კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს

14 დეკემბერი, 2010
ნინო მიქიაშვილი, პრესა.გე

წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახში მივიდნენ და ჯარისკაცის ქვრივს განუცხადეს: „როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებული“. სპეციალური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც ჩაწერეს, რომ როინ შავაძე გარდაცვლილია, მათ შავაძეების ოჯახი დატოვეს. ეს ამბავი გასულ ორშაბათს მოხდა, რის შესახებაც პრესა.გე როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს ესაუბრა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ადვოკატ შალვა შავგულიძეს.

ციცინო შავაძე: „ჩვენს ოჯახში 6 დეკემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მოვიდნენ და მითხრეს –  როინ შავაძე სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო. კინაღამ გავგიჟდი, ჭკუიდან გადავედი, ხმამაღლა ვიკივლე – მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ–მეთქი. გოგონა მგონი სასამართლოს მანდატური იყო. ახალგაზრდა მამაკაცმა მითხრა, რომ ის პოლიციაში მუშაობდა.

მან დაიფიცა, არ ვიცოდით, რომ როინ შავაძე მკვდარი იყო. არადა, მათი წასვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩვენთან მოსვლამდე მეზობლებისთვის უკითხავთ, რაზეც პასუხად მიუღიათ – არ მიაკითხოთ, არ შეხვიდეთ სახლში, ქალი გაგიჟდება, არ იცით, რომ მკვდარიაო?! გოგონას პოლიციელისთვის უთქვამს - სახლში არ ავიდეთო, მაგრამ ამაზე პოლიციელს უპასუხნია არა, ავიდეთო და ამოვიდნენ“.

„ესაა მცდელობა, ჭკუიდან გადამიყვანონ და მიწასთან ბოლომდე გამასწორონ“, - დასძენს ჯარისკაცის ქვრივი, - „დღემდე მიჭირს გონზე მოსვლა. დედამ ეს ამბავი, რომ გაიგო, ინერვიულა და გულის შეტევით ბათუმის საქალაქო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ნუთუ სისხლი არა აქვთ, გული არა აქვთ და ადამიანები არ არიან?! – მკვდარი კაცის სახელი, გვარი უწერიათ ფურცელზე, რითაც მოდიან მის სახლში და გვეუბნებიან სასამართლოში მოწმედაა დაბარებულიო“.
 
მას შემდეგ, რაც ჯარისკაცის ქვრივმა მომხდარის შესახებ მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს აცნობა, ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა და მოსამართლე ვერა დოლიძის თანაშემწისგან სიტყვიერად შეიტყო, რომ როინ შავაძე ასლან აბაშიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაკითხული.

პრესა.გე–ს ასლან აბაშიძის ერთ-ერთი ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ აცნობა, რომ აბაშიძის საქმესთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიების ეტაპზე როინ შავაძეს მართლაც აქვს ჩვენება მიცემული.

შალვა შავგულიძე: “ჩემს ეპიზოდში ასლან აბაშიძეს ხიდების აფეთქების ორგანიზება ედება ბრალად. როინ შავაძეს ამ საქმესთან უშუალო შემხებლობა არ აქვს; ის ამ სფეროს სპეციალისტი ყოფილა და რაღაც გარემოებებზე ზერელედ არის დაკითხული“.

უფროსი სერჟანტი, როინ (რომა) შავაძე ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული იყო, როცა ბათუმის ცენტრში, 2008 წლის 16 აგვისტოს, შუადღეს, ქალაქის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ჯარისკაცის დაკავების ამბავი მისმა მეუღლემ სამსახურში ყოფნისას შემთხვევით შეიტყო. ოჯახმა ჯარისკაცის ასავალ–დასავალს, რომ ვერ მიაკვლია, სახალხო დამცველის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, მაგრამ როინ შავაძის ადგილსამყოფელი ვერც მათ დაადგინეს.

იმავე დღეს, გვიან საღამოს, სახლში მყოფ შავაძეებს, ქუჩიდან უბნის პოლიციის თანამშრომელმა შესძახა – “რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს.

შავაძეებზე ღია ტერორი შეწყდა მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ტელეეკრანიდან კი - „ახლებმა“ და „რესპუბლიკელებმა“; აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ როინ შავაძის შესახებ კითხვა დასვა; ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო.

ჩვენს მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ომიდან ორი დღის დაბრუნებული ჯარისკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს, რაზეც ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს: „ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს“.

როინ შავაძის საქმე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – 108 (განზრახ მკვლელობა) და 260–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი (ნარკოტიკული დანაშაული), რომელიც ამჟამინდელი კანონის მიხედვით, 15 წელი შეიძლება გაგრძელდეს. ჯარისკაცის მეუღლე, ციცინო შავაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დღემდე არ უცვნიათ; საქმის მასალებს არ აცნობენ შავაძეების ადვოკატს, რამინ პაპიძეს.

მიმდინარე წლის სექტემბერში, რამინ პაპიძემ ამჯერად საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას საჩივრით მიმართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმის მასალების გაცნობა და ციცინო შავაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა.

პაპიძეს ამ საჩივარზე პასუხი გასცა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, გიორგი გრატიაშვილმა, რომელშიც ასეთი რამ წერია: „თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი ვერ იქნება გაზიარებული იმ გარემოებათა გამო, რომ თქვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად არ გაგაჩნიათ შესაბამისი სტატუსი, არ წარმოადგენთ პროცესუალურ მხარეს, რაც საფუძველი იქნებოდა თქვენი მოთხოვნის საქმის მასალების სრულად გაცნობის დასაკმაყოფილებლად.

რაც შეეხება ციცინო შავაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას, მინდა მოგახსენოთ, რომ დღეისათვის წინასწარ გამოძიებას არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები, რაც მიანიჭებდა აწ გარდაცვლილი შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს ზემოაღნიშნულ სტატუსს. კერძოდ, დღეისათვის საქმეზე არ არის მიღებული დამატებითი სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე სრულყოფილი გადაწყვეტილების მიღებას“.

სრული ვერსია: http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2393

ახალი ამბები