და უხარისხოა. ორ ლარად, აბა, უკეთესს რას გაგიკეთებთო? - გვიბღვერდნენ მუშები“, - ამბობს დრანდიდან დევნილი სპარტაკ ჩიჩუას მეუღლე.

დევნილი მოსახლეობის პრეტენზიებს არ ეთანხმებიან სამშენებლო ფირმის „მშენებელი 80“-ის წარმომადგენლები. ისინი ასევე კატეგორიულად უარყოფენ მუშებზე ხელფასების გაუცემლობას.

როგორც გავარკვიეთ სარემონტო სამუშაოების გადავადების გამო კომპანია „ნოვა“ 108 000 ლარით დაჯარიმდა.

ახალი ამბები