კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბექა გრიგორიადისის ინტერესებს რამდენიმე საქმეზე იცავს

13 ივნისი, 2023
 
 Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს 7-8 მარტის აქციის მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. ორგანიზაცია ბექა გრიგორიადისის ინტერესებს დღეისათვის რამდენიმე უფლებადარღვევის ფაქტთან დაკავშირებით იცავს.

ბექა გრიგორიადისი 28 მაისიდან მართავს საპროტესტო აქციას პარლამენტის უკან, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში. თავდაპირველად პოლიცია მას სკვერში კარვის გაშლის უფლებას არ აძლევდა - ყოველგვარი გაფრთხილების და განმარტების გარეშე თავს ესხმოდა და ართმევდა კარავს მაშინვე, როგორც კი მას ჩანთიდან ამოიღებდა. 

პოლიციის მხრიდან ასეთი რამდენიმედღიანი თავდასხმები 31 მაისს ბექა გრიგორიადისის დაკავებით დასრულდა. იგი სწორედ კარვის გაშლისას დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. სასამართლომ საქმე 2 ივნისს განიხილა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარი ჯარიმა შეუფარდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ სასამართლო პროცესზე წარადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბექა გრიგორიადისის დაკავებას უწყვეტ რეჟიმში ასახავს. ჩანაწერში ჩანს, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორს კანონი არ დაურღვევია. მოსამართლემ ეს მტკიცებულება არ გაითვალისწინა. 

შემაშფოთებელია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  პოზიცია, რასაც სასამართლოც, ფაქტობრივად, დაეთანხმა -  კარვის გაშლა როგორც გამოხატვის თავისუფლების ატრიბუტს კი არ წარმოადგენს, არამედ (მუხლი 150) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბექა გრიგორიადისმა იგივე ადგილას - ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში საპროტესტო აქცია განაახლა და კარავიც გაშალა. ამჯერად პოლიციას მისთვის ხელი აღარ შეუშლია და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯების“ საკითხზე მასთან აღარ უდავია.

6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე და  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მონაწილეობით, ბექა გრიგორიადისი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა 1 ივნისს პარლამენტის უკან მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვებების თაობაზე. საგამოძიებო სამსახურს წარედგინა დაკავების უწყვეტი კადრები, სადაც გარკვევით ჩანს პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტება. 

7 ივნისს ბექა გრიგორიადის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადასცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს - ამჯერად ბექა გრიგორიადისს  სოციალურ ქსელში 3 ივნიისს განთავსებული პოსტის გამო ედავებიან. სასამართლო პროცესი დღემდე არ დანიშნულა.

ახალი ამბები