საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰეიგი შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დაკავებული ფოტორეპორტიორის ზურაბ ქურციკიძის საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გერმანიის საელჩოს პროტოკოლის სამსახურში განუცხადეს.
პროტოკოლოს სამსახურის წარმომადგენელი ამ ეტაპზე შეხვედრის დეტალებს არ აკონკრეტებს.
ქეთი კუჭავას თქმით, კონსულტაციას ელჩთან გაივლის და თანხმობის შემთხვევაში, ის "ინტერპრესნიუსს" დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
“ინტერპრესნიუსმა" და "პალიტრა ტვ"-მ გერმანიის საელჩოს დიპლომატიური ავტომანქანა შს სამინისტროს შენობასთან, ჟურნალისტების აქციის დროს დააფიქსირეს, რომელშიც ჩვენმა კორესპონდენტებმა გერმანიის ელჩი ორთვინ ჰეიგი ამოიცნეს როდესაც ის შსს-ს შენობას ტოვებდა.
სააგენტო EPA-ს სათაო ოფისი, სადაც ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე მუშაობდა, ფრანკფურტში მდებარეობს. ჟურნალისტ ია ანთაძის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლას EPA-ს წარმომადგენლებიც გეგმავენ.
ინტერპრესნიუსი