კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინტერვიუ კაუპო კანდთან - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში

18 აგვისტო, 2022
 
ინტერვიუ კაუპო კანდთან - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში

ნინო ცაგარეიშვილი

8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები დღემდე დაუსჯელია. 14 წელია, რაც აგვისტოს ომის დროს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ორგანოების ყურადღების საგანს წარმოადგენს. 2008-2015 წლებში მიმდინარეობდა წინასწარი მოკვლევა (preliminary examination) პროკურორის ოფისის (OTP) მიერ, 2016 წლიდან დღემდე კი - ოფიციალური გამოძიება. გამოძიების პირველი ხელშესახები შედეგი ახლახანს დადგა - 2022 წლის მარტში, პროკურორმა კარიმ ხანმა მიმართა წინასასამართლო პალატას და მოითხოვა დაკავების განჩინებების გამოცემა სამი პირის მიმართ (მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავიდ სანაკოევი), რომლებსაც ეკავათ თანამდებობები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციაში აგვისტოს ომის მოვლენების დროს. პროკურორის მიმართვა შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ კონკრეტულ ეპიზოდს - 171 ეთნიკური ქართველი (ან ასეთად აღქმული) სამოქალაქო პირისათვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების გზით და მათ მიმართ ჩადენილ ომის შემდეგ დანაშაულებს: თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა, წამება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შელახვა, მძევლად აყვანა და იძულებით გადაცემა. წინასასამართლო პალატამ 2022 წლის ივნისში პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავების განჩინებები გამოსცა ზემოაღნიშნული სამი პირის მიმართ. 

Humanrights.ge ესაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კაუპო კანდს, გამოძიებასთან დაკავშირებული სიახლის, შემდგომი პროცესებისა და დაზარალებულების უფლებების შესახებ. საუბარი შეეხო ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის მიერ დაგეგმილ პროექტებს საქართველოში დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების ზეგავლენას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადგილობრივი ოფისის საქმიანობაზე, ადგილობრივი ოფისის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს.

1) რა გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ICC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის მუშაობაზე საქართველოში და მიმდინარე გამოძიებაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით?

საქართველოში ICC-ის წარმომადგენლობას შეეხო კოვიდ-19-ის პანდემია ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ინსტიტუტებსა და მისიებს. პანდემიის დროს,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ძირითადად ონლაინ მუშაობდა. მგზავრობის შეზღუდვების გამო, შედარებით ნაკლები მისია განხორციელდა, მათ შორის, ისეთი სიტუაციის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. თუმცა, პანდემიას არ შეუშლია ხელი ICC- სთვის, რათა მას განეგრძო მუშაობა ყველა სიტუაციის კონტექსტში. მაგალითად, საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით 2022 წლის მარტში ახალმა პროკურორმა იშუამდგომლა წინასასამართლო პალატის მიმართ, რომ 58-ე მუხლის შესაბამისად გაცემულიყო დაკავების განჩინებები სამი პირის მიმართ (ბატონი მინძაევი, ბატონი გუჩმაზოვი და ბატონი სანაკოევი). 

არსებული შეზღუდვების გამო ICC-ის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ ვერ შეძლო პირისპირ შეხვედროდა კონფლიქტის შედეგად ცხოვრებაგართულებულ მოსახლეობას, მათ შორის, დაზარალებულებს, თუმცა ვეცადეთ, რომ ეს შეხვედრები შემდგარიყო მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის მხრივ არსებული მდგომარეობა და შეზღუდვები ამის საშუალებას მოგვცემდა. მაგალითად, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან და ლევან ალექსიძის ფონდთან ერთად გასულ ზაფხულს გავმართეთ შეხვედრები საზოგადოებასთან თბილისში მართლმსაჯულების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ღონისძიებებს შორის იყო ასევე მცირე ფოტო-გამოფენა "სიცოცხლე კონფლიქტის შემდეგ" National Geographic-ის ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფის, პიტ მიულერის ნამუშევრებით, რომელიც საქართველოში მოგზაურობდა, რათა დოკუმენტურად აესახა და მოეყოლა ვიზუალური ამბავი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გამოცდილების, გაჯანსაღებისა და გაძლიერების შესახებ.  ფოტოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე. ისინი იყვნენ შეძრულნი ამ სურათების მიღმა არსებული ისტორიებით.  გამოფენა "ცხოვრება კონფლიქტის შემდეგ"  ხელმისაწვდომია ინტერნეტით და წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას, რათა მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის ამბავი.  

ასევე მოხარული ვართ, რომ როდესაც კოვიდ-19-ის შეზღუდვებმა ამის საშუალება მოგვცა, შევძელით, გასული წლის ნოემბერში მოგვეწყო პირდაპირი სემინარები ჩვენს საკონტაქტო ქსელთან ადგილზე.  აღნიშნულმა ღონისძიებამ შეკრიბა თემის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები  დევნილთა სხვადასხვა დასახლებებიდან და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ დაზარალებულთა ნდობის ფონდის წარმომადგენელს და დაესვათ მისთვის კითხვები ფონდის სამომავლო დახმარების პროგრამის შესახებ საქართველოში. 

პირისპირ შეხვედრების გარდა, ICC- ის ადგილობრივი წარმომადგენლობა კვლავ განაგრძობდა პანდემიის განმავლობაში სხვადასხვა ონლაინ შეხვედრებს, მათ შორის, სამეცნიერო საზოგადოებასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრო ორგანიზაციებთან და სხვა ჩართულ პირებთან.  

2) 2022 წლის მარტში, პროკურორმა კარიმ ხანმა მიმართა წინასასამართლო პალატას შუამადგომლობით, დაკავების განჩინებები გამოეცა სამი პირის მიმართ,  რომლებსაც ეკავათ თანამდებობები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციაში აგვისტოს ომის მოვლენების დროს. წინასასამართლო პალატამ ახლახანს დააკმაყოფილა ICC-ის პროკურორის მოთხოვნა და გასცა დაკავების განჩინებები სამივე მათგანის მიმართ (მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავიდ სანაკოევი). განჩინებები ეხება ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირების უკანონო დაკავების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე მძევლად აყვანისა და უკანონო გადაცემის სავარაუდო დანაშაულებს. 

თუ შეიძლება გვიამბეთ, რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული სამი პირის მიმართ დაკავების განჩინებების გაცემის შესახებ. რა როლს ასრულებს ICC-ის წარმომადგენლობა ამ პროცესში და რა უფლებები აქვთ დაზარალებულებს? 

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, წინასასამართლო პალატამ გასცა დაკავების განჩინებები სამ პირზე 2022 წლის 24 ივნისს. დაკავების განჩინებების საჯარო რედაქტირებული ვერსია გამოქვეყნდა 2022 წლის 30 ივნისს. წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ვირწმუნოთ, რომ ხსენებული სამი ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია ICC-ის განსჯადობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ფარგლებში.
 
ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს აღსრულების მექანიზმი, იგი დაეყრდნობა წევრ და/ან სხვა სახელმწიფოებს, რათა აღსრულდეს დაკავების განჩინებები უმოკლეს ვადაში. როგორც პალატამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, კანცელარია პროკურატურასთან შეთანხმებით მოამზადებს და გადაუგზავნის თანამშრომლობის თხოვნას სახელმწიფოებს, რათა აღნიშნული ეჭვმიტანილები იქნენ დაპატიმრებული და გადმოცემული.  

მას შემდეგ რაც ეჭვმიტანილი დაპატიმრებული იქნება, დამკავებელი სახელმწიფო აცნობებს კანცელარიას, თუ როდის იქნება შესაძლებელი ეჭვმიტანილის გადმოცემა.  მას შემდეგ, რაც მას გადმოსცემენ სასამართლოს, მოსამართლეები განსაზღვრავენ მისი სასამართლოს წინაშე წარდგომის თარიღს.  

რომის სტატუტის შესაბამისად, დაზარალებულებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სამართალწარმოების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე. ICC-ის სასამართლო პროცესებში მათ, როგორც წესი, წარმოადგენენ დაზარალებულთა იურიდიული წარმომადგენლები, რომლებიც მოსამართლეებს მოახსენებენ დაზარებულთა მოსაზრებებსა და წუხილებს. სამართალწარმოებაში მონაწილეობით დაინტერსებულმა დაზარალებულმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა წერილობით, რათა მან შეძლოს მონაწილეობის მიღება პროცესში. სწორედ მოსამართლეები წყვეტენ საკითხს, თუ ვის, როდის და რა ფორმით შეუძლია მონაწილეობა, როგორც დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში. გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლეები ითვალისწინებენ დაზარალებულის პირად ინტერესებს და ასევე ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის უფლებებს.  

მას შემდეგ რაც ბრალდებულს დასდებენ მსჯავრს, პალატა აცხადებს რეპარაციის ფაზას, რომლის განმავლობაში დაზარალებულებსაც შეუძლიათ, სთხოვონ სასამართლოს რეპარაციების მიღება და სასამართლოს უფლება აქვს, დაავალოს მსჯავრდებულ პირს, გადაუხადოს რეპარაცია დაზარებულებს ან თავისი წვლილი შეიტანოს რეპარაციის ბრძანების აღსრულებაში დაზარებულების მიმართ. რეპარაციის ბრძანება გაიცემა მხოლოდ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებზეც ბრალდებულ პირს მსჯავრი დაედო.  ICC- ის მოსამართლეებმა შეიძლება მიმართონ ნდობის ფონდს, რათა მან თავისი შეზღუდული ფინანსური რესურსებიდან გამოყოს თანხა რეპარაციის ბრძანების აღსრულების მიზნით.  

ICC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა ეხმარება სასმართლოს სხვადასხვა განყოფილებას პროცესის ყოველ ეტაპზე იმით, რომ იგი მხარს უჭერს მისიებს და ადგილზე საჭირო აქტივობებს.

3) 2020 წლის ნოემბერში ICC-ის დაზარალებულთა ნდობის ფონდმა (TFV) დაამტკიცა დახმარების პროგრამა დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით საქართველოში. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა 2019-2020 წლებში TFV-ის მიერ განხორციელებულ შეფასებას დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანისა და მათი საჭიროებების შესახებ. TFV-ის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში დაზარალებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უნდა განხორციელდეს  დახმარების პროექტები. 

თუ შეიძლება გვიამბეთ, როგორ განვითარდა მოვლენები აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ? საქართველოში დახმარების პროგრამის განხორცილებისათვის რა სახის საქმიანობა წარიმართა TFV-ის მიერ? რა ეტაპზე არის პროცესი ახლა და რა სახის დახმარების პროექტების განხორციელება იგეგმება საქართველოში დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით? რა იყო ICC-ის როლი ამ პროცესებში? 

TFV-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდგომ, TFV-მა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომელიც მხარდაჭერილია ICC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობისა და სასამართლოს სხვა შესაბამისი ორგანოების მიერ. TFV-იმ განახორციელა სატენდერო პროცედურები, რათა შეერჩია პარტნიორები, რომლებიც წაუძღვებოდნენ დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოში.  ადგილობრივი წარმომადგენლობა დაეხმარა TFV-ს ტენდერის გამოცხადებისა  და პოტენციური პარტნიორებისგან სატენდერო შეთავაზებების მოძიების საქმეში. TFV-მ შეაფასა რამდენიმე საპროექტო წინადადება და შეარჩია საუკეთესო პარტნიორები დახმარების პროექტის აქტივობების განსახორციელებლად. 2022 წლის 29 აპრილს TFV-ის დირექტორთა საბჭომ ასევე აცნობა I წინასასამართლო პალატას (PTCI) საქართველოში კონკრეტული სამოქმედო  გეგმის შესახებ. 2022 წლის 16 ივნისს PTCI-მა შეატყობინა TFV-ს, რომ შემოთავაზებული აქტივობები წინასწარ არ განსაზღვრავს რაიმე საკითხს, რომლის გადაწყვეტა პალატის პრეროგატივაა. მიღებული შემოთავაზების შესაბამისად, TFV უზრუნველყოფს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისთვის. ამ ეტაპზე TFV-ის მიერ კონტრაქტების გაფორმება სრულდება და მალე ისინი გადაეგზავნება შესაბამის განმახორციელებელ პარტნიორებს. TFV ასევე გეგმავს აიყვანოს რამდენიმე თანამშრომელი საქართველოში, რათა ამგვარად მოხდეს ზედამხედველობა აღნიშნული დახმარების პროექტების განხორციელებაზე. ადგილობრივი ოფისი TFV-სთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის რეჟიმში დაეხმარება TFV-ს, განახორციელოს საზოგადოებრივი ურთიერთობების შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება TFV-ის მომავალ დახმარების პროგრამას.

4) თითქმის 14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. ICC-ის პროკურორის ახლახანს გაკეთებული შუამდგომლობა წინასასამართლო პალატისადმი წინგადადგმული ნაბიჯია გამოძიების პროცესში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანი დრო არის გასული, სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი შიშობს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება გაუმართლებლად დაყოვნდა  დაზარალებულებისთვის. ამ კრიტიკული მოსაზრების თანახმად, თუკი მართლმსაჯულება განხორციელდებოდა უფრო სწრაფად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, ამას ექნებოდა პრევენციული ეფექტი მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ამჟამად ჩადის უკრაინაში. რას უპასუხებდით ICC-ის მიმართ არსებულ ამ კრიტიკას? 

უმაღლესი საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების, საქმის სირთულისა და სხვადასხვა გამოწვევის გამო, საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესი, იქნება ეს დროებითი სასამართლო ტრიბუნალი, თუ მუდმივმოქმედი სასამართლო, როგორიც არის ICC, უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ეროვნული სასამართლო წარმოება. როგორც ზემოთ აღინიშნა, წინასასამართლო პალატამ გადაწყვიტა, გაეცა დაკავების განჩინებები სამი პირის მიმართ 2022 წლის ივნისის ბოლოს. რომის სტატუტის სისტემის არსებობა და მისი უნივერსალობა არის საუკეთესო პრევენციული ზომა,  რათა დასრულდეს დაუსჯელობა და სამართლიანობა აღსრულდეს ამ სახის დანაშაულების მსხვერპლთათვის  მთელ მსოფლიოში. 

5) რა საქმიანობას ეწევა ICC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა ამჟამად და რა საქმიანობა არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში?

გარდა იმისა, რომ ის ეხმარება სასამართლოს საქართველოს სიტუაციის ყველა ასპექტში, ადგილობრივი წარმომადგენლობა აგრძელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ICC-ისა და მისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, დაზარებულთა ნდობის ფონდის დახმარების პროგრამის შესახებ. საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვენი ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება ამა წლის ივლისში შედგა, როდესაც  მონაწილეობა მივიღეთ  კონფერენციაში თბილისში, სახელწოდებით „საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ“. კონფერენციაზე წარმოვადგინეთ მოხსენება ამ სფეროში მოღვაწე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მონაწილეების წინაშე, თუ რა მანდატი აქვს სასამართლოს საქართველოში, რაზე მუშაობს და რა საქმიანობა ეწევა იგი.  ჩვენ მიზანია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება დაზარალებული მოსახლეობისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სამეცნიერო წრეებისთვის, მედიისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა ადგილი არ ჰქონდეს არასწორ ინფორმირებას და მცდარი წარმოდგენების შექმნას. ვაპირებთ, განვაგრძოთ შეხვედრები მოსახლეობასთან ადგილობრივ  დონეზე, დევნილთა დასახლებებსა და სოფლებში, სადაც დაზარებულები ცხოვრობენ და დავაკვალიანოთ მათი მოლოდინები. ვაგრძელებთ ასევე ინფორმაციის გაცვლის შეხვედრებს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ICC კოალიციასთან, რომლებიც მუშაობენ დაზარალებულ მოსახლეობასთან, რათა მათ მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, გავცვალოთ ჩვენი ინფორმაცია და მივიღოთ უკუკავშირი. კვლავაც ვინარჩუნებთ კონტაქტებს და ვაწვდით ინფორმაციას შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს, დიპლომატებს, ჟურნალისტებსა და სამართლის სპეციალისტებს საქართველოში. 

6) საქართველოში დაზარალებულ თემებთან  ურთიერთობაზე დაყრდნობით, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის დაზარალებულთა უმთავრესი წუხილის საგანი  ICC-ის მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით? ასევე, რა არის მათი მთავარი კითხვები და ინტერესის საგანი? რა არის საზოგადოების სხვა სეგმენტების წარმომადგენელთა ძირითადი კითხვები და ინტერესის საგანი? 

დაზარალებულთა უმეტესი ნაწილი, რომლებსაც შევხვდით საქართველოში დევნილთა დასახლებებსა და სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს, უფრო მეტად ღელავს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სამუშაო ადგილებზე, შემოსავლებზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. თითქმის ყველა მათგანმა გამოთქვა მყარი სურვილი, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ამავე დროს გეტყვით, რომ უმრავლესობამ საკმაოდ რეალისტური მოლოდინები გამოხატა ICC-სა და მისი საქმიანობის მიმართ. გამოთქმული იყო ასევე უკმაყოფილება პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს ისმებოდა ბევრი კითხვა ICC-ის მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ, თუმცა უფრო მეტად კითხვები ეხებოდა TFV-ის დახმარების მანდატს საქართველოში. სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამეცნიერო წრეები დაინტერესებული არიან უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაციით ICC-ისა და TFV-ის საქმიანობისა და აქტივობების შესახებ საქართველოში, მათ შორის არის კადრებისა და საბიუჯეტო საკითხები, მანდატის ფარგლები, ვადები და სხვა. ადგილობრივი მედია კი დაინტერესებულია გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლით. 

ახალი ამბები