17:34, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ძალადობის მსხვერპლ ქალს ქმარმა შვილი წაართვა

04.06.2015

 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 25 წლის ნათელა დუმბაძე ძალადობის მსხვერპლი ქალია, რომლის მიმართ მთელი ოჯახი ძალადობდა: ქმარი, დედამთილი და მამამთილი.

„ჩემი მეუღლე ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც მუდმივად ვჩხუბობდით. ჩხუბის დროს კი თავში მცემდა. ჩემზე აგრეთვე ძალადობდნენ მისი მშობლებიც. 2014 წლის ნოემბერში ამგვარი ჩხუბის დროს, მეუღლემ მაიძულა სახლიდან წამოვსულიყავი. თავიდან მეზობლებმა შემიფარეს, შემდეგ მშობლებმა წამიყვანეს თავის სახლში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. ბავშვის წამოყვანაზე კი ჩემმა ყოფილმა ქმარმა და მისმა მშობლებმა უარი მითხრეს“,- განაცხადა ნათელა დუმბაძემ.

ნათელა დუმბაძის შვილი 1 წლის და 4 თვის იყო, როდესაც ის იძულებული გახდა ქმრის სახლიდან წამოსულიყო, ბავშვი უკვე 2 წლის ხდება. დუმბაძის თქმით, მამას შვილის მოვლა არ შეუძლია, რადგან მუშაობს და ამასთან, ხშირად არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. დედის თქმით, ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც მუდმივად ჩხუბობენ ოჯახის წევრები. 

„მინდა, ჩემი შვილი მშვიდ გარემოში გაიზარდოს, რაც მიმაჩნია, რომ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. ამიტომაც მოვითხოვ, შვილი დამიბრუნონ“,- განაცხადა ნათელა დუმბაძემ.

დუმბაძის ქმრის განცხადებით, მისი ცოლი ცემის ფაქტებს იგონებს, ის ასევე წინააღმდეგია ბავშვის დედისთვის დაბრუნების. 

„ჩემს შვილს ვერავინ ვერ წაიყვანს, არც დედას გავატან. ის აქაც ძალიან კარგად არის”,– განაცხადა დუმბაძის ქმარმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

ნათელა დუმბაძის დედა შვილის ცემის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს,რომ ისიც სცემა სიძემ, როდესაც მათ ჩხუბში ჩაერია. 

„ჩემი სიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რაც მისი მამის დამსახურებაა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს მამამ თავში სკამი ჩაარტყა და თვალი სერიოზულად დაუზიანა. ჩემი შვილის ქმრის ბაბუამ კი ცოლს, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავი კუნძზე დაადებინა და მოაჭრა. ნათელას დედამთილი ეუბნებოდა, ლამაზი რომ ხარ შენც ასე მოგელისო, ჩემს შვილს სულ მოკვლით ემუქრებოდნენ. ჩემი შვილიშვილი ასეთ გარემოში არ უნდა იზრდებოდეს“, - აღნიშნა ნათელა დუმბაძის დედამ humanrights.ge-სთან საუბრისას.

ნათელა დუმბაძემ განქორწინების მოთხოვნით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართა. იგი ასევე ითხოვს ბავშვის დაბრუნებას და მამისთვის ალიმენტის დაკისრებას. დუმბაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი, ლია ხუროშვილი იცავს. ხუროშვილის თქმით, სასამართლოში სარჩელი 23 თებერვალს შეიტანა და სასამართლო ჯერაც არ არის ჩანიშნული.

საქმეში ბავშვის ინტერესების დასაცავად გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის, ნატო მთივლიშვილის განცხადებით, ბავშვის მამის მშობლები სააგენტოში მივიდნენ და ეჩხუბნენ, ჩხუბის მიზეზი კი, შემაკავებელი ორდერი იყო. 

„ბავშვის ბებიისა და ბაბუის თქმით, ნათელა დუმბაძე ჰუმანურად შევაფასე. მათი მოთხოვნა იყო დუმბაძე შშმ პირად გამომეცხადებინა და მეთქვა, რომ მას შვილის აღზრდა არ შეუძლია. 7 წელიაა სააგენტოში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არ მქონია. მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უნდა შევიტანო“, -აღნიშნა ნატო მთივლიშვილმა.

ფსიქოლოგ მარიამ ყვირალაშვილის განცხადებით, არა მარტო დედა, ბავშვიც ძალადობის მსხვერპლია: „ბავშვის ემოციური ფონი იმდენად მაღალია, რომ იგი მძიმე მდგომარეობაშია. ყველა შემთხვევაში უპირატესობა დედას ენიჭება, თუ აღზრდის შესაძლებლობა აქვს დედას“.

ნათელა დუმბაძის შემთხვევა ქალთა მიმართ ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ არის, რასაც humanrights.ge აშუქებს. სტატისტიკური მონაცემებით, 2007-2014 წლებში ოჯახური ძალადობის 1 104 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის მსხვერპლი 1 010 ქალია.

სარედაქციო შენიშვნა: Humanrights.ge-მ ძალადობის მსხვერპლ ქალს, უსაფრთხოების მიზნით, პირობითად უწოდა ნათელა დუმბაძე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC