კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუნარ მ. ეკელოვ-სლაიდალი: ICC-თვის ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს მხარესთან სრული თანამშრომლობის მიღწევა იქნება

25 აპრილი, 2017
ნათია გოგოლაშვილი, ნინო ცაგარეიშვილი

Humanrights.ge ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივნის მოადგილეს, გუნარ მ. ეკელოვ-სლაიდალს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ ესაუბრა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველად გასცდა აფრიკის კონტინენტის საზღვრებს და ევროპაში (კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე) ჩადენილ ომის სავარაუდო დანაშაულებებს იძიებს. უკვე ერთ წელზე მეტია გასული, რაც ICC-ის წინასასამართლო პალატამ გამოძიების დაწყების უფლებამოსილებით აღჭურვა პროკურორი. თქვენი შეფასებით, რა გამოწვევების წინაშე დგას გამოძიება?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. საქართველო არის ახალი ქვეყანა ICC-თვის, პირველი გამოძიებაა აფრიკის გარეთ. ჩვენ, აფრიკის მაგალითებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ გამოძიებას თან ახლავს ბევრი გამოწვევა. თავისთავად, იმ დანაშაულების გამოძიება, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა, გამოწვევებთან არის დაკავშირებული. გამოძიების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სანდო მოწმეების მოძიება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კერძოდ, იმისთვის, რომ ICC-მ იცოდეს ადგილობრივი კონტექსტი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მიიღონ ინფორმაცია დანაშაულების ძირითადი მახასიათებლების შესახებ. როგორც ჩვენ ვიცით, ეს გამოძიება პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. რუსეთი ნეგატიურად არის განწყობილი გამოძიების მიმართ. თუმცა, ჩემი აზრით, გამოწვევა იქნება ასევე საქართველოს მხარესთან სრული თანამშრომლობის მიღწევა. გამოწვევა იქნება ასევე საზოგადოების ინფორმირება ICC-ის შესახებ. 

 
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთ-ერთი დაბრკოლება გამოძიებისათვის შესაძლოა, იყოს სრული თანამშრომლობის მიღწევა საქართველოს მთავრობასთან. საქართველოს მთავრობა აკეთებს საჯარო განცხადებებს იმის შესახებ, რომ ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან. თუმცა, ჩვენ არ ვიცით დეტალები, თუ როგორ იმუშავებს თანამშრომლობა და კომპლემენტარულობის პრინციპი პრაქტიკაში. ამიტომ, თუ შეგიძლიათ, განავრცოთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით? როგორ გესახებათ ეს თანამშრომლობა და რა გამოწვევებს ხედავთ ამ თანამშრომლობაში?

ის ფაქტი, რომ ICC-მ გადაწყვიტა გამოძიება უკვე არის ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს მხარემ მარცხი განიცადა, თავად განეხორციელებინა ყოველმხრივი გამოძიება. კომპლემენტარულობის პრინციპის თანახმად, ICC-მ დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ წარმოებული გამოძიება არ იყო ჭეშმარიტი და რომ არ არსებობდა დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის ჭეშმარიტი პერსპექტივა. ამ ფაქტორმა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შექმნას გამოწვევა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან თავისუფალი და კარგი ურთიერთობის ქონის მხრივ. რა თქმა უნდა, ICC-თვის არ იქნება მისაღები ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ ცალკეულ ეჭვმიტანილებზე ან კონკრეტულ დანაშაულებზე გაამახვილებინოს ყურადღება. სასამართლოს უნდა, რომ იყოს დამოუკიდებელი. საზოგადოებამ ისინი უნდა აღიქვან, როგორც დამოუკიდებლები. ასე რომ, ICC-მ უნდა შეინარჩუნოს დისტანცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ICC-ის გამოძიება დაეყრდნობა იმ ინფორმაციას, რის მოპოვებასაც თავად შეძლებს დანაშაულებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს არის კომპლექსური ურთიერთობა. ჩემი აზრით, რამდენიმე აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზა არის ის, რომ ICC-მ ითანამშრომლოს იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ დანაშაულის ადგილზე.

 
კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მხარე, რუსეთის ფედერაცია, ფაქტობრივად, უარს ამბობს ICC-ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამას ისიც მოწმობს, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთმა ოფიციალურად გამოითხოვა თავისი ხელმოწერა რომის სტატუტიდან. ის ფაქტი, რომ ICC-ის არ ექნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შესაძლებლობა, აჩენს იმის აუცილებლობას, რომ პროკურორის ოფისმა დაიწყოს ალტერნატიული გზების ძიება მტკიცებულებების მოსაპოვებლად. თქვენი შეფასებით, რა რისკებს წარმოშობს ეს ფაქტორი და რამდენად გახდება შესაძლებელი უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება?

ICC-თვის არ არის სიახლე ის, რომ კონფლიქტში მონაწილე სახელმწიფოები უარს ამბობენ ხოლმე თანამშრომლობაზე. ამიტომ, ICC-ის უნდა ჰქონდეს გარკვეული სტრატეგია საჭირო ინფორმაციების შეგროვებისათვის. ასეთი სახის საქმეები ხშირად ძალიან დამოკიდებულია მოწმეებზე. ICC-ის ექნება ხელმისაწვდომობა გარკვეულ მოწმეებზე, მათ შორის, იმ დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია რუსეთის ან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ. ჩემი აზრით, ამ საქმესთან დაკავშირებით, ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა სასამართლოსადმი. შესაძლოა, სხვა ქვეყნებმა შეძლონ ინფორმაციის მიწოდების მხრივ დახმარება. დიდი როლი აკისრია ევროკავშირს. მნიშვნელოვანია პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა სასამართლოსადმი. ქვეყნებმა, რომლებიც ფლობენ დაზვერვის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია სასამართლოს. 
როცა ქვეყანა ოფიციალურად აცხადებს, რომ ის უარს ამბობს ICC-თან თანამშრომლობაზე, ეს არ არის ამ ქვეყნის სიძლიერის ნიშანი. გარკვეულწილად, ამით ქვეყანა ამბობს, რომ ჩვენ გვეშინია გამჭვირვალობის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ასე რომ, მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ქვეყანა მარცხდება. 

 
საქართველოს მთავრობა საკმაოდ კარჩაკეტილია, როცა საქმე ეხება ინფორმაციის გაცემას გამოძიებასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან ინფორმაციის ნაკლებობა ეხება როგორც გამოძიებას ეროვნულ დონეზე, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დონეზე. რა რეკომენდაციებს მისცემდით საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისა და ღიაობის შესახებ?

საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს არა მხოლოდ ICC-ის გამოძიების მხარდაჭერის განცხადებები, არამედ, მათ  სრულფასოვნად უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის მომავალს, რადგანაც დაუსჯელობა მძიმე დანაშაულებზე დიდი ხნის განმავლობაში აქ იყო ნორმა და დროა, რომ ეს შეიცვალოს. ICC-ის გამოძიება შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ კუთხით საქართველოში და ასევე რეგიონში. რეალურად ითანამშრომლონ გამოძიებასთან - ეს არის ჩემი ერთადერთი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ.

რაც შეეხება საზოგადოებისა და მსხვერპლების ინფორმირებას, ამ კუთხით თუ გაქვთ რეკომენდაციები?

დაზარალებულებმა, რომლებიც შესაძლოა უკვე კავშირში არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც არიან აქტიური ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი არიან წამყვანი ძალა ICC-ის წარმატებული გამოძიებისათვის. ისინი წარმოადგენენ იმ ადამიანებს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა და აქვთ ინფორმაცია დანაშაულების შესახებ. მათ უნდა მიაწოდონ ჩვენებები გამოძიებას და ენდონ, რომ ICC იმოქმედებს მართლმსაჯულების ინტერესების სასარგებლოდ.

 
საგამოძიებო ეტაპზე როგორ ხედავთ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, რა როლი ეკისრებათ მათ ამ პროცესში?

ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩამოყალიბდება კარგი სამუშაო ურთიერთობები ICC-სა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. რა თქმა უნდა, ICC-მ თავად უნდა შეარჩიოს საქმეები, მაგრამ, საქართველოში მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის შედეგად, ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ დიდი კომპეტენცია. ჩატარებული აქვთ მონიტორინგი, აქვთ კონტაქტები მსხვერპლებთან. ეს კი ICC-თვის ძალიან სასარგებლო იქნება. იმედი მაქვს, რომ ICC გააცნობიერებს ამას. იმედი მაქვს, რომ შედგება კარგი თანამშრომლობა, რადგანაც ეს არის აუცილებელი საერთო წარმატებისათვის აღნიშნული გამოძიებისათვის.

ახალი ამბები