კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბატონო მინისტრო, სად გაქრა დაღესტნელი მოჯაჰედი?

25 იანვარი, 2013

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს დაღესტნელი მოჯაჰედის, „კავკასიის იმირატის“ წევრის, 26 წლის მიქაილ ქადოევის დაკავების ფაქტს. კახეთის საინფორმაციო ცენტრს კი აქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ შსს–ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ქადოევი 13 დეკემბერს დააკავეს. დაკავებული გზიდან გაუჩინარდა, როცა ის სამართალდამცავებს თბილისში გადაჰყავდათ. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

„ქადოევი დაკავებული არ ყოფილა. მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. მას უკანონოდ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. ალბათ საქართველოში იქნება. მეორეს დაკავებას ვადასტურებთ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაღესტნელი მოჯაჰედების, 23 წლის მაგამედ მაგამედოვის და 26 წლის მიქაილ ქადოევის დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით, მაგამედოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულებაშია მოთავსებული. პროკურატურა მაგამედოვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 344–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გადამოწმებული ინფორმაციით, მაგამედოვი საქართველოში 2012 წლის მაისში, საქართველო – რუსეთის საზღვრის ლაფანყურის მონაკვეთის გავლით შემოვიდა. 6 თვის განმავლობაში მაგამედოვი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. რაც შეეხება ქადოევს, ის საქართველოში ერთი წლის წინ, თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ის მანამდე ცხოვრობდა. მას თბილისში, ერთოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები. ქადოევს და მაგამედოვს ურთიერთობა ჰქონდათ შსს–ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებთან, კერძოდ, კახეთის სამმართველოს უფროსთან სანდრო ამირიძესთან და ამავე სამმართველოს თანამშრომელთან ემზარ მაჩალიკაშვილთან, რომელიც პანკისის ხეობას კურირებს. მათ იცოდნენ, რომ მაგამედოვი და ქადოევი საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

მაგამედ მაგამედოვი ადასტურებს, რომ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, 13 დეკემბერს, ბათუმში, სადაც აჭარელ მუსლიმთან სტუმრად იმყოფებოდნენ, მასთან ერთად მიქაილ ქადოევიც დააკავეს და თბილისში ორივე გადმოჰყავდათ სხვადასხვა მანქანით, თუმცა ვიდრე თბილისში შემოვიდოდნენ, გორში გაჩერდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ გზაში უთხრეს, რომ ქადოევი გაიქცა. „სანამ თბილისში შემოვიდოდით, მანქანები გააჩერეს. რამდენიმე წუთი გაჩერებული ვიყავით. მერე უცებ ხელებზე ბორკილები დამადეს. როცა ვიკითხე რა მოხდა მეთქი, ქადოევი გაიქცაო. როგორ გაიქცა, არ ვიცი. პოლიციელები შეიარაღებულები იყვნენ“, – აღნიშნავს მაგამედ მაგამედოვი.

დაზუსტებული ინფორმაციით, მაგამედ მაგამედოვზე და მიქაელ ქადოევზე რუსეთის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მაგამედოვი განმარტავს, რომ დაღესტნის რესპუბლიკაში ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იდევნებოდა, რამდენჯერმე თავში დაჭრეს კიდეც, რის გამო ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და თავი საქართველოს შეაფარა. ქადოევს ინტერპოლიც ეძებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები