26 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაკავებული 11 პატიმარი თელავის იზოლატორს დღეს, ღამე დატოვებს. დაკავებულებს პატიმრობის 30 დღიანი ვადა ღამის 12 საათის შემდეგ ეწურებათ.
„პატიმრებს სასჯელის ვადა ღამის 12 საათის შემდეგ უმთავრდებათ. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი დროა. პატიმრების ადგილზე გადაყვანას იზოლატორები არ უზრუნველყოფენ, ამიტომ მათ ღამის პირველ საათზე მოუწევთ თელავიდან გამგზავრება“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, იზოლატორში 7 პატიმარი დარჩება, რომლებსაც 40 და 60 დღიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
დღესვე, საღამოს, თელავის იზოლატორთან, სოლიდარობის ნიშნად, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წევრები შეიკრიბებიან.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი