კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეხვედრა სტუდენტებთან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

31 მარტი, 2022
Humanrights.ge

24 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართველი და ოსი ხალხების დიალოგი და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაჩაღებული კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა ისაუბრა ადამიანის უფლებათა ცენტრის მისიაზე და ხედვაზე, ასევე, ორგანიზაციის მიერ შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა თუ აქტივობებზე, მათ შორის: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესზე, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებსა და პრობლემებზე, ქართველი და ოსი ხალხების დიალოგის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პერსპექტივებზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ სტუდენტებს გააცნო ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუციის და მოქალაქეობის დაბრუნების პროცესის სამართლებრივი ანალიზი“, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, აუცილებელია, მთავრობის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იყოს განხილული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოსახლეობის კომპენსაციის/რესტიტუციის და მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება. ასევე, მნიშვნელოვანია, დროულად ამოქმედდეს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია და განისაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები, პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, რის საფუძველზეც, შესაძლებლობის ფარგლებში, მოხდება დაზარალებულთა ქონების რესტიტუცია, ან შესაბამისი კომპენსაცია. 

სტუდენტებს მიეწოდა ინფორმაცია 2006 წელს მიღებული კანონის იმპლემენტაციის - რესტიტუციის და კომპენსაციის პროცესის დაწყების მნიშვნელობაზე ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესში, რის შესახებაც ანგარიშშიც არის ხაზგასმული. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ რესტიტუციის პროცესის რეალური და ეფექტიანი წარმართვა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების ფორმალურად შესასრულებლად, არამედ პირველ რიგში - სამართლიანობისთვის, ხალხებს შორის ნდობის აღდგენისთვის და შერიგებისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სხვადასხვა ქვეყანაში აორგანიზებს სამმხრივი დიალოგის შეხვედრებს, ქართველი, აფხაზი და ოსი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის მონაწილემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა, მედეა პავლიაშვილმა თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, კონფლიქტით გამოწვეული ტრავმები,  სტერეოტიპები და შიშები იმდენად ღრმად არის გამჯდარი საზოგადოებაში, რომ საერთო შეხვედრისას თავდაპირველად შესამჩნევია დაძაბულობა და დისტანცია, მაგრამ მალევე შეხვედრის მონაწილეები ბევრ საერთო ინტერესს პოულობენ და ერთმანეთს ემეგობრებიან. ასე იყო სტამბოლის შეხვედრაზეც, როცა ენის ბარიერმაც კი ვერ შეუშალა ხელი ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების დამეგობრებას. თავისი შთაბეჭდილებების შესახებ მედეა პავლიაშვილი ასევე ვრლად საუბრობს HUMANRIGHTS.GE-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში - ენის ბარიერი არ არსებობს!

დისკუსიისას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ ჯაბახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკის წინსვლა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებს და აფხაზებს უფრო მეტად გაუჩენს სურვილს, საქართველოს სახელმწიფოს დაუკავშირონ თავიანთი სამომავლო განვითარება. ამავე დროს, აუცილებელია, საქართველომ გაითვალისწინოს და გამოასწოროს ის შეცდომები, რაც დაშვებული იყო აფხაზ და ოს ხალხებთან კონფლიქტის დროს.

სტუდენტები დაინტერესდნენ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება რამდენად არის მზად, ჩაერთოს რესტიტუციის და კომპენსაციის საკითხების გადაწყვეტის პროცესში, ვინაიდან კანონის თანახმად, ქონების რესტიტუცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ და დევნილ ქართველ მოსახლეობასაც უნდა შეეხოს. თანაც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაიზარდა ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა რაოდენობა, ზოგიერთი ქართული სოფელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მთლიანად დაანგრიეს და ამ დანაშაულებს ამჟამად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს. შესაბამისად, დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქონების რესტიტუცია ძალიან რთული, ფაქტობრივად - შეუძლებელი იქნება დე ფაქტო ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დროულად დაიწყოს რესტიტუციის და კომპენსაციის პროცესი, თუნდაც მხოლოდ იმ ტერიტორიაზე არსებული ქონების რესტიტუციით, სადაც საქართველოს იურისდიქცია მოქმედებს. გზადაგზა, დეოკუპაციის კვალდაკვალ, შესაძლებელი იქნება ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოქალაქეების ქონებრივი უფლებების ადღგენაც. კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს არ დაუკარგავთ იმედი, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს დარღვეული უფლებების და სამართლიანობის აღდგენას.

სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორის სახელმწიფო ბიბლიოთეკას გადასცა ბეჭდური გამოცემები, მათ შორის - ანგარიში „კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუციის და მოქალაქეობის დაბრუნების პროცესის სამართლებრივი ანალიზი“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 

ახალი ამბები