კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მომაკვდავი სოფელი - როგორ ცხოვრობენ ერგნეთში ომიდან მეთოთხმეტე წელს

23 ივნისი, 2022
გიორგი დვალიშვილი, შიდა ქართლი

მე-14 ზაფხული 2008 წლის ომიდან. უბანში 13 სახლზე მეტია დაკეტილი. აქა-იქ რამდენიმე მოხუცია დარჩენილი. „მომაკვდავი სოფელი“ - ასე უწოდებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ადგილს, სადაც დაიბადა და სადაც ერთ დროს ბავშვების ჟრიამული ისმოდა.

„ომი მხოლოდ ტყვიით არ კლავს. სტრესმა და ომის შემდგომმა მძიმე ცხოვრებამ ბევრი ერგნეთელის სიცოცხლე შეიწირა“, - ამბობს ის და მზერა მისი სახლის მოპირდაპირედ დაკეტილი კარისკენ გადააქვს
.
ერგნეთში დარჩენილი მოსახლეობა აქ ყოფნას „დენთის კასრთან“ ცხოვრებას ადარებს - ერთი მხრივ, მცოცავი ოკუპაცია და მეორე მხრივ, ყოფითი პრობლემები.

მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც სოფლის დატოვებაზე უარი თქვა, ცდილობს, მიწის დამუშავებით და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმეებით ირჩინოს თავი. მოსახლეობის დანარჩენ, დიდ ნაწილს მოხუცი თაობა წარმოადგენს.

„აქ ბავშვები აღარ ჩნდებიან. დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა ერგნეთი. სკოლა 7-მა მოსწავლემ დაასრულა. ისინი ქალაქში წავლენ. უკან დაბრუნებული ძალიან ცოტა მინახავს“, - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

სოფელში დარჩენილ ერთ-ერთ მოხუცს, რომელიც ხშირად გრძნობს შეუძლოდ თავს, ერგნეთში არსებული ამბულატორია ძირითადად, დაკეტილი ხვდება.

„ექიმი კვირაში ერთი დღე მოდის, მაგრამ პანდემიის პერიოდში, ცუდ ამინდებში, ფორსმაჟორში ან ტრანსპორტი როცა არ მუშაობს, ვერ ახერხებს ზოგჯერ ადგილზე ჩამოსვლას. ერთი დღე ისედაც არ არის საკმარისი და ხან ესეც არ გვაქვს", - ამბობს სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი მოხუცი.
ლია ჩლაჩიძე ფიქრობს, რომ ერგნეთში დარჩენილ მოსახლეობას სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მისი თქმით, მოხუცებს არ აქვთ საშუალება, რომ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიიღონ: „მართალია, ამბულატორია არსებობს, მაგრამ ეს არის კოტეჯი, რომელიც ძირითადად პლასტმასისგან არის ნაგები, შიგნით დგას ღუმელი და ძალიან დიდი უსაფრთხოების ზომებია დასაცავი, რადგან აალების შემთხვევაში, რამდენიმე წუთში დაიწვება მთლიანი კოტეჯი".

როგორც თავად ამბობს, სულ მალე 70 წლის გახდება და მიუხედავად უამრავი პრობლემისა, სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობს. „ჩემ ირგვლივ 13 სახლია დაკეტილი. უკვე მეშინია, რომ ზამთარში შეიძლება მარტო დავრჩე", - ამბობს ჩლაჩიძე.

ამბულატორიების მართვა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შპს შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის პრეროგატივაა.  ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯალაბაძე აცხადებს, რომ ექიმის ყოველდღიური ვიზიტის საშუალება არ არის. ის კადრების სიმცირეზეც ამახვილებს ყურადღებას.

„საშუალება არ არის, ყოველდღიურად რომ იჯდეს ექიმი ამბულატორიაში. კადრების სიმცირეც არის. კანონმდებლობის მიხედვით, 2 500 მოსახლეზე ერთი ექიმი და ერთი ექთანია გათვალისწინებული. დავაყენებ დღის წესრიგში ამ პრობლემას, რომ ექიმი თუ ვერა, ექთანი მაინც რომ გადავიდეს ხოლმე ერგნეთის ამბულატორიაში. ყოველთვის ვცდილობ, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები”, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ერგნეთში დარჩენილი მოხუცები, რომელთაც სამედიცინო მომსახურება ხშირად სჭირდებათ, ამბულატორიის პრობლემის გარდა, კიდევ ერთ პრობლემას აწყდებიან.

ამბულატორია როცა დაკეტილია, სამედიცინო მომსახურება კი აუცილებელია, მოსახლეობა იძულებულია, გორში წამოსვლაზე იფიქროს, მაგრამ ერგნეთიდან ტრანსპორტი გრაფიკის გარეშე დადის. გორში ჩამოსასვლელად, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმესაათიანი ლოდინი უწევთ. 

„ტრანსპორტი ძალიან გაძვირდა და ყველას არ აქვს საშუალება, რომ იაროს გორში. თანაც ტრანსპორტი გრაფიკის გარეშე მოძრაობს - ვისაც როგორ უნდა, ისე დადის. ტრანსპორტი დგას და სანამ არ შეივსება, მძღოლი არ მიდის. საათობით შეიძლება, მოგიწიოს ლოდინმა. ეს არის კატასტროფა", - ამბობს ერგნეთში მცხოვრები ნინო კასრაძე.

გარდა ამისა, მეზობელ სოფელში ან გორში წამოსასვლელად მოსახლეობას სხვა მიზეზებიც აქვს. ერგნეთში არ არის არც მაღაზია და არც აფთიაქი, შესაბამისად, ტრანსპორტის გრაფიკის მოუწესრიგებლობა, კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემის სიმწვავეს.

სოფელ ერგნეთში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად, ადგილზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრის ჯგუფი. ცენტრის თანადირექტორი, ნინო ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ადგილზე ვიზიტისას, მოსახლეობამ უამრავ პრობლემაზე ისაუბრა, რომელთა შორის არის ტრანსპორტის პრობლემაც.

„ტრანსპორტი გრაფიკით მუშაობს - დღეში ერთხელ, დაახლოებით 12 საათის შემდეგ. ასეთი გრაფიკი შეუთავსებელია იქ მცხოვრები ადგილობრივების სამუშაო გრაფიკთან. მათ არ ჰყავთ საკუთარი ავტომობილი. შესაბამისად, იძულებულები არიან, დახმარება ტრანსპორტირების მიზნით სოფლის სხვა მაცხოვრებლებს სთხოვონ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

მოქალაქეების გადაადგილებას გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით, ერთ-ერთი კერძო კომპანია უზრუნველყოფს. კომპანიის ხელმძღვანელი ზაზა მირუაშვილი განმარტავს, რომ არსებული გრაფიკი მოსახლეობის ნაწილის და სკოლის დირექციის რეკომენდაციით შეიმუშავეს. მისივე თქმით, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, მზად არის ითანამშრომლოს ერგნეთის მოსახლეობასთან.

„ტრანსპორტი იმ გრაფიკით დადის, როგორც სკოლის დირექტორმა და მოსახლეობამ ითხოვა. თუ უკმაყოფილება არის, კარგი იქნება თუ თავად შეარჩევს მოსახლეობა სასურველ გრაფიკს და თავად დამიკავშირდებიან. მე თვითონაც დავუკავშირდები იმ მძღოლებს, რომლებიც ინტენსიურად დადიან გორი-ერგნეთის მარშუტზე და მათთან ერთად შევათანხმებ. როგორიც იქნება მოსახლეობისგან მოთხოვნა, ისეთი იქნება გრაფიკიც”, - აცხადებს ზაზა მარუაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მცდელობა მერიას ჰქონდა, მაგრამ - წარუმატებლად დასრულდა.

„საკრებულომ მიიღო შესაბამისი დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის შედეგად შერჩეული სატრანსპორტო საშუალებებისთვის მგზავრების გადაყვანის ნებართვების გაცემას. ამის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი, მაგრამ არ შედგა. გორის მერია ამ საკითხის მოგვარების მიზნით, მუშაობას აგრძელებს”, - განმარტა გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მდინარიძემ.

მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მიწათმოქმედებას მისდევს, ტექნიკის ნაკლებობის პრობლემის წინაშეა. ერგნეთში მცხოვრები გიორგი კასრაძე ამბობს, რომ როდესაც ხვნა-თესვის დრო დგება, თემი ერთეულ ტექნიკაზე ხდება დამოკიდებული.

„ძალიან რთული პრობლემაა, რადგან ფერმერებს ხელი გვეშლება მიწის დროულად დამუშავებისთვის. არადა, მოსახლეობის ნაწილი სწორედ მიწათმოქმედებით  - სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციით ირჩენს თავს", - განმარტავს გიორგი კასრაძე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მამუკა ლომსაძე ადასტურებს, რომ ტექნიკის პრობლემა ნამდვილად არის დღის წესრიგში. იგი ერგნეთის მოსახლეობას ურჩევს, რომ შექმნან კოოპერატივი და მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამებში: „ტექნიკის ნაკლებობა ნამდვილად არის. გამქირავებელი კომპანია ტექნიკას არ აახლებს. არის პროგრამა, რომელშიც შეუძლია მოსახლეობას მონაწილეობა, ელექტრონულად. სამინისტროს ვებ-გვერდზე უნდა შეავსონ განაცხადი და 35%-იანი თანადაფინანსება ხდება. ბევრმა ფერმერმა ისარგებლა ამ პროგრამით და შეისყიდა ტრაქტორი და მისაბმელი. გარდა ამისა, არის მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვისთვის საჭირო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ფერმერს უფინანსდება ტექნიკის ღირებულების 40-50%“. ლომსაძის განმარტებით, მოსახლეობას ასევე შეუძლია, ტექნიკის შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტი აიღოს - წლიურ 3%-თ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს „2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისა და კონფლიქტის რეგიონებში განგრძობადი უფლებადარღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა", რომლის ფარგლებშიც მოხდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ვიზიტები, პრობლემების იდენტიფიცირება და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზების ადვოკატირება.

ახალი ამბები