15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და იმერეთის რეგიონის, კერძოდ - საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში აკვირდება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, ცესკოს განკარგულებით 2014 წლის 31 მაისს დარეგისტრირდა. ორგანიზაცია არჩევნებზე 28 დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი. დამკვირვებელთა მობილური ჯგუფები აღჭურვილი არიან ვიდეოკამერებით და ახდენენ არჩევნების მიმდინარეობის დოკუმენტირებას.
მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოამზადებს ანგარიშს. არჩევნების დღეს კი, ორგანიზაციის ინტერნეტ-გამოცემა -
www.humanrights.ge უწყვეტ რეჟიმში განაახლებს ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შესახებ, დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებისათვის საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 15 ივნისს ორ პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში - შუადღით, 13:00 საათზე და საღამოს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ - 20:30 საათზე.