კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი აცხადებს, რომ დუმილის სანაცვლოდ ციხეში განსაკუთრებულ პირობებში ცხოვრობდა

8 ოქტომბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

რუსთავის N მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარი გოდერძი კიკნაძე სხვა პატიმრებისგან განსხვავებით პრივილეგირებულად ცხოვრობდა. წლების განმავლობაში კამერაში იგი სარგებლობდა ისეთი ნივთებით, როგორიცაა: ნოუთბუქი, მობილური ტელეფონი, პლაზმური ტელევიზორი, უთო, სავარძელი.

ეს ინფორმაცია მსჯავრდებულმა მიაწოდა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს, ეკა ქობესაშვილს, რომელიც ამჟამად მის უფლებებს იცავს. პატიმარმა ადვოკატს გადასცა საკუთარი კოორდინატები ცნობილ სოციალურ ქსელზე - „ოდნოკლასნიკი“, სადაც გამოქვეყნებულია განსაკუთრებულ პირობებში მისი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა. ამ ფაქტით ისიც დასტურდება, რომ გოდერძი კიკნაძეს ასევე ხელი მიუწვდებოდა ინტერნეტზე, სადაც მან საკუთარი გვერდი შექმნა და საპატიმროში გადაღებული ფოტოები ატვირთა. პატიმრის თქმით, ამ ფოტოებს ყოფილი ციხის უფროსი, დავით მარგებაძე უღებდა.

ცოტა ხნის წინ, პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. 20 სექტემბერს დილით ადამიანის უფლებათა ცენტრს აღელვებული დაუკავშირდა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გოდერძი კიკნაძის დედა მერი კიკნაძე. მან განაცხადა, რომ მისი შვილი წინა ღამით სასტიკად სცემეს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიაში დილითვე გაავრცელა ინფორმაცია გოდერძი კიკნაძის ცემის თაობაზე და ხელისუფლებისგან მოითხოვა პატიმრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა. გავრცელებული ინფორმაციის გამო, რუსთავის საპატიმროსთან სხვადასხვა მედიასაშუალებები მივიდნენ და საპატიმროს წინ დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები გააშუქეს.

21 სექტემბერს ეკა ქობესაშვილმა მოიპოვა გოდერძი კიკნაძის დაწერილი ახსნა-განმარტება, სადაც მან თვითონვე დაწერა, რომ ნამდვილად ნაცემია და მოითხოვა ამ ინფორმაციის გავრცელება, ასევე - ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო მკურნალობა.

ეკა ქობესაშვილი: „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები არ არიან თანაბარ მდგომარეობაში. პატიმარი სარგებლობდა ისეთი ნივთებით, რითაც სარგებლობა საპატიმროში მყოფ სხვა პატიმრებს აკრძალული ჰქონდათ. საუბარია კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე და სხვა ნივთებზე, რაც აღბეჭდილია ფოტოსურათებზე. აქ გასარკვევია, რატომ სარგებლობდა მსჯავრდებული ამდენი პრივილეგიით, როცა სხვა პატიმრები იყვნენ ისეთ პირობებში, რასაც არაადამიანური მოპყრობა ჰქვია. როგორც პატიმარი აცხადებს, იგი ასეთ ფუფუნებაში იმიტომ ცხოვრობდა, რომ ჩუმად ყოფილიყო და არ გაემჟღავნებინა ის ინფორმაცია, რასაც ის ფლობდა“.

გოდერძი კიკნაძეს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. იგი აცხადებს, რომ ფლობს დამამტკიცებელ მასალებს, სადაც ჩანს, რომ იგი არის უდანაშაულო და დანაშაული თავის თავზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მოთხოვნით აიღო. შესაბამისად, როგორც თვითონ ამბობს, დუმილის სანაცვლოდ, განსაკუთრებულ პირობებში აცხოვრებდნენ.

ახალი ამბები