კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'არ მინდა ჩემი სოფელი რუკიდან წაიშალოს' - როგორ ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან

17 აგვისტო, 2022
გიორგი დვალიშვილი, შიდა ქართლი   

„აქ ზამთარში თითო კაცი რჩება, მოხუცებს ზაფხული უხარიათ, ხალხს რაკი ხედავენ", - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები ჩიტაურები და ზენუბანი დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით, ორივე სოფელში ჯამში 24 ადამიანია რეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად, ადგილზე ნახევარზე ნაკლები ცხოვრობს. ადგილობრივები ღელავენ, რომ რამდენიმე წელიწადში სოფელში აღარავინ დარჩება. 

ჩიტაურებსაც და ზენუბანსაც მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ არის მაღაზია და აფთიაქი. „ქვემოთ არის მაღაზია ჭართალში. მადლობა ღმერთს, მეზობლები გვეხმარებიან. ზოგს ჰყავს თავისი ტრანსპორტი, ზოგიც კი ცხენით გადაადგილდება. სულ 2-3 კაცი დარჩა სოფელში და ვინ გახსნის მათ გამო მაღაზიას ან ტრანსპორტს ვინ დაგვინიშნავს?! ასე, მეზობლის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული“, - ამბობს ჩიტაურებში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.

ჯაბა გოგიშვილი სოფელ ზენუბნიდანაა. მისი თქმით, სოფლად ნოყიერი მიწაა და მისი დამუშავებაც არ არის რთული, მაგრამ წუხს, რომ მიგრაცია ასეთ მაღალ ნიშნულზეა: „გვერდიგვერდ არის ზენუბანიც და ჩიტაურებიც. ჩემს სოფელში ახლა თითზე ჩამოსათვლელი დარჩა მოსახლეობა. ზამთარში ესეც არ არის - ერთი კაციღა რჩება. ვისურვებდი, რომ სოფლიდან მოსახლეობის გადინება შეწყდეს. არ მინდა, ჩემი სოფელი რუკიდან წაიშალოს დროთა განმავლობაში, აგერ არის ყურისძირში ოკუპირებული სოფლები. იქიდან რომ გადმოიხედავენ, არ მინდა, დაცლილი და გაპარტახებული სოფელი დაინახონ".

ზენუბანშიც და ჩიტაურებშიც ამჟამად საზაფხულო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ - თიბვა, მოსავლის აღება-დაბინავება და ა.შ

„არ უნდა დაიკარგოს სოფელი. მეტი ხელშეწყობაა საჭირო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პოპულარიზაციისთვის, თორემ ასე თუ გაგრძელდა, სოფელი აღარ დარჩება", - ამბობს გელა ჩიტაური, სოფელ ჩიტაურების მაცხოვრებელი.

სოფელი ჭართალი ჩიტაურებიდან და ზენუბნიდან 3 კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობის თქმით, მათი სოფლების მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი სწორედ ჭართალში ჩამოსახლდა. კახა ჩიტაური სოფელ ჩიტაურებში დაიბადა. ამბობს, რომ სოფელში კვირაში ორჯერ მაინც ახერხებს ჩასვლას.

„ჩიტაურებში 5 ოჯახიღა დარჩა. მამა გასულ წელს გარდაიცვალა. დედა იქ მარტო ვერ გაჩერდებოდა, ამიტომ ისიც ჭართალში ჩამოვიდა. ვცდილობთ, სახლს ყურადღება მივაქციოთ, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო მცირდება სოფლის მოსახლეობა", - ამბობს კახა ჩიტაური.

მოსახლეობის თქმით, არც ჩიტაურებში და არც ზენუბანში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამ სოფლებში იმყოფებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლობაც.

„მიუხედავად იმისა, რომ სოფელი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, წყლითა და გაზით, მოსახლ;ეობას აწუხებს მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. განსაკუთრებით პრობლემატურია საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა. დასახლება საკმაოდ დაშორებულია რაიონულ ცენტრს. შესაბამისად, ადგილობრივებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყოფა სასიცოცხლოდ აუცილებელია მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველსაყოფად", - აცხადებს ნინო ცაგარეიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ჩიტაურები და ზენუბანი სარგებლობენ მაღალმთიანი სოფლის სტატუსით. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული შეღავათები. უწყების ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 270 დასახლებას. შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია, მოქალაქეს ჰქონდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ამისთვის საჭიროა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მიმართონ განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობის ასლი, იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება; სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორც ცნობილია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს ჩიტაურებში გზა მოიხრეშება. ამ ინიციატივას მხარი სოფელში დარჩენილმა 5-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. „მოიხრეშოს სოფელ ჩიტაურებამდე მისასვლელი გზა. მოეწყოს შესაბამისი წყალგამტარი ცხაურები და თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა მოხმარდეს სოფელ ჭართლის სასმელი წყლის რეაბილიტაციას", - აღნიშნულია ოქმში.

რაც შეეხება, ზენუბანს, სოფლის კრების ოქმით, აქ რეგისტრირებული 14 ამომრჩევლიდან, შეხვედრას 4 ესწრებოდა, რომლებმაც საკუთარი სოფლისთვის პროექტი ვერ შეარჩიეს. სამაგიეროდ, ისურვეს სოფელ ჭართალში სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯოს მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს „2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისა და კონფლიქტის რეგიონებში განგრძობადი უფლებადარღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა", რომლის ფარგლებშიც ხდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ვიზიტები, პრობლემების იდენტიფიცირება და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზების ადვოკატირება.

ახალი ამბები