კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ზაქარეიშვილი ეჭვობს, რომ აფხაზებისთვის და ოსებისთვის ნეიტრალურმა სამგზავრო დოკუმენტებმა არ გაამართლა

9 ოქტომბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ის აუცილებლად გადახედავს, როგორ იმუშავა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების ინიციატივამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაქარეიშვილმა განუცხადა, აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნეიტრალურმა სამგზავრო დოკუმენტებმა არ გაამართლა, მას უმეტეს შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ და არა ის ადამიანები, რეალურად ვისთვისაც არის გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი მთავრობის ინიციატივა.

"ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებით კრიტიკული დამოკიდებულება რჩება. შესწავლილი უნდა იქნას აუცილებლად, თუ როგორ იმუშავა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკამ აღნიშნულთან დაკავშირებით. მე მივიდე და გავაუქმო – იქნება არასწორი. უნდა შევისწავლოთ, დავასაბუთოთ, სად იმუშავა და სად არ იმუშავა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის არ მუშაობდა და რაღაც სიყალბეს ჰქონდა ადგილი. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი ასაღებდა ამას ისე, ვითომ აფხაზები და ოსები იღებდნენ პასპორტებს. რეალურად, პასპორტს იღებდნენ საქართველოს მოქალაქეები (რომლებიც ცხოვრობდნენ თბილისში, ზუგდიდში, გორში და, შესაბამისად, აქვთ ქართული პასპორტები, აფხაზურ-ოსურ პასპორტებთან ერთად) და არა ის ხალხი, ვისთვისაც მიუღებელი იყო საქართველოს პასპორტის აღება და ორგანულად არ უნდოდათ ეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არასწორად იქნა მიღებული.

"ჩემი აზრით ეს იყო აბსოლუტურად ფუჭი და უპერსპექტივო ნაბიჯი. ეს რეალურად ქართული პასპორტი იყო და არა - ნეიტრალური. ვის ვატყუებდით, ვერ ვხვდები. ამ პასპორტის მქონეს, რომ დაეკარგა პასპორტი, უცხოეთში უნდა წასულიყო, საქართველოს საკონსულოში. ამ პასპორტის მქონეს, რომ გადასულიყო უცხოეთში, საქართველოს საკონსულო უნდა მომსახურებოდა. პასპორტზე დატვირთული სიმბოლიკაც საქართველოს აღნიშნავდა. ეს იყო ტყუილი და თუ ამ ტყუილმა იმუშავა, უნდა ვნახოთ, რამდენი ადამიანი ენდო",-აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ჩანაცვლება ალტერნატიული დოკუმენტებით არ მოხდება.

"ალტერნატიული ვარიანტი ამის არის მხოლოდ საქართველოს პასპორტი. საქართველოს აქვს თავისი სახელმწიფო პასპორტი. აფხაზები და ოსები ამბობდნენ ყოველთვის, რომ ჩვენ ხელს შევუშლით მსოფლიოში მოგზაურობას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, შევაღათიანი პირობებით იმოგზაურონ, ოღონდ აიღონ საქართველოს პასპორტები. ნეიტრალური პასპორტით ივლი მხოლოდ იმ სახელმწიფოებში, ვინც აღიარა. ქართული პასპორტით კი ივლი მთელ მსოფლიოში", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გაუქმდება ნეიტრალური დოკუმენტები, ის შეღავათები რაც არსებობდა ამ პასპორტების მქონე პირთათვის დარჩება, ოღონდ საქართველოს პასპორტის მქონეთათვის.

„თუმცა, ასევე შესასწავლია თუ როგორ მუშაობდა შეღავათები“, - დასძინა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელისა და ესტონეთის მიერ.

ახალი ამბები