კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ უნდა დაიცვას მოქალაქეები წყალში დახრჩობისგან: ექვსწლიანი დავა

4 დეკემბერი, 2023
მიხეილ გვაძაბია, ნეტგაზეთი
 
თბილისის ზღვაზე 2017 წელს დაღუპული მოზარდის, ცოტნე ცქიტიშვილის მამა ქართული სასამართლოს უკანასკნელ ინსტანციაში დავისთვის ემზადება. ალეკო ცქიტიშვილი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ თბილისის წყალსაცავის კონკრეტულ მონაკვეთზე ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად პრევენციული ღონისძიებების გატარება თბილისის მერიის პასუხისმგებლობა იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ნაწილში ალეკო ცქიტიშვილის საჩივარი დააკმაყოფილა და მერიას სახიფათო ტერიტორიის შემოღობვა დაავალდებულა. მას ასევე დაავალა გამაფრთხილებელი ბანერების განთავსება. თუმცა ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

დედაქალაქის მთავრობა ირწმუნება, რომ ხსენებული ღონისძიებების გატარება მის უფლებამოსილებას სცდება. ალეკო ცქიტიშვილის აზრით კი, ესაა მერიის მცდელობა, თავიდან აირიდოს პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, სხვა მსგავს საქმეებზეც იმოქმედოს ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ.

“სიკვდილის ზონა” თბილისის ზღვაზე

“2015 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მდინარეებში, ტბებში თუ ზღვებში 352 ადამიანი წყალში დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა, მათგან უმეტესობა ბავშვი და ახალგაზრდაა“, — ვკითხულობთ სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის ავტორობით 2018 წელს მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში წყალში დახრჩობით სიკვდილიანობის პრევენციას ეხება.

წყლის ერთ-ერთი ობიექტი, სადაც გასულ წლებში მოქალაქეთა დახრჩობის არაერთი შემთხვევა აღირიცხა, თბილისის ზღვაა. ამ ხელოვნური წყალსაცავის სახიფათო მონაკვეთებს შორის ე.წ. Ჩანჩქერის ტერიტორიას გამოყოფენ: მხოლოდ 2016-2017 წლებში იქ 6 ადამიანის დაღუპვა აღრიცხეს.

2017 წელს წყალში დახრჩობის შედეგად დაღუპულთაგან ერთ–ერთი 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი იყო — ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ვაჟი, რომელიც თბილისის ზღვაში საბანაოდ ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე მოწყობილი კუსტარული პლაჟიდან შევიდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. 1 წლით ადრე იმავე ადგილას დაიღუპა კიდევ ერთი მოზარდი, 14 წლის ნოდარ შამათავა.
ბანერი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ განთავსდა კამპანიის “იცურე მშვიდად” ფარგლებში. კამპანია ალეკო ცქიტიშვილისა და სხვა ადამიანების&ორგანიზაციების ინიციატივით დაიწყო 2018 წელს. ფოტო: Facebook/იცურე მშვიდად

დავა საქალაქო სასამართლოში
როგორც წესი, პოლიცია მსგავსი შემთხვევების გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იწყებს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუ გამოძიებით კონკრეტული პირის/პირების ბრალეულობა არ იკვეთება და დგინდება, რომ მომხდარი — ამ შემთხვევაში, წყალში დახრჩობა - უბედური შემთხვევა იყო, გამოძიება წყდება. ასე მოხდა ალეკო ცქიტიშვილის ვაჟის საქმის შემთხვევაშიც.

“როცა სისხლის სამართლის საქმის დახურვამდე მივიდა საქმე, პოლიციაში მკითხეს, ესე იგი, პრეტენზია არავისთან გაქვსო?” - იხსენებს ცქიტიშვილი.

მას პრეტენზია ორ სუბიექტთან ჰქონდა: თბილისის მერიასთან და წყალმომარაგების კომპანიასთან, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან”(GWP). ეს იმიტომ, რომ ე.წ. ჩანჩქერთან მისასვლელი ტერიტორიის ერთი ნაწილი მერიას ეკუთვნის, მეორე კი - GWP-ს.
“მითხრეს, რომ ეს პრეტენზიები სისხლის სამართლის საქმეს არ ეკუთვნოდა და ადმინისტრაციული წესით უნდა გვედავა ”, -  დასძენს დაღუპული მოზარდის მამა.
ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი ასეც მოიქცა: მან 2017 წელსვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საჩივრით მერიისა და GWP-ის წინააღმდეგ. ცქიტიშვილს 1 წლით ადრე დაღუპული ნოდარ შამათავას დედა, მაკა წიკლაურიც შეუერთდა.

მოსარჩელეები ითხოვდნენ, თბილისის მერიას დაჰკისრებოდა ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე 2.5 მ სიმაღლის ჯებირის აშენება, რათა იქ ადამიანები ვეღარ შესულიყვნენ, ასევე – გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება ბანაობის აკრძალვის შესახებ და ადგილზე სამაშველო სამსახურის საგუშაგოს მოწყობა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მერიისა და GWP-ის მიერ მოსარჩელეთა მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით.

ზემოხსენებული ანგარიშის თანახმად, ეს საქმე იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოს სასამართლომ წყალში დახრჩობით გარდაცვალების ფაქტი განიხილა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში - რომელიც ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვას გულისხმობს - და იძულებული გახდა, გამოერკვია შემთხვევის ადგილის მიმართ კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის საკითხი.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე ნათია ბუსკაძე თავად გავიდა შემთხვევის ადგილზე და დათვალიერების შედეგად დაასკვნა, რომ ადგილზე გამაფრთხილებელი ბანერი განთავსებული არ იყო და სახიფათო ტერიტორიაზე მოხვედრა ყველას შეეძლო, ვინაიდან ის სათანადოდ არ ყოფილა შემოსაზღვრული.

სასამართლო დავის პერიოდში საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მიღებული კანონქვემდებარე აქტი “წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ“. აქტმა, რომლის მიღებასაც მთავრობას კანონი ავალდებულებს, რიგი საკითხები, მათ შორის ამ სფეროში შესაბამის ორგანოთა კომპეტენცია უნდა განსაზღვროს.

თბილისის მერია სწორედ ამ ნორმატიული აქტის არარსებობის ფაქტს იშველიებდა. ის დასძენდა, რომ არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი ნორმა, რომელიც დაადასტურებდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, განეხორციელებინა მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ღონისძიებები. ქალაქის მთავრობა ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ღონისძიებები სცილდება მერიის კომპეტენციას.

აქცია თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე. 2019 წ. ფოტო: Facebook/იცურე მშვიდად

პირველ ინსტანციაში საქმის განხილვა 2 წელიწადს გაგრძელდა და ცქიტიშვილი-წიკლაურის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით დასრულდა: კერძოდ, მოსამართლე ნათია ბუსკაძემ მერიას ტერიტორიის შემოღობვა და ამკრძალავი ბანერების განთავსება დაავალა.

სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიაზე, ასევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე, რომელთა თანახმადაც, თვითმმართველობის ერთეული უფლებამოსილია, კანონმდებლობის დაცვით, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას.

“განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა მოცემულ ეტაპზე ცალსახად არ აკისრებს ვალდებულებას კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოს აღკვეთის ღონისძიებათა გატარების მიზნით, ამასთან, საფრთხე ექმნება სწორედ აღნიშნული ტერიტორიით მოსარგებლე პირებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოს წარმოეშობა უფლებამოსილება, დაარეგულიროს ეს საკითხი”.

სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების განუხორციელებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობის სიცოცხლის უფლების ხელყოფა და ტრაგიკულ შემთხვევათა ოდენობის ზრდა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება წარმოშობს მისსავე ვალდებულებას, ეფექტურად გაატაროს მისი იურისდიქციის ფარგლებში საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებები და არ დაელოდოს აღმასრულებელ ხელისუფალთა მხრიდან საკანონმდებლო დონეზე აღნიშნულის რეგულირებას, მით უფრო იმ პირობებში, როცა საკანონმდებლო დონეზე რეგულირება დროში გაჭიანურებულია”, — თქვა სასამართლომ.
თბილისის საქალაქო სასამართლო 

მეორე მხრივ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილზე მაშველთა საგუშაგოს მოწყობის მოთხოვნა და დასძინა, რომ მაშველები საჭირონი არიან იმ ადგილებზე, სადაც შესვლა ნებადართულია.

ამასთან, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. პირველმა ინსტანციამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავს მოპასუხეთა “უმოქმედობასა” და მოზარდების დაღუპვას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას.

“მოპასუხეთა შვილების გარდაცვალება წარმოადგენს უბედურ შემთხვევებს, რაც გამოწვეულია ცურვის არცოდნის პირობებში ღრმა წყალში შესვლით.

მასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, მართალია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე პრევენციული ზომების გატარება, თუმცა აღნიშნული, მსჯელობიდან გამომდინარე, ვერ გახდება მოსარჩელეთათვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი”, - თქვა პირველმა ინსტანციამ.

დავა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლოში დავა თბილისის მერიამაც განაგრძო და ალეკო ცქიტიშვილმაც.
ცქიტიშვილი ითხოვდა, სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც დაკმაყოფილებულიყო. მისი ინტერესების დამცველები არ იზიარებდნენ სასამართლოს პოზიციას მერია/GWP-ის მოქმედებებსა და მოზარდების დაღუპვას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობის შესახებ.

“[ზიანის ანაზღაურების ნაწილში] სასამართლო რატომღაც დაეყრდნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ძალიან ცუდი პრაქტიკაა, Როდესაც ასეთ შემთხვევებში საქმეს აღძრავენ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამ მუხლის სახელიც კი გვეუბნება, რა ფარგლებში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) იურისტი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ალეკო ცქიტიშვილის ინტერესებს იცავს.
ნესტან ლონდარიძე. ფოტო: FB გვერდიდან 

თავის მხრივ, მერიასა და GWP-ის სურდათ, გაუქმებულიყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მუნიციპალიტეტს ღობის აშენება და ბანერების განთავსება დაევალა.

მერიის არგუმენტები იგივე იყო, რაც მანამდე: ის აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა იყოს. ამასთან, ქალაქის მთავრობა ამბობდა, რომ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია სხვა მსგავს ობიექტებთან შედარებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია და სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებები უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას.

მიუხედავად მერიის ცალსახა პოზიციისა, 2021 წელს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარედ კაპიტალური მესერიც დაამონტაჟეს და ზედ გამაფრთხილებელი ბანერებიც მიამაგრეს ისე, როგორც ამას მოსარჩელე ითხოვდა. გაჩნდა კითხვა: თუ მერია მსგავს შემთხვევებში თავის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა, მაშინ ვინ და რატომ შეასრულა ხსენებული სამუშაოები.
 მესერი და გამაფრთხილებელი ნიშნები თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარედ

ნესტან ლონდარიძის თანახმად, პროცესზე მერია და GWP თავდაპირველად არ ასახელებდნენ, ვინ განახორციელა ადგილზე ეს სამუშაოები. მისი ცნობით, მოგვიანებით, ერთ-ერთ სხდომაზე, GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის “თხოვნით” ტერიტორია მათ შემოღობეს.

“მერიის წერილი საქმეში დევს, სადაც მერია ეუბნება GWP-ს, რომ გავიგეთ, თქვენ თქვენი ნაპირის მოწესრიგებას აპირებთ და რახან თქვენს ნაწილს აწესრიგებთ, ბარემ ჩვენი ნაწილიც გააკეთეთო”, — აღნიშნავს ლონდარიძე.
“როგორც პროცესზე თქვეს, არ ევალებოდათ, მაგრამ კეთილი ნება გამოიჩინეს და ეს კაპიტალური ნაგებობა – მესერი გააკეთეს”, — ამატებს ალეკო ცქიტიშვილი.
წერილი, რომლითაც მერიამ GWP-ს სთხოვა, შემოღობვის სამუშაოების პროცესში მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთიც გაითვალისწინოს 

საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დავა მერიის სასარგებლოდ გადაწყვიტა: მან ერთ-ერთ გარემოებად მიუთითა, რომ “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონით განსაზღვრულია კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულება წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ. ეს საქმე ჯერ შსს-ს ებარა, შემდეგ — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ბოლოს კი — საქართველოს მთავრობას.

ჩამოთვლილ უწყებებს შორის არ არის თბილისის მუნიციპალიტეტი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ “აღნიშნულ ნაწილში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება შეზღუდული გახლავთ” და საკითხის გადაწყვეტა “საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს უფლებამოსილებას”.

“ამრიგად, პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს…” — აღნიშნა სასამართლომ.

მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ სასამართლო პროცესის ამ ეტაპზე ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია უკვე იყო შემოღობილი და დამონტაჟებული იყო გამაფრთხილებელი ბანერებიც და დავის საგანიც აღარ არსებობდა.
მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციომ გაიზიარა პირველი ინსტანციის პოზიცია და მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა არ დააკისრა.

სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის ოქტომბერში მიღებული ეს გადაწყვეტილება მოსარჩელე ალეკო ცქიტიშვილს მხოლოდ 2023 წლის ივლისში ჩააბარა.

საკასაციო საჩივარი
ალეკო ცქიტიშვილი და მისი ინტერესების დამცველი მიიჩნევენ, რომ სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთების გარეშე გააუქმა. ისინი არ ფიქრობენ, რომ ტერიტორიის შემოღობვითა და იქ ბანერების დამონტაჟებით სამართალი აღსრულდა იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლომ მერიას ეს ვალდებულება მოუხსნა.

“მერია და GWP ამბობდნენ, რომ [სამუშაოები] კეთილი ნება იყოო. ანუ, არ ცნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას და მოსამართლემ ამ აბსურდს ხელი შეუწყო. ის, ფაქტობრივად, დაეთანხმა მათ, რომ ამ “კეთილი ნებით” დასრულდა ეს დავა”.

“მერიამ დაიბანა ხელები. რაც გვეწერა სარჩელში, დააკმაყოფილეს, ოღონდ ისე კი არ წარმოაჩინეს მერიის იურისტებმა, რომ ჩვენი სარჩელის შედეგად მოხდა იმ ნაგებობების გაკეთება, არამედ, ეს იყო კეთილი ნება, რომელიც გამოიჩინეს. Ჩვენ მადლობა უნდა გვეთქვა მათთვის თურმე”, — დასძენს ალეკო ცქიტიშვილი.

ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამუშაოები სწორედ მოსარჩელის ძალისხმევისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგებია, მაგრამ სააპელაციოს მოსამართლემ ეს გარემოება “მსჯელობის მიღმა დატოვა”.

სააპელაციო დავის მიმდინარეობისას მოხდა კიდევ ერთი რამ: არა მხოლოდ ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, არამედ თბილისის ზღვის მთელ პერიმეტრზე, ყოველ 100 მეტრში, ცურვის ამკრძალავი ბანერები დაამონტაჟეს. მედიასთან საუბრისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თქვა, რომ “ეს პროექტი დედაქალაქის მერიამ განახორციელა, რადგან, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ზღვაზე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა”.

თუ მერია ფაქტობრივად ასრულებს მოთხოვნას, რომელსაც აქტივისტები წლების მანძილზე ახმიანებდნენ, მაშინ რატომ დავობს ის სასამართლოში? ცქიტიშვილის თქმით, მერიას არ სურს, მის წინააღმდეგ იარსებოს პრეცედენტულმა ვერდიქტმა, “რადგან ეს სხვა მსგავს საქმეებზე ავტომატურად გამოიწვევს დაზარალებულთა სასარგებლოდ საქმეების გადაწყვეტას”.

“პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარება გამოიწვევდა მთელი იმ აბსურდული პრაქტიკის შეცვლას, რომლის პირობებშიც ასეთი შემთხვევის გამოძიებისას პოლიცია მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს გამოძიებას და არ მუშაობენ იმ მიმართულებით, თუ რომელი უწყება თუ კომპანიაა პასუხისმგებელი. იმიტომ ასაჩივრებენ, რომ ეს პრეცედენტი არ დაუშვან”, — აღნიშნავს ის.

ბანერი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ განთავსდა კამპანიის “იცურე მშვიდად” ფარგლებში. ფოტო: Facebook/იცურე მშვიდად

“ნეტგაზეთმა” თავად თბილისის მერიას ჰკითხა, როგორ უპასუხებდა მოსარჩელეთა მოსაზრებას და რა არის მისი მხრიდან სასამართლოში დავის მიზანი, რომლის პარალელურადაც ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე ღობეც დამონტაჟდა და გამაფრთხილებელი ბანერებიც. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხები საჯარო ინფორმაციის სახით უნდა გამოგვეთხოვა. უწყებაში შესაბამისი თხოვნა უკვე გაგზავნილია და პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამჟამად ალეკო ცქიტიშვილსა და მისი ინტერესების დამცველს საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში აქვთ წარდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ინსტანცია სააპელაციოს გადაწყვეტილებას გაიზიარებს, ისინი დავის გაგრძელებას სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში აპირებენ.

HRC-ში აღნიშნავენ, რომ სტრასბურგში სახელმწიფოს სასარგებლოდ ვერ იმოქმედებს ფაქტი, რომ მან წლობით გადადო წყალზე ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

“ესაა არგუმენტი იმისა, რომ არც თბილისის მერია და არც რომელიმე სხვა სტრუქტურა სახელმწიფოში არ იცავს ადამიანის და, მით უმეტეს, არასრულწლოვნების უსაფრთხოებას”, — დასძენს ნესტან ლონდარიძე .

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის – „კამპანია „იცურე მშვიდად“ – წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენცია“ ფარგლებში. პროექტს და კამპანიას 2018 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.

ახალი ამბები