06:16, Friday, 19.12.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შავი ანგელოზები და „მშენებარე სამოთხე“ ახალ პარლამენტთან

30.07.2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ანგელოზები „ციდან დაეშვნენ“ და რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, ახლადაშენებული პარლამენტის შენობის წინ, „ხეებზე“ ჩამოსხდნენ. ახლა საპარლამენტო ქალაქში ხუმრობენ: აი, მესმის ხელისუფლება! ჩვენთვის ანგელოზებიც კი „მოხსნა“ ზეციდანო. გვეგონა მათი ადგილი ცაში იყო, ესენი კი, აიძულეს ძირს დაშვებულიყვნენ და ჩვენს გვერდით ეცხოვრათო.
 
მშენებარე პარლამენტთან, რომლის პრეზენტაცია 26 მაისს დაჩქარებულ რეჟიმში შედგა, საქართველოს ხელისუფლება სამოთხეს აშენებს. მართალია, შემინულ შენობას მინის გარსს უკვე მეორედ, ხელახლა ავლებენ და სამშენებლო სამუშაოები შიგა პერიმეტრზე ჯერაც მიმდინარეობს, მაგრამ ეს ხელს ნამდვილად არ უშლის მთავრობის გეგმას, ააშენოს ედემი - ხელოვნური ტბით, მაქსიმალური სიმწვანითა და ქანდაკებებად ჩამოსხმული ანგელოზებით.

„ედემია, აბა რა არის. ტბაცაა, მინდორიც და განათებაც, დღისით და ღამით. ოღონდ მართლა ვერ ვხვდები, ეს შავი ანგელოზები რა შუაშია. მე აქვე ვცხოვრობ და პირველ დღეს, ეს ქანდაკებები რომ მოიტანეს, დიდხანს ვაკვირდებოდი. მაშინვე მივხვდი, რაც იყო, მაგრამ მართლა ვფიქრობდი, რომ მეშლებოდა. სად პარლამენტი და სად ანგელოზები, ისიც - შავი. რა კავშირი აქვს ამ ორ თემას ერთმანეთთან? ამ ქალაქშიც და მთელ ქვეყანაშიც უამრავი გასართობი თუ დასასვენებელი პარკია და მსგავსი სკულპტურების დადგმა ჯერ არსად არავის მოსვლია აზრად. მაინცდამაინც პარლამენტი უნდა აშენებულიყო, რომ ანგელოზები მიწაზე დაშვებულიყვნენ? მგონი, ცოტა გაუგებარია“, - ამბობს ქუთაისელი ნოდარ მამასახლისი. 
   
პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნეროინტერნეიშენელი“ აწარმოებს. სამუშაოები დაჩქარებული ტემპით, დღეღამის განმავლობაში მიმდინარეობს. რაც შეეხება რკინაში ჩამოსხმულ შავ ანგელოზებს, მათი „წარმომავლობა“, ისევე როგორც კონტექსტი, ამ დრომდე უცნობია.

„ჩვენ არაფერი ვიცით, მოიტანეს და გვითხრეს, რომ უნდა დაგვემონტაჟებინა. წინააღმდეგობას როგორ გავუწევდით?! ხოდა, ავდექით და დავამონტაჟეთ. თუ სწორად გავიგეთ, კიდევ დარჩა მოსატანი სხვადასხვა ქანდაკებები. ალბათ, იმასაც მოიტანენ ამ დღეებში“, - ამბობენ მუშები. 

ეკა კუხალაშვილი, „ახალი გაზეთი“: „ეს მოსალოდნელი იყო. ყველა გზა ამისკენ მიდიოდა. პირველ რიგში, თავად შენობა მიანიშნებდა ამ მეტამორფოზისკენ - არამიწიერი, ჰაეროვანი ნაგებობა, გამჭვირვალე, ბრჭყვიალა, უცხო სხეული დედამიწაზე და უშუალოდ ქუთაისში მოვლენილი. შენობასთან  ერთად გაოცებას იწვევდა აგების სისწრაფე, ფიზიკის კანონებთან დაუმორჩილებელი და რევოლუციური. როგორც ჩანს, შენობის პროექტის ავტორს კიდევ ერთი ვაშლი მოხვდა თავში და ახალი ზეშთაგონება მიიღო. უჩვეულო აღმოჩენა გააკეთა, რაღაც გრავიტაციაზე უფრო საინტერესო და ძლიერი“. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ყველაფერი ხალხის, ქუთაისელების (და არა მხოლოდ) განწყობისთვის კეთდება - „იმისათვის, რომ ადამიანმა ნახოს და გაიხაროს“. 

როგორც ჩანს, ხელისუფლება ხალხის წინასაარჩევნო განწყობისთვის ზრუნვას აქტიურად შეუდგა და იმერეთის გეოგრაფიულ-ადმინისტრაციული ცენტრში, რომელიც 11 მუნიციპალიტეტს და 200 000 მოსახლეს აერთიანებს,  სამოთხის აშენება გადაწყვიტა. თანაც, ყოფილი „დიდების მემორიალის“ ტერიტორიაზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ. 
 
„ეს იქნება სამარშრუტო ტაქსებით აქეთ-იქით მოარული პარლამენტის აპარატი, რომელიც საბოლოო ჯამში, ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება. ყველაფერი დაკავშირებული იქნება გაბერილ, კოლოსალურ თანხებთან, რომელიც რეალურად, ალბათ, ჯერ დათვლილიც არ არის და საბოლოო ჯამში, რამდენი იქნება, არავინ იცის. ეს კი, ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის (რომლის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესებულია და ეს ძალიან კარგად აისახება საგარეო ვალებზე) სხვა არაფერი იქნება, თუ არა ზედმეტი ხარჯი“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი, ნოდარ ჯიქია. 

თუმცა, ხელისუფლების გეგმა მაინც ხორციელდება და როგორც ირკვევა, იგი პატარ-პატარა „სიურპრიზებსაც“ ითვალისწინებს. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ანგელოზებს მალე სხვა სკულპტურებიც დაემატება, ირგვლივ ყველაფერი გამწვანდება და გაკეთდება სასეირნო ბილიკებიც. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: gocha
2012-08-07 18:11
i like the building and the statues also
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC