სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები საქართველოს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ბოლო დროს განვითარებული არაერთი მოვლენა ნათლად აჩვენებს საზოგადოებაში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საფრთხის მზარდ ტენდენციას, რომლის საპასუხოდაც, სახელმწიფოში არ არსებობს ერთიანი პრევენციული მექანიზმები და სახელმწიფო მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებით შემოიფარგლება, რაც ხშირად არაეფექტიანი და არასრულყოფილია.
უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის საზარელმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რეალური საფრთხის არსებობა საზოგადოებისთვის, რაც ბოლო წლებში გაზრდილი ნეონაცისტური/ფაშისტური შეხედულების ჯგუფებიდან მომდინარეობს, რასაც ახალისებს და ხელს უწყობს სახელმწიფოში არარსებული პოლიტიკური ნება, ასევე - სახელმწიფოს უმოქმედობა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი და ნაციონალისტური ჯგუფების აშკარად დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებებისა და მოწოდებებისას. რიგ შემთვევებში პრობლემურია თავად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პოლიტიკური მოღვაწეებისა და რელიგიური პირების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება და ცალკეული მედიასაშუალებების ცალსახად დისკრიმინაციული დისკურსი.
სახელმწიფოში არ არსებობს დისკრიმინაციული დანაშაულების პრევენციის სისტემური პოლიტიკა და იგი მხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე რეაგირების მცდელობით შემოიფარგლება. თანასწორობის იდეებისადმი მხარდაჭერის დეფიციტი და სახელმწიფოს მიერ გატარებული სუსტი და არაეფექტიანი პოლიტიკა ცალსახად ართულებს ინკლუზიური, თანასწორი და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე ორიენტირებული საზოგადოების მშენებლობას.
ქვეყანაში არსებული გაუმართავი სოციალური პოლიტიკის ფონზე და საზოგადოებაში გაზრდილი სოციალური-ეკონომიკური უთანასწორობის შეუვალი ზრდიდან გამომდინარე კი სავარაუდოა აღნიშნული ტიპის დანაშაულთა ზრდა, რაც განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, რამდენადაც არ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების არათუ გრძელვადიანი - პრევენციული პოლიტიკა, არამედ, ვერ ფუნქციონირებს პროაქტიულიც.
რეპრესიული მექანიზმი, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და რეალიზებისათვის საზოგადოებაში.
სახელმწიფო თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და არ ახდენს სათანადო რეაგირებას მსგავსი დაჯგუფებების კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებზე. ამ ჯგუფების აგრესია და შეუწყნარებლობა, დიდწილად, მიმართულია კულტურულად არადომინანტი სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებისა და ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანებისმიმართ. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ახალისებს მსგავს ჯგუფებს და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას, ასევე - ქსენოფობიური, რასობრივი, ჰომოფობიური და სხვა ნიშნით, სიძულვილის დანერგვას.
მნიშვნელოვანია, ამ პროცესში სახელმწიფოს მიერ საკუთარი არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ პოზიტიური დაცვის ვალდებულების გააზრება და მისი როლის გაცნობიერება. ამასთან, ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმების შექმნასა და სამართლის ნორმების იმპლემენტაციასთან ერთად, აუცილებელია ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებებით, ცნობიერების ამაღლების კამპანიებითა და სხვა მექანიზმებით, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს და უსაფრთხო, შემწყნარებლური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას.
ვრცლად იხილეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში -
უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის დეტალები და
სამართლებრივი შეფასება, 2019.