კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია „მედიაპალიტრის“ ობიექტების მოულოდნელი დალუქვის გამო

8 ივნისი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია შემოსავლების სამსახურის მიერ „მედიაპალიტრის“ ობიექტებში მოულოდნელი შემოწმების დაწყებისა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის, აგრეთვე - მედიაჰოლდინგის კუთვნილი საწყობების დალუქვის გამო.

„მედიაპალიტრის“ მედიასაშუალებები - რადიო „პალიტრა“, „პალიტრა TV“ და „ინტერპრესნიუსი“ 26 მაისს ოპერატიულად და ობიექტურად აშუქებდნენ შსს-ს სპეცრაზმის მიერ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დარბევას. იმ ღამით ამ მედიასაშუალებების ჟურნალისტები ადგილზე იმყოფებოდნენ და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აგროვებდნენ ინფორმაციას საზოგადოებისთვის. სპეცრაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს დარეჯან პაატაშვილს. ვიდეოკამერა დაუმტვრიეს „პალიტრა TV“-ის ოპერატორს ავთანდილ სურმავას. სპეცრაზმელებმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კიდევ ერთი კორესპონდენტი, მალხაზ ჭკადუა ცემეს, საბუთები წაართვეს, დააკავეს და დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი საათნახევრის განმავლობაში დაკავებული იყო და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„მედიაპალიტრის“ აღნიშნული მედიასაშუალებები და სხვა გამოცემები 26 მაისის შემდგომ დღეებშიც განაგრძობდნენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საზოგადოებას აწვდიდნენ ობიექტურ ინფორმაციას საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული თუ გაუჩინარებული ადამიანების შესახებ. ავრცელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო განცხადებებს და პოზიციას, რისი დეფიციტიც იყო საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სხვა ტელეარხებზე.

აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მოულოდნელი იერიში „მედიაპალიტრაზე“ არის ამ მედიაჰოლდინგის დასჯის მცდელობა.

მართალია, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ შემოწმება გეგმიურია და ჰოლდინგის შპს-ების ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება, მაგრამ „ინტერპრესნიუსის“ გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო კადრები, სადაც გარკვევით ჩანს, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“, ქაღალდისა და სტამბის საწყობები დალუქულია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, შეაჩეროს იერიში სიტყვის თავისუფლებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე; მისცეს შეუფერხებელი მუშაობის საშუალება „მედიაპალიტრას“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, აგრეთვე, მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური ადევნონ მედიაპალიტრის „შემოწმების“ პროცესს და მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელსაც შესაძლოა, ამ მედიაჰოლდინგის დასუსტება და დაშლა ჰქონდეს განზრახული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიასაშუალებები - Humanrights.ge და HRIDC.TV სოლიდარობას უცხადებენ „მედიაპალიტრას“, კოლეგებს და იმედს იტოვებენ, რომ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი შეაჩერებს ხელისუფლების მორიგ ძალადობრივ პროვოკაციას თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი
08.06.11.

ახალი ამბები