კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის პასუხი სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაზე

7 ივნისი, 2012

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 4 ივნისს ოპერატიულად გამოეხმაურა იმავე დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციას, სადაც ჟურნალისტებს კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმრის შესახებ მიეწოდა ინფორმაცია.

„განცხადება ადამიანის უფლებათა ცენტრში ადვოკატის მიერ ჩატარებული ბრიფინგის შესახებ“, - ასეთი სათაურით გავრცელდა იმავე საღამოს ტექსტი, სადაც სამინისტრო ცდილობს, გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის დისკრედიტაციით და შეურაცხყოფით გაექცეს კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, რაც მას თითოეული პატიმრის მიმართ აკისრია.

პირველ რიგში, საინტერესოა, რომ სამინისტრომ პატიმარ ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენციის საპასუხოდ გადაწყვიტა, „ღრმა მწუხარება“ გამოეხატა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ როცა მანამდე საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებია არც თვითონ ამ ფაქტის და არც პატიმრის სიკვდილის მიზეზების შესახებ.

გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პატიმრისადმი უყურადღებობას თვითონ კი არა, ადვოკატი იჩენდა და იშველიებს არგუმენტს, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე პატიმართან შესახვედრად #17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 28 მაისს მივიდა, სადაც მოულოდნელად შეიტყო, რომ პატიმარი გარდაცვლილი იყო. სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების თარიღად 9 მაისს ასახელებს და აცხადებს, რომ „ადვოკატმა დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვალებიდან 20 დღის შემდეგ მოიკითხა და არ იყო საქმის კურსში არც მისი ადგილსამყოფელის და არც მისი მკურნალობის შესახებ. როგორც  ჩანს, არც ოჯახს ჩაუთვლია საჭიროდ მისი ინფორმირება“.

სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მხოლოდ ოჯახს შეატყობინა, ადვოკატებისთვის კი ეს ფაქტი არ უცნობებია. მთელი რიგი გარემოებების გამო, ადვოკატებს ინფორმაცია ვერც გარდაცვლილის ოჯახმა მიაწოდა, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, იმთავითვე დაინტერესებულიყო პატიმრის გარდაცვალების მიზეზებით, მოეთხოვა მიუკერძოებელი ექსპერტიზის ჩატარება და გამოეკვლია ის ბუნდოვანი დეტალები, რაც დღესდღეობით ამ საქმესთან დაკავშირებით მრავლად არსებობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 4 ივნისს ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ვალერი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი პატიმრის ინტერესებს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს, სადაც სარჩელი ჯერ კიდევ 2010 წელს გაიგზავნა, ხოლო 2011 წელს, რეკორდულად მოკლე დროში, დასრულდა სასამართლოსთან კომუნიკაცია, რადგან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ვალერი ჯაფარიძის სასარჩელო განაცხადი პრიორიტეტულად მიიჩნია. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არა აქვს გამოტანილი და სამწუხაროა, რომ მას განმცხადებელი ვეღარ მოესწრება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს პატიმარ ვალერი ჯაფარიძესთან არ ჰქონია ყოველდღიური ურთიერთობა, რადგან იგი მხოლოდ სტრასბურგის სარჩელთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებდა და ამ მიმართულებით პატიმართან სისტემატიური კონტაქტის საჭიროება არ არსებობდა. ლონდარიძის გარდა, პატიმარს ასევე ჰყავდა პირადი ადვოკატი, რომელიც მის ვადაზე ადრე გათავისუფლების კუთხით მუშაობდა ეროვნული მართლმსაჯულების დონეზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ბოლო პერიოდში, ძირითადად, ვალერი ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებოდა. 28 მაისს ნესტან ლონდარიძე სწორედ ამ მიზნით ეწვია #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც მას აცნობეს, რომ პატიმარი გარდაცვლილი იყო, გარდაცვალების თარიღი კი არ უთხრეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს დემაგოგია, ადვოკატთა მიზანმიმართული დისკრედიტაცია და პატიმრის გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე გამოხატული „ნიანგის მწუხარების“ ნაცვლად, რეალურად იზრუნოს მძიმედ დაავადებული პატიმრების ბედზე.

სამინისტროს განცხადება, რომ იგი „ყოველთვის მზადაა, საზოგადოებას მიაწოდოს ყოველგვარი საჯარო ინფორმაცია და ყველა საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ნებისმიერ კონსტრუქციულ მხარესთან“, სინამდვილეში მხოლოდ PR-ზე გათვლილი ცარიელი სიტყვებია. სამინისტროს რეალურად რომ ჰქონდეს გამჭვირვალობის, „კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობისა“ და საჯაროობის ინტერესი, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპატიმროებში გარდაცვლილ სხვა ათეულობით პატიმრის საქმესთან დაკავშირებითაც ექნებოდა განმარტებები გამოქვეყნებული.

4 ივნისს სამინისტროს მიერ გავრცელებულმა უპასუხისმგებლო განცხადებამ ადამიანის უფლებათა ცენტრს გაუმყარა რწმენა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს მინისტრის პოსტი და მასთან ერთად პასუხი აგოს მისმა გუნდმაც, რომლის საქმიანობამაც ბოლო ორ წელიწადში განაპირობა პატიმართა გარდაცვალების გახშირებული ტენდენცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
07.06.12.

ახალი ამბები