კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა იუსტიციის საბჭოს, განიხილოს მოსამართლე ლეილა მამულაშვილის მიერ საპროცესო ვადების დარღვევა

16 მარტი, 2023
Humanrights.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, მოსარჩელისთვის მეხუთე თვეა, გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია. 2022 წლის 20 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციულ სარჩელს ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP-ს წინააღმდეგ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, განიხილოს მოსამართლე ლეილა მამულაშვილის მხრიდან საპროცესო ვადების დარღვევა. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 257-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა საერთო სასამართლოებში 2017 წლიდან მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება 6 წლის თავზეც არ არის გამოტანილი, რაც გამოწვეულია სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურებით და მოსამართლეთა მხრიდან საპროცესო კოდექსის დადგენილი ვადების დარღვევით.

ადმინისტრაციული სარჩელი ეხება თბილისის ზღვაზე, ე. წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე ახალგაზრდების დახრჩობის ფაქტებს. გარდაცვლილ მოზარდებს შორის არის ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. 

2022 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, არ დააკმაყოფილა  აპელანტ ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს. პალატის განმარტებით, ვინაიდან ადგილზე GWP-ს მიერ უკვე შემოსაზღვრულია ტერიტორია და გამაფრთხილებელი ბანერები განთავსებულია, აღარ არსებობს დავის საგანი მოპასუხე მერიის მიმართ. 

ალეკო ცქიტიშვილი სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე მხარისგან ასევე ითხოვდა კომპენსაციის სახით 50 000 ლარის გადახდას, რომლითაც იგი სამომავლოდ თბილისში გეგმავს ცოტნე ცქიტიშვილის სახელობის პარკურის პარკის მოწყობას. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია თითქმის 5 თვე. მიუხედავად არაერთი მიმართვისა დღემდე არ ჩაბარებია მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. რითაც ილახება მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი.

ბოლო დროს არაერთ საქმეზე ირღვევა დასაბუთებული გადაწყვეტილების  მხარისათვის გადაცემის ვადები, რაც მხარეების  კანონიერ ინტერესს და სწრაფ მართლმსაჯულებას აზიანებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს და არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, საქართველოს იუსტიციის საბჭომ შეისწავლოს გადაწყვეტილების კანონით გათვალისწინებული ვადებში ჩაუბარებლობის მიზეზები და ხელი შეუწყოს პრობლემის გამოსწორებას. 

სარჩელის ისტორია, მოკლედ:

ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის „სიკვდილის ზონა“ თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები წლების განმავლობაში არც ინფორმირებული იყვნენ და წინ არც გადაულახავი ბარიერი ეღობებოდათ. 2017 წელს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. ორმა დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.

თბილისის მერიამ უარი განაცხადა ქალაქ თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რადგან თვლის, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი სასიკვდილო შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი. მან გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თავის მხრივ, ალეკო ცქიტიშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რითაც მას უარი ეთქვა მოპასუხე მხარის მიერ კომპენსაციის გადახდაზე.

ამავე დროს, საინტერესოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, მოპასუხე მხარემ, ფაქტობრივად, დააკმაყოფილა  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა - ადგილი შემოზღუდა მყარი ბეტონის და რკინის მესერით, რომელზეც გააკრა ბანაობის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერები. თუმცა, პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები - ქალაქ თბილისის მერიიდან და GWP-დან ვერ ასახელებდნენ, ვინ განახორციელა ადგილზე ეს სამუშაოები. ერთ-ერთ სხდომაზე კი GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ტერიტორია მათ შემოღობეს. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა.

მიუხედავად ამისა, ქალაქ თბილისის მერია სარჩელის განხილვისას არ აღიარებდა, რომ სწორედ ის იყო ვალდებული, დაეცვა მოქალაქეთა სიცოცხლე და „სიკვდილის ზონა“ შემოესაზღვრა ბარიერებით და გაეკეთებინა გამაფრთხილებელი ბანერები. მოსარჩელე და მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევენ, რომ უკანონოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატის განმარტება, თითქოსდა ვინაიდან ადგილზე GWP-ს მიერ უკვე შემოსაზღვრულია ტერიტორია და გამაფრთხილებელი ბანერები განთავსებულია, აღარ არსებობს დავის საგანი მოპასუხე მერიის მიმართ. შესამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრი მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

ახალი ამბები