კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენის ბარიერი არ არსებობს!

5 ნოემბერი, 2021
 
მედეა პავლიაშვილი
ჩასვლამდე...
უკვე ორი წელია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება, რაც ყველაფერს ართულებს. ამ პირობებში საერთაშორისო პროექტის ორგანიზება მთელი რიგი დაბრკოლებების გადალახვას და კოვიდრეგულაციების დაცვას ნიშნავს. ცოტას თუ უღირს ამდენი რამის გათვალისწინება და დიდი პასუხისმგებლობის აღება. თუმცა, ალბათ, მიზანსაც გააჩნია. 
სწორედ ეს გააკეთა ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდები ქალაქ კიშინოვში შეგვკრიბა, სადაც აფხაზი და ოსი თანატოლები გავიცანით. პანდემიიდან გამომდინარე, მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საერთაშორისო პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, თან ჩვეულებრივ საერთაშორისო პროექტში კი არა, ისეთში, სადაც აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შევხვდებოდი. ამ შესაძლებლობამ თავიდანვე ძალიან მომხიბლა. 
ბუნებრივია, აფხაზ და ოს ხალხზე, ადამიანებზე ბევრი რამ მსმენია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ პროექტამდე ბევრი რამ უფრო სხვანაირად მეგონა, ვიდრე სინამდვილეში იყო. 
პროექტის მონაწილედ როცა შემარჩიეს და აფხაზ და ოს ახალგაზრდებთან ერთად ტრენინგებში უნდა მიმეღო მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ახალი შანსი და გამოცდილება დავინახე, რადგან ამ პროექტამდე პირისპირ არასოდეს შევხვედრივარ მათ. მეც, როგორც ალბათ ყველა სხვა ქართველ ახალგაზრდას, მათ შესახებ ბევრი მსმენია, ძირითადად - უფროსი თაობისგან, მაგრამ იმდენად ვერ ვიაზრებდი აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღდგენის და შერიგების მნიშვნელობას და სენსიტიურობას, როგორც პროექტის განმავლობაში გავიაზრე. მანამდე, ალბათ, უფრო შორს მყოფები ჩანდნენ ეს ადამიანები, არადა, როგორი ახლობლები ყოფილან...
პროექტის თარიღების მოახლოებასთან ერთად, უფრო ავნერვიულდი. არ ვიცოდი, რამდენად გავართმევდი თავს ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული ენა არ ვიცოდი. ვფიქრობდი, მათთან რა უნდა მეთქვა, როგორ უნდა მეთქვა ან რა არ უნდა მეთქვა. ამ ყველაფერმა ცოტა ამანერვიულა და დამაფიქრა. 
PCR ტესტის შედეგებითა და კოვიდ პასპორტებით სავსე აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში მივედით, სადაც პროექტის სხვა მონაწილეები გველოდნენ. უკვე იქ ვიყავით და კიშინოვის თავგადასავლები ამ დღიდან დაიწყო. მონაწილეობა მივიღე ძალიან საინტერესო ტრენინგში - იმდენად საინტერესოში, ხშირად რომ არ ტარდება. უამრავი რამ ვისწავლე, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გავიცანი უნიკალური ადამიანები, რომლებთანაც, ენის ბარიერის მიუხედავად, მაინც მქონდა აქტიური კომუნიკაცია. 
სამწუხაროდ, იძულებული ვარ, სახელები შევცვალო და მათ შესახებ ისე ვისაუბრო - კონსპირაციულად, რადგან ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა იქ, მათთან მთელ რიგ რისკებს შეიცავს.

დიმიტრი...
დიმიტრი ერთ-ერთი ახალგაზრდაა, რომელიც პროექტის განმავლობაში გავიცანი. კარგი ადამიანია, პირველი დანახვისთანავე რომ ეტყობა სახეზე სიკეთე. იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ენა არ ვიცოდი, დიმიტრიმ კი - ინგლისური, კომუნიკაცია გვიჭირდა. ხომ შეუძლებელს გავს კომუნიკაცია, როცა ორივე სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ? ხო, მეც შეუძლებელი მეგონა, მაგრამ გამოსავალი ვიპოვეთ. თავდაპირველად, ორივეს გვეცინებოდა რუსული რომ არ ვიცოდი და ვერ ვაგებინებდი, რისი თქმა მინდოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ ორივეს სერიალები და ფილმები გვიყვარს და სერიალების დასახელებებით დავიწყეთ ლაპარაკი, რაც მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ენებზე ვიცოდით. დიმიტრის ნანახი ჰქონია ჩემი რამდენიმე საყვარელი სერიალი. პერსონაჟების სახელებს ვამბობდით და თავს ვუქნევდით ერთმანეთს, როცა ნაცნობი პერსონაჟები გვესმოდა. ბავშვობაც კი გავიხსენეთ და ვამპირის დღიურებზე, ორიგინალებზე და სხვა ძველ სერიალებზე ვისაუბრეთ. ნუ, საუბარიც არ იყო, რადგან ძირითადად სერიალის სათაურის თქმა და მერე სახის მიმიკებით სერიალზე ჩვენი აზრის გამოხატვა იყო, მეტი ვერაფერი, სანამ დიმიტრიმ Google Translate არ ჩართო საუბარში... რუსულად წერდა და ინგლისურ აუდიოს მასმენინებდა. მეც იგივენაირად ვაკეთებდი, დიმიტრის რუსულ თარგმანს ვასმენინებდი და მერე ორივე ვიცინოდით. ასე ვლაპარაკობდით და ერთმანეთს სათქმელს ვუზიარებდით. შემდეგ WhatsApp-ის გამოყენება დავიწყეთ, სადაც დიმიტრი ინგლისურად მწერდა, ანუ, ჯერ თვითონ თარგმნიდა ყველა მესიჯს და მერე მწერდა. როგორ შეიძლება ასეთი რამ არ დააფასო? რამდენ დროს ხარჯავდა დიმიტრი იმისთვის, რომ ჩემთან ესაუბრა და ჩემთვისაც როგორი საინტერესო იყო ეს საუბარი. ალბათ რუსული ენა რომ მცოდნოდა, ჩვენი კომუნიკაცია ასეთი განსაკუთრებული და საინტერესო არ იქნებოდა. 

ანიტა...
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ენა არ იცით, არ გესმით რას საუბრობს ადამიანი, მაგრამ მის იუმორზე მაინც ძალიან გეცინებათ? ალბათ - არა. არც მე შემეძლო, სანამ ანიტა არ გავიცანი - კიდევ ერთი პროექტის მონაწილე. რუსული არ ვიცოდი, ზუსტად ვერ ვიგებდი, ანიტა რას ამბობდა, მაგრამ იმდენად კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ენის ცოდნის გარეშეც კი მისი იუმორი, უბრალოდ, მიყვარდა, ახლაც მიყვარს. ზოგადად, ჩემთვის იუმორის გრძნობა ბევრს ნიშნავს და იშვიათად თუ ვხვდები ხოლმე ადამიანს, ვისაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სწორედ ასეთი ადამიანია ანიტა - ერთხელ ნახვაც საკმარისია, მისი განსაკუთრებულობა რომ დაინახო. კიშინოვის ქუჩებში ერთად ვსეირნობდით, ფოტოებს ვიღებდით და ვიცინოდით. საინტერესო პროცესი იყო, როგორ ცდილობდა ანიტა მის მიერ ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა აეხსნა და ამისთვის ჩემთვის ნაცნობი რუსული სიტყვები მოეშველიებინა. „ანიტა, შენი იუმორი მიყვარს“ - ამ ფრაზას ვეუბნებოდი ხოლმე რუსულად. 

ნინა...
ნინა, უბრალოდ, საოცარი იყო. ჯერ მარტო მისი ღიმილი იყო საოცარი და მერე თვითონ ნინა. ძალიან დაინტერესებული იყო თბილისში არსებული სიტუაციით. რა ხდებოდა, როგორ ვცხოვრობდით, როგორ ვსწავლობდით და ვმუშაობდით. როგორც ჩანს, ნინასთვის ისიც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ჩვენ უნივერსიტეტებში ყოველგვარი ნაცნობების ჩარევის გარეშე შევძელით ჩაბარება და ნაცნობების ჩარევა არც სამსახურში დაგვჭირდა. რა თქმა უნდა, ჩვენც გვსიამოვნებდა, როცა მას ყველაფერს ვუყვებოდით საქართველოს შესახებ. იმედია, ნინა თბილისში ჩამოვა, სადაც უკვე ჰყავს ჩვენი სახით მეგობრები და უფრო მეტს შეძლებს გაიგოს აქ მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე, დატკბეს ყველა იმ სიკეთით, რასაც თბილისი შესთავაზებს. და ყველაზე კარგი ის არის, რომ თვითონ ნინასაც სურს თბილისის ნახვა. 

მიშა...
მიშა მთელი დღეების განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო, ტრენინგებს ერთად ვესწრებოდით და სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობებში ვიღებდით მონაწილეობას, მაგრამ ყველაზე კარგად ის, ალბათ, წამოსვლის დღეს გავიცანი. მიშას რეისიდან რამდენიმე საათით ადრე, მონაწილეების ნაწილი კიშინოვის ქუჩებში ვსეირნობდით. მე, როგორც ყოველთვის, რუსულს კარგად ვერ ვიგებდი და ვერ ვახერხებდი აქტიურად დიალოგებში ჩართვას, როცა მიშამ ქართულად ლაპარაკი დაიწყო. თავი იზოლირებულად რომ არ მეგრძნო ენის ბარიერის გამო, ის მთელი მონდომებით ცდილობდა ქართულად ეთქვა ის, რისი გადმოცემაც ჩემთვის უნდოდა. ცოტა ქართული ვიციო, ნათესავებმა მასწავლესო, ინგლისურსაც ვსწავლობო. ძალიან მოულოდნელი, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნო იყო მასთან ქართულ ენაზე საუბარი. საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ კიშინოვის ქუჩებში. 

დამშვიდობება...
კონკრეტულ ადამიანებზე ისტორიების მოყოლა არც ისე კარგი იდეა ყოფილა, მაგრამ ამას მაშინღა მივხვდი, როცა ოთხი მათგანის შესახებ წერა დავასრულე და ისევ ძალიან ბევრზე, ძალიან ბევრი მქონდა დასაწერი. მაგრამ არაუშავს, ასე იყოს. 
რაც მთავარია, ტრენინგი ორ ენაზე - რუსულად და ინგლისურად მიმდინარეობდა და მთარგმნელის დახმარებით, ტრენინგის მიმდინარეობისას, დისკუსიების დროს, უფრო მეტად ვახერხებდით ერთმანეთისთვის სხვადასხვა სათქმელი და სატკივარი გაგვეზიარებინა. 
სამდღიანი ტრენინგის (თან როგორი ტრენინგის!) შემდეგ, ძალიან რთული აღმოჩნდა კიშინოვიდან წამოსვლა და ამ ადამიანებთან დამშვიდობება. ლოკაციების მიხედვით, ფრენები სხვადასხვა დროს იყო, ბოლოს კი, თბილისში წასვლა გვიწევდა. ამიტომ თბილისის აეროპორტში მიმავალმა ხალხმა ყველა სხვა დანარჩენი გავაცილეთ. უშუალოდ ამ დრომდე, არ მიფიქრია, თუ ასეთი რთული იქნებოდა მათთან დამშვიდობება. 
დიმიტრი ინგლისურ ენაზე დამემშვიდობა - მომავალ შეხვედრამდეო. როგორც შემდეგ გავიგე, ჩემი მეგობრისთვის უთხოვია, ესწავლებინა, როგორ ეთქვა ეს სიტყვა ინგლისურად, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გამეგო. და მეც გავიგე...
თითოეული მონაწილის წასვლის შემდეგ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ძალიან ახლობელს ვუშვებდი და არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ოდესმე ისევ მენახა. „იქნებ მეტჯერ ვეღარ ვნახო?“ - სულ ეს ფიქრი მიტრიალებდა თავში თითოეულ მათგანზე და ძალიან არ მინდოდა, ასე ყოფილიყო. იქვე, კიშინოვშივე დავიწყეთ იმაზე საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა მომავალშიც შევხვედროდით ერთმანეთს. სოციალურ ქსელებში დავკავშირდით და დღემდე ვაგრძელებთ კომუნიკაციას. 

მართალია, პანდემიის დროს საერთაშორისო პროექტის განხორციელება ძალიან რთული და სარისკო იყო, მაგრამ პანდემიას ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება რომ არ მოეცა, წარმოუდგენლად ცუდი იქნებოდა. შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებისთვისაც წარსულ კონფლიქტებზე მაღლა პირადი ურთიერთობები და ადამიანობა იდგა და დავინახეთ, რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა გულწრფელ ურთიერთობებში. გულითადი მეგობრობა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ წარსულში ერთმანეთთან პრობლემები გქონდათ, და, თუნდაც მაშინ, როცა ერთმანეთის სასაუბრო ენა უბრალოდ არ იცით.  

ახალი ამბები