კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადვოკატთა ასოციაცია მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევისას ითანამშრომლებენ

25 ნოემბერი, 2016
24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს შეხვდნენ. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკული განხორციელების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა დაგეგმეს. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმირებისა და მოწმის უფლებების დაცვის კუთხით. ზაზა ხატიაშვილმა გაიხსენა არაერთი საქმე, როცა საგამოძიებო ორგანოში მოწმეთა დაკითხვისას ადგილი ჰქონდა ძალადობის გამოყენებისა და მოწმეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტებს ბრალდების მხარისათვის სასარგებლო ჩვენების მისაღებად. მისი განცხადებით, მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითხვა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და შეამცირებს გამოძიების მხრიდან სასურველი ჩვენების მისაღებად ძალადობის განხორციელების რისკებს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ასევე აქცენტი გააკეთა მოწმის დაკითხვის ახალი წესის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება, თუ რა შემთხვევებშია შესაძლებელი მაგისტრანტი მოსამართლეების წინაშე დაკითხვის უფლების გამოყენება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მკვლევარების მიერ მოძიებული ინფორმაციით, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებიდან დღემდე მაგისტრანტი მოსამართლეების წინაშე ჯერჯერობით მხოლოდ 20 მოწმეა დაკითხული. აღნიშნული სურათი ეწინააღმდეგება იმ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც მოწმის დაკითხვის ახალი წესი სასამართლოს გადატვირთვას გამოიწვევდა, რაც ხშირად წარმოადგენდა ახალი წესის შემოღების საწინააღმდეგო არგუმენტს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების შეთანხმებით, ასოციაცია ინფორმაციას გაავრცელებს ადვოკატებს შორის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ადვოკატთა გამოკითხვას ახალი წესის პრაქტიკაში გამოყენებისა და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე მაგისტრანტ მოსამართლესთან სავალდებულო დაკითხვას გულისხმობს, ძალაში 2016 წლის 20 თებერვალს შევიდა. მიუხედავად არასამთავრობო სექტორის კრიტიკული შენიშვნებისა, მოწმის დაკითხვის წესი არსებითი ხარვეზებით იქნა მიღებული. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღნიშნული წესით დაკითხვის შესაძლებლობა გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ ბრალდების მხარეს ენიჭება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს დაცვის მხარეს და არღვევს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ადვოკატთა ასოციაციის უერთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა პროექტის „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გამჭვირვალე და ეფექტურ ფუნქციონირებას.

   ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები