კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

13 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

17 აგვისტო, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი

ნაზი ბერუაშვილი ერთ-ერთია, ვინც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილად იქცა. 13 წელია, რაც კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ომიდან 13 წელი გავიდა ემოციურად ომის ქრონიკები მისთვის მაინც მძიმე გასახსენებელია, მით უფრო, რომ 13 წლის წინ რუსულმა აგრესიამ  მისი ათობით თანასოფლელის სიცოცხლე შეიწირა.

„მიუხედავად იმისა, რომ 13 წელი გავიდა ომიდან, ეს დღე ჩემთვის არის ყველაზე დაზაფრული, ავისმომასწავლებელი და უიმედო დღე. ეს შემიძლია გულწრფელად ვთქვა. 13 სიმძიმით სავსე წელი გავიდა, მაგრამ არასოდეს არ განელებულა ჩემში იმის ლტოლვა, რომ დავუბრუნდე ჩემს მშობლიურ მიწას. მართალია, საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ საკუთარი თავი სტუმარი მგონია, სანამ ჩემს კუთხეს არ დავუბრუნდები. უამრავი მოქალაქე შეეწირა 2008 წლის აგვისტოს ომს, ზოგი - გზაში, ზოგი - სახლში, ზოგიც - ეზოში. ბომბების ცვენას ვერსად დაემალებოდი. ზოგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, თუნდაც - მოხუცები და შუახნის ასაკის ადამიანები, რომლებსაც დასაფლავებაც კი არ ეღირსათ და საკუთარ მიწაზე ადგილის დამკვიდრება. 13 წლის წინ 7 და 8 აგვისტოს გამოვიქეცით სოფელ კეხვიდან. მივდიოდით, მაგრამ არც კი ვიცოდით - სად. თავიდან რომ დაიწყო დაბომბვა, ტყეს შევაფარეთ თავი, მაგრამ ისიც არ იყო უსაფრთხო. ჩემი თვალით ვუყურებდი ომის სისასტიკეს და ადამიანურ ტრაგედიებს, როდესაც გზად მიმავალს გვხდებოდა მიცვალებულები, მაგიდის გადასაფარებლებში ახვევდნენ და  საკუთარ ეზოებში კრძალავდნენ, რათა მათი ცხედრები ყვავ-ყორნების საჯიჯგნი არ გამხდარიყო. ხეობა როცა დავტოვეთ და გვეგონა, სამშვიდობოს გამოვედით, ახლა გორის და მიმდებარე სოფლების დაბომბვა დაიწყო. მსხვერპლი აქაც იყო. ისღა დაგვრჩენოდა, რომ თბილისისთვის შეგვეფარებინა თავი, მაგრამ ვგრძნობდით, არც იქ ვიყავით უსაფრთხოდ. ასე დაიწყო ჩვენი ხანგრძლივი დევნილობა და უკვე მე-13 წელია, გრძელდება. იმედს არ ვკარგავთ, რომ დასრულდება და ერთ დღესაც დავბრუნდებით დევნილები“, - აცხადებს ნაზი ბერუაშვილი.

დევნილები ამბობენ, რომ რაც დრო გადის, ვერც ომს ივიწყებენ და ვერც გადამწვარ სოფლებსა და საცხოვრებელ სახლებს. ყველა დევნილს მაინც დაბრუნების იმედი აქვს. ელოდებიან და მზად არიან, რომ მესამედ თავიდან დაიწყონ ცხოვრება - გადამწვარი და დანგრეული სახლების აღდგენა.  

„13 წელი გავიდა, მაგრამ თვალს რომ ვხუჭავ, კვლავ ომის სისასტიკე მახსენდება. ცეცხლის ალში გახვეული ჩემი სოფელი და სახლი წარმომიდგება თვალწინ. ყველაზე მძიმეა, როდესაც შენი სახლის დაწვას უყურებ და ვერაფერს აკეთებ.  ვინც გამოსვლა მოვასწარით, ცარიელი ხელებით წამოვედით. ყველაფერი განადგურებულია, იქ აღარაფერი დარჩა. ეგ არის, რომ ვცოცხლობთ და პირში სული გვიდგას, თორემ სხვა აღარაფერია ჩვენთვის“, - თვალზე ცრემლმორეული იხსენებს ომის ქრონიკებს ზურაბ კახნიაშვილი.

აგვისტოს პირველი ნახევარი განსაკუთრებით მძიმეა დევნილთა იმ ჩასახლებებში, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ დევნილებისთვის აშენდა.  ჩასახლებებთან ახლოს სასაფლაოებიც მოეწყო, სადაც დევნილობაში გარდაცვლილ მიცვალებულებს კრძალავენ. მათ სიკვდილის წინ ოჯახის წევრებს დაუბარეს, რომ დაბრუნების შემდეგ მათი ცხედრები  მშობლიურ სოფლებში გადაესვენებინათ.

„13 წელია, ერთი წუთიც არ არის, რომ დევნილებმა ჩვენს სოფლებსა და სახლებზე არ ვიფიქროთ. ვინც დევნილობაში გარდაიცვალნენ, სიკვდილის წინ ოჯახის წევრებს დაუბარეს და პირობა დაადებინეს, რომ დაბრუნების შემდეგ მათ ცხედრებსაც გადაასვენებენ და საკუთარ სოფლების მიწას მიაბარებენ. დევნილობა კიდევ უფრო დიდი ტანჯვაა, ვიდრე თქვენ გგონიათ. ომის დაწყებიდან და ჩვენი დევნილობიდან დღეებს, თვეებს და წლებს  ვითვლით, მაგრამ რაც მთავარია, არ ვიცით, როდის დავბრუნდებით. ეს რომ ვიცოდეთ, წამებს და წუთებს დავითვლიდით“, - ამბობს გიორგი ზანგალაძე.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაკარგულ დევნილებთან ერთად, მძიმე მდგომარეობაში, აღმოჩდნენ გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები. რუსულ აგრესიას ვერც მათი სახლები გადაურჩა, ერთ-ერთი ასეთი სოფელი ზარდიაანთკარია, სადაც ომიდან 13 წლის შემდეგ მოსახლეობა დამწვარ და დაბომბილ სახლებში აგრძელებს ცხოვრებას.

ციცინო ელიკაშვილი: „მე სოფელ ზარდიაანთკარიდან ვარ. ომმა ჩემი სოფელი შუაზე გაყო. ზარდიაანთკარის მოსახლეობამ ძალიან დიდი ტრამვა მიიღო. 5 წელი ვერ ვბრუდნებოდით სახლებში. დაბრუნების შემდეგ კი ჩვენი სახლები იწვოდა და იძარცვებოდა. განადგურდა შემოსავლის წყაროც. ის პერიოდი სანამ ჩვენ სახლებში დავბრუნდებოდით გაუსაძლისი იყო“.

2008 წლის აგვისტოს დასწყისში, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საომარი მოქმედებიდან 13 წლის თავზე, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს ამბობს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს გამოიტანა გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე გადაწყვეტილებაში, საუბარია იმის შესახებაც რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ აღმოჩნდა კრემლისთვის დამაფიქრებელი, რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და გამყოფ ხაზთან, თითქმის ყოვედღიურად ავლებს მავთულხლართებს და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერებს. უკანონო ბორდერიზაციის პროცესს თან ახლავს ინციდენტები საოკუპაციო ხაზთან, როგორიც არის ადგილობრივი მოსახლეობის გატაცების ფაქტები. არის შემთხვევები, როდესაც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა თვეობით გრძელდება. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს, აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ  ქართულ-ოსური ურთიერთობები კვლავ გრძელვადიან ჩიხში რჩება.  კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციას და პირდაპირ ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას შორის დიალოგს რუსეთის ფედერაცია უშლის ხელს.

ახალი ამბები