კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თოფთან ერთად მძინავს, რომ ბავშვი კიდევ არ გამტაცონ“

4 ნოემბერი, 2010
ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში მცხოვრები იამზე დიასამიძე ახმეტის პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც იამზე დიასამიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ, ღამით, სახლში შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს და 12 წლის გოგონა გასტაცა. იამზე დიასამიძის თქმით, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში თავდამსხმელი მას შვიდივე შვილის დახოცვით დაემუქრა. მრავალშვილიანმა დედამ პოლიციას ბოროტმოქმედის ვინაობა დეტალურად აუღწერა, თუმცა სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

„ჩვენ 2004 წელს აჭარიდან ვართ ჩამოსახლებულები. იქ სახლი სტიქიის შედეგად დაგვენგრა. ჩემი მეუღლე აჭარაშია წასული, რადგან იქ მუშაობს და პურის ფულს იქიდან გვიგზავნის. სახლში მე და ჩემი 7 შვილი ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინ, შუაღამე იყო, მეძინა და ბავშვმა გამაღვიძა, ვიღაც იძახისო. კარის გასაღებად რომ წავედი, ნიღბიანი კაცი შემოვარდა იარაღით და მითხრა, ახლოს არ მოხვიდე, თორემ დაგცხრილავო. აი ის გოგონა გამატანე, თორემ ყველა შვილს დაგიხოცავო. ძალიან შემეშინდა. სხვა გზა არ მქონდა. მუქარა იმდენად რეალური იყო, რომ იძულებული გავხდი სხვა შვილების გადარჩენის გამო ბავშვი მიმეცა. როგორც ეზოდან გავიდა, ყვირილი ავტეხე. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ბავშვი დაბრუნდა. ყვირილი როცა გაუგია გამტაცებელს, გოგონა მიუტოვებია და გაიქცა. ვიცი ვინც იყო თავდამსხმელი, აქაური ქისტია. პოლიციაში განვაცხადე, ვის აღარ მივმართე, თბილისშიც კი ჩავედი, მაგრამ ის კაცი ისევ გარეთ არის. პოლიცია არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ უბნის რწმუნებული რამდენიმე დღეში ერთხელ სოფელში შემოივლის და მეკითხება, ხომ უსაფრთხოდ ხართო. უსაფრთხოდ რომ ვიყო, თოფთან ერთად კი არ დავიძინებდი. მეშინია, ბავშვი კიდევ არ გამტაცონ. ბავშვებიც ცუდ დღეში არიან, ძალიან ეშინიათ. არსად წასასვლელი არ მაქვს, თორემ აქედან აქამდე ავიყრებოდით“, - აღნიშნავს იამზე დიასამიძე.

ბავშვის გატაცების საქმესთან დაკავშირებით ახმეტის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.

იამზე დიასამიძეს გუშინ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებიც შეხვდნენ. როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, ორგანიზაცია სპეციალური წერილით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, პირად კონტროლზე აიყვანოს საქმის გამოძიება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები