კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსკოვი საქართველოში ტერაქტების ორგანიზებას უარყოფს

8 დეკემბერი, 2010
ნინო დიღმელაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ნოემბერ–დეკემბერში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებული 6-კაციანი ჯგუფის დაკავების შესახებ. დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ლეიბორისტების“ ოფისთან მომხდარი აფეთქება. ასევე - მუხიანის 1მკ/რნ-ში, ნონეშვილის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს სიახლოვეს, თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი ორი აფეთქება და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან, სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.

დანაშაულებში ეჭვმიტანილია კიდევ ორი პირი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული. შსს-ს ინფორმაციით, ისინი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებენ თავს. დაკავებულები ოკუპირებული ტერიტორიიდან - გალიდან არიან.

„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. როგორც 8 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, თბილისში განხორციელებული აფეთქებების სერია, რომელსაც მსხვერპლიც მოყვა, პოლიტიკური ტერაქტი იყო და ის სამ ძირითად მიზანს ემსახურებოდა - სააკაშვილს სურდა დაეშინებინა ხალხი, საქართველოს ხარჯზე დაეპირისპირებინა ამერიკა და რუსეთი და მომავალ ტერაქტებზე, რომლებიც მოსალოდნელია, შეექმნა ალიბი, რომ ძალადობა უცხო ქვეყნებიდან მომდინარეობს. ამავე დროს ნათელაშვილმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის ლობირება.

ამავე დროს, შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში მომხდარი აფეთქებების უკან რუსი მაიორი, ევგენი ბორისოვი დგას. იგი აფხაზეთის განლაგებულ სამშვიდობო ძალებში მსახურობდა. შს მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძეს განცხადებით, ბორისოვი უკვეთავდა და აფინანსებდა ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენას. ზღულაძემ კრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ სხვა აფეთქებებიც მზადდებოდა, რაზეც მიუთითებს შსს-ს მიერ აღმოჩენილი 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის 10 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგელი.

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსული სპეცსამსახურების მიერ ტერაქტების განსახორციელებლად გალის რაიონის მცხოვრებთა გამოყენება მოსალოდნელი იყო, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმი შანტაჟითა და დაშინებით აიძულებს ადგილობრივ მოსახლეობას აკეთოს ის, რისი გაკეთებაც მათ არ უნდათ.

ექსპერტის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ „ლეიბორისტების“ ოფისთან სხადასხვა ექსცესები სხვა დროსაც მომხდარა, აფეთქებების ორგანიზატორთა გათვლა სწორი იყო - თავიდანვე ცხადი იყო, რომ „ლეიბორისტული პარტია“ მომხდარში ხელისუფლებას დაადანაშაულებდა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ირაკლი სესიაშვილი მიესალმება სამართალდამცავების მიერ რუსული სპეცსამსახურების დავალებით განხორციელებული ტერაქტების დამკვეთების დადგენას და შემსრულებლების ნაწილის დაკავებას. მისივე შეფასებით, აშშ-ის საელჩოსთან განხორციელებული ტერაქტების გამო რუსულ მხარეს პასუხის გაცემა ვაშინგტონისთვის მოუწევს.

„რუსულ მხარეს ამერიკელი კოლეგებისთვის მოუწევს იმის განმარტება, თუ რაში დასჭირდა რუსულ სპეცსამსახურს თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქების ორგანიზება“, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ ინციდენტს აშშ-სა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი მოყვეს, რამაც შესაძლებელია, რუსეთი აიძულოს გარკვეულ დათმობებზეც წავიდეს ამერიკასთან მიმართებაში. თუმცა, კრემლის მხრიდან თბილისის დათმობები ნაკლებად სავარაუდოა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის ცნობით, ყველა დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

მოსკოვი საქრათველოში მომხდარ ტერაქტებთან რუსი ოფიცრის კავშირს უარყოფს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ წერს.

„კომერსანტს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ აფეთქებებთან მოსკოვის კავშირის შესახებ ინფორმაცია პროვოკაციაა.

„ეს მორიგი, ცუდად დაგეგმილი და ცუდად დადგმული პროვოკაციაა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ გამოგონებებში საქართველოს ხელისუფლება ძალიან მოუხეშავად მუშაობს. საჭიროა რაიმე უფრო გამჭრიახი, ზღაპარი ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე რეგისტრირებულ ტელეფონზე“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ „ენვერი 2“-ს ეთერში გასვლა რუსეთ-ევროკავშირის სამიტს უკავშირდება.

ახალი ამბები