კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მასწავლებლის გათავისუფლებას მოითხოვს

26 აპრილი, 2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლიდან მათემატიკის მასწავლებლის ნუნუ ირემაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის ინფორმაციით, მასწავლებელმა მე-5 კლასის მოსწავლეს თავი კედელზე და მერხზე არტყმევინა. 

ვაზისუბნის საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტით განათლების სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერსდნენ, ტელეკომპანიებმა კი სიუჟეტები გადაიღეს, ოღონდ ეთერში არ გაუშვეს, რადგან ნუნუ ირემაშვილი კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მამიდაშვილია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით ორგანიზაციამ გურჯაანის რაიონულ პროკურატურას მიმართა.

ვაზისუბნის სკოლაში ინციდენტი 18 აპრილს მოხდა. მე-5 კლასის ხელმძღვანელი ნუნუ ირემაშვილი სადამრიგებლო კლასში იმ დროს შევიდა, როცა მათ ბუნების გაკვეთილი ჰქონდათ. თვითმხილველების თქმით, ნუნუ ირემაშვილმა ლუკა საკლასო ოთახში, ბუნების მასწავლებლის ციცინო სოლომნიშვილის თანდასწრებით ცემა. ლუკას თანაკლასელები ამბობენ, რომ ბუნების მასწავლებელს ნუნუ ირემაშვილისთვის ბავშვის ცემაში ხელი არ შეუშლია. ციცინო სოლომნიშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ჩვენ გამოვკითხეთ ლუკას 8 თანაკლასელი. ყველა მათგანმა დაგვიდასტურა, რომ მათემატიკის მასწავლებელმა ნუნუ ირემაშვილმა, რომელიც მათი კლასის ხელმძღვანელია, ლუკა ნამდვილად ცემა: 

„სკოლასთან ერთი ქალი ცხოვრობს, ნატო. ამბობენ დანა აქვსო და ბავშვებს ძალიან გვეშინია. ლუკამ ის ქალი გააბრაზა. ის ქალი სკოლაში მოვარდა და დირექტორთან ერთად გაკვეთილზე შემოვიდა. ლუკამ ბოდიში მოიხადა, მაგრამ მასწავლებელმა მაინც ცემა“.

„თავი კედელზე არტყმევინა. ხელზე ბეჭედი აქვს და ის ბეჭედი ურტყა თავში და სახეში. თან ყვიროდა, როგორ გაბედე ცუდად მოქცევაო. ლუკა ეხვეწებოდა, მასწავლებელო ნუ მცემთო, მაგრამ ის ყვიროდა. ეხლა უარესად არ გამაბრაზო, თორემ ტუფლი თუ გავიხადე, ქუსლით თავს გაგიხვრეტო“.

„სულ გვცემს ხოლმე, რამე რომ არ მოეწონება, გვირტყამს. თან გვემუქრება, სახლში არაფერი თქვათ, თორემ ნიშანს აღარ დაგიწერთო“.

„ცოტა ხნის წინ ჩვენი კლასელი სერგი ისე ცემა, რომ ცხვირიდან სისხლი წასკდა და ძლივს გაუჩერეს“.

დარეჯან იაგანაშვილი, ლუკა იაგანაშვილის დედა: „ლუკას სკოლის გვერდზე მცხოვრები ქალი პარასკევს გაუბრაზებია. იმავე დღეს, საღამოს შემატყობინეს, რომ სკოლაში მიბარებდნენ. ორშაბათს მივედი. მეორე გაკვეთილი იყო დაწყებული. შევხვდი კლასის ხელმძღვანელს ნუნუ ირემაშვილს და როცა ამიხსნა, რომ ბავშვმა იცელქა, ბოდიში მოვუხადე. შევხვდი იმ ქალსაც და სკოლის დირექტორსაც და ორივეს ბოდიში მოვუხადე. თურმე ამ დროს ბავშვი უკვე ნაცემი ჰყავდათ. ლუკა რომ ნაცემი იყო, ამის შესახებ საღამოს, ახლობლისგან გავიგე.  ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ მასწავლებლისთვის ეს აღარ უნდა გვეპატიებინა. სამშაბათს ჟურნალისტებიც მოვიდნენ. იყვნენ „იმედიდან“, „რუსთავი 2“-დან და „პირველი არხიდან“. სკოლაში გადაიღეს, ვიღაცეები ჩაწერეს, მაგრამ სიუჟეტები ეთერში არ გაუშვეს. ჩემთვის გასაგებია, რატომ არ გავიდა მასალა ეთერში. ჩვენც შემოგვითვალეს, რომ დავას აზრი არ აქვს, ნუნუს ზურგი აქვს და ვერაფერს დააკლებთო. ამიტომ, აღარ ვდაობთ“.

ნუნუ ირემაშვილს ვერ დავუკავშირდით. ჩვენ მას საცხოვრებელ სახლშიც მივაკითხეთ, თუმცა ვერ ვნახეთ. შევხვდით მის დას, ანიკო ირემაშვილს, რომელიც სოფელ ვაზისუბნის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად მუშაობს. 

„რა ცემა, რის ცემა?! მოგონილი ამბავია. მე და ჩემი და ჭიანჭველას არ ვადგამთ ფეხს, ბავშვს როგორ ვცემთ. გიორგის სიცოცხლეს გეფიცებით“.

- ვის გიორგის სიცოცხლეს გვეფიცებით?

- ვითომ არ იცი ეხლა. იმას ამხელა ჩრდილს როგორ მივაყენებთ? აბა რას ამბობ?“.

როგორც მივხვდით, ანიკო ირემაშვილმა სწორედ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი იგულისხმა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ „შეისწავლეს საქმე და აღმოჩნდა, რომ ცრუ განგაშია. ინფორმაცია არ დადასტურდა“. 

რესურსცენტრის წარმომადგენლები არ შეხვდნენ არც დაზარალებულ ბავშვს, არც მის მშობლებს და არც ლუკას თანაკლასელებს.

ახალი ამბები