კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავს გაუფრთხილდი, რამე არ დაგემართოს, ბიჭო!“

15 დეკემბერი, 2010
ალექსი ბეჟანიშვილი

„ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას რადიო „პალიტრის“ ეთერში ღიად დაუპირისპირდა და დაემუქრა. ჟურნალისტმა „რეზიუმეს“ გუშინდელი გადაცემა პროტესტის ნიშნად დატოვა. გია გაჩეჩილაძე, იგივე - „უცნობი“ აცხადებს, რომ პირდაპირ ეთერში გამოიჭრის ყელს. ჯურნალისტი ჯაბა ხუბუა კი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებს პოლიცმაისტერებსა და ციციკორეებს უწოდებს.

მთელი ამ აურზაურის მიზეზი გახდა ორშაბათს გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ხუბუას სკანდალური სტატია, რომელშიც საუბარია 2008 წლის იანვარში, შავნაბადაზე, ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრაზე და რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარიგებაზე.

სკანდალური ბრალდება

„ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორი, ჯაბა ხუბუა ამტკიცებს, რომ ხელთა აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მოთხოვნები ჩამოუწერა.

კერძოდ: „დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად“, „მინდა ხუთი მილიონი“, „ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმენლად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი“. გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი გიგა ბოკერია არის კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი...

სააკაშვილმა, როგორც „ასავალ–დასავალშია“ მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის „გადაგდებას“ ასახელებს.

გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო. იმ დღეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა იპოდრომზე მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. მომიტინგეები პარლამენტისკენ არ გაემართნენ, სადაც სააკაშვილის ინაუგურაცია ექსცესების გარეშე დასრულდა.

„თავს გაუფრთხილდი, რამე არ დაგემართოს ბიჭო!“

„ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა მიქაიამ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა და მოითხოვა, დაესახელებინა, რა თანხა აიღო ამ სტატიის დაწერისთვის.

ჯაბა ხუბუამ ბრალდება კატეგორიულად უარყო და პირობა დადო, რომ წერილობით დოკუმენტს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს ეკუთვნის და სადაც სიტყვა-სიტყვით წერია მისი მოთხოვნების შესახებ, უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. „ამ ფურცელს შეგიძლიათ გაუკეთოთ ექსპერტიზა“, - დასძინა მან.

ხუბუამ ასევე განმარტა, რომ ის არის ჟურნალისტი და ნებისმიერ კომპრომატზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო ეს მიწოდებული, სტატიას დაწერდა. მისი თქმით, მას იგივე შეუძლია გააკეთოს იმ შემთხვევაშიც, თუ „ქართული პარტია“ მსგავს კომპრომატებს მიაწვდის.

მიქაიამ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ „ქართული პარტია“ იკვეთება ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად და ამიტომ დაიწყო მის წინააღმდეგ აგრესიული შეტევები. „ქართულ პარტიას“ უტევს ყველა, მათ შორის, ჯაბა ხუბუაც, რომელიც არის ხელისუფლების მოსყიდული“, - განაცხადა მან და ხუბუას პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე გაუმეორა: „თავს გაუფრთხილდი, რამე არ დაგემართოს ბიჭო!“

როგორც მიქაიას ბრალდებაზე ხუბუამ აღნიშნა, მას „საჯაროდ შეუძლია დაიგინოს“, რომ არ არის ხელისუფლების აგენტი, იმ შემთხვევაში, თუ იგივეს ლევან გაჩეჩილაძეც გააკეთებს.

საბოლოოდ გადაცემა „რეზიუმეს“ პირდაპირი ეთერი იმით დასრულდა, რომ სტუდია ჯერ ჯაბა ხუბუამ დატოვა, შემდეგ კი კახა მიქაიამ. თუმცა, ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება „პალიტრა მედიის“ დერეფანშიც განაგრძეს.

„მზად ვარ, პირდაპირ ეთერში ყელი გამოვიჭრა“

ასეთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს გია გაჩეჩილაძე - ე. წ. უცნობი.

მისი ძმის მიერ 20 მილიონი ლარის აღების დადასტურების შემთხვევაში, „უცნობი“ მზად არის „პირდაპირ ეთერში ყელიც კი გამოიჭრას“, - ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტის გამოქვეყნებისა და მისი ექსპერტიზის შემდეგ, თუ მართლაც დადასტურდა, რომ მისმა ძმამ 20 მილიონი ლარი აიღო, გამოდის, რომ მას საერთოდ „არ უცხოვრია“.

„პირდაპირ ეთერში გამოვიჭრი ყელს. გამოდის, რომ არ მიცხოვრია“, – განაცხადა „უცნობმა“ და დაინტერესდა, რას იზამს ჯაბა ხუბუა, თუ დადასტურდა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ყალბია. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ჯაბა ხუბუამ „გაზეთი უნდა დაახვიოს და შეჭამოს“.

ზოგადად კი, გია გაჩეჩილაძე მისი ძმისა და პრეზიდენტის საიდუმლო შეხვედრას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მან ძმის შესახებ ყველაფერი იცის. ლევან გაჩეჩილაძის დისკრედიტაცია კი, ოპოზიციას და ხელისუფლებას თანაბრად სურთ.

გია გაჩეჩილაძის შეფასებით, ოპოზიციაში ადამიანები ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ, რის მაგალითებზეც გაჩეჩილაძემ აღარ ისაუბრა. „არ მსურს ბზარი შევიტანო იქ, სადაც დიდი ხანია, ბზარი გაჩენილია“, - თქვა მან.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში - „არგუმენტები“ ჯაბა ხუბუამ და გია გაჩეჩილაძემ პოზიციები ცალ-ცალკე დააფიქსირეს. დებატები ჯაბა ხუბუას მოთხოვნით არ შედგა იმ არგუმენტით, რომ მას დებატები მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძესთან სურდა. გია გაჩეჩილაძე კი ტელეკომპანია გადაცემაში მიწვეულ ხუბუასთან პირდაპირ ეთერში შესვლას სწორედ იმ დროს ითხოვდა, როცა ჟურნალისტი ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობდა.

ტელეკომპანიის დაცვამ და თანამშრომლებმა გია გაჩეჩილაძეს აუხსნეს, რომ ჯაბა ხუბუასთან წინასწარი შეთანხმება არსებობდა, რომ ის გადაცემაში მხოლოდ თეა სიჭინავასთან ერთად ისაუბრებდა.

გადაცემის პირველი ბლოკის დასრულების შემდეგ, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ჯაბა ხუბუა შენობის სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი უკვე გია გაჩეჩილაძეს დაეთმო.

„არ მესმის იმ ადამიანების...“

ჯაბა ხუბუა ამტკიცებს, რომ მას ჟურნალისტური ეთიკა არ დაურღვევია და არც „ჟურნალისტთა ქარტიის“ შემქმნელების მოსაზრებები აინტერესებს. როგორც მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ნებისმიერი ჟურნალისტი გამოაქვეყნებდა იმ მასალას, რაც მას მიაწოდეს.

რაც შეეხება „ჟურნალისტთა ქარტიას“, რომლის წინაშეც „ქართული პარტია“ ჯაბა ხუბუას საკითხის დასმას აპირებს, ჟურნალისტს მათი მოსაზრება და პოზიცია არ აინტერესებს.

„არ მესმის, იმ ადამიანებს, ვინც ეს ქარტია შეიმუშავა და ვინც ეთიკის საბჭოშია - ვინ განუსაზღვრა, რომ ქართული ჟურნალისტიკის ზნეობის პოლიცმაისტერები და ციციკორეები არიან; ან ვინ მისცა მათ იმის უფლება, რომ ჩემი ან თქვენი მასალების ექსპერტიზა გააკეთონ“, – განაცხადა ხუბუამ და აღნიშნა, რომ ამ მიზეზებით, ის ქარტიაზე ხელმომწერი არ არის.

ამავე დროს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა  განაცხადა, რომ იგი ხელისუფლებისა და „ქართული პარტიისგან“ ერთნაირ საფრთხეს გრძნობს და მის მიმართ პროვოკაციას არ გამორიცხავს. მისი თქმით, რადიო „პალიტრის“ ეთერში „ქართული პარტიის“ წევრ კახა მიქაიასგან არაერთხელ მოისმინა მუქარა, რომ „მას შეიძლება რაღაც მოუვიდეს“ და „ამაში დამნაშავე ხელისუფლება იქნება“. ხუბუას აზრით, როცა ადამიანი მსგავს განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებას წინასწარ აკისრებს პასუხსმგებლობას, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

შესაბამისად, თუ მართლაც რამე პროვოკაცია განხორციელდება ჯაბა ხუბუას მიმართ, ამაში ჟურნალისტი წინასწარ ადანაშაულებს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და კახა მიქაიას. მისი აზრით, მის მიმართ პროვოკაციაში ორივე მხარე შეიძლება იყოს დაინტერესებული. ხელისუფლების ინტერესს იმ არგუმენტით ხსნის, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა იმ სქემის გაშიფვრა, რაც ჯაბა ხუბუას მიერ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ მოხდა. კიდევ ერთ არგუმენტად ხუბუას ე.წ. ნაციონალური ტელეკომპანიების პოზიცია მოჰყავს. „არც ერთმა ნაციონალურმა არხმა კრინტიც კი არ დაძრა“, – დასძინა ჯაბა ხუბუამ.
„ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები